კატეგორია : განცხადებები;
2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, რომელიც 16 სექტემბერს გარდაიცვალა. სროლის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ” დაუფარავი სახით პირდაპირ ეთერში გაუშვა. ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი ინტერესის არსებობით ახსნა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.
მედიამ უნდა იფიქროს რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახზე მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.
ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან. უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან.