17.02.2021
კატეგორია : განცხადებები;
16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში".
ამავე დღეს, პარლამენტის ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ ცილისწამების შესახებ კანონის მიღება მოითხოვა.
17 თებერვალს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "პარტიულმა ტელევიზიებმა ბილწსიტყვაობის დამკვიდრება სერიალებიდან დაიწყეს, რითიც საზოგადოების "ყური შეაჩვიეს" ენის შეურაცხყოფას".
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, თანამდებობის პირების მხრიდან მედიის მისამართით გაკეთებულმა მსგავსმა განცხადებებმა, შესაძლოა, წაახალისოს ძალადობა ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.