ირაკლი აბსანძის გათავისუფლება შესაძლოა მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს
13.08.2021

კატეგორია : განცხადებები;
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ტოვებს აღქმას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეიძლება იყოს.

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე საავტორო გადაცემის „კვირის ინტერვიუ“ წამყვანი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. ოფიციალური მიზეზი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში/არაერთგზის დარღვევაა.

ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებდა მათ შორის 5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბურ ძალადობას და ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას. ირაკლი აბსანძე აკრიტიკებდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სადავო ჟურნალისტურ გამოძიებას დავით გარეჯთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართეს და წამყვანის გათავისუფლება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნა გაჟღერდა „ალტ-ინფოს“ მიერ 2021 წლის 12 ივლისსაც. ამ დღეს ჟურნალისტი მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციასთან დაპირისპირებისას ის დროებით დააკავეს, რა დროსაც პოლიციამ მას ხელი მოტეხა.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები მის დასაცავად.
ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებულ მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ღია საზოგადოების ფონდი OSGF

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.