კატეგორია : განცხადებები;
ქარტიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თქმით, მათთვის არ უჩვენებიათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ მისცეს საშუალება, გაეშუქებინათ სხდომა, რომელზეც საკრებულო კასპის 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდა.
ვიდეოში, რომელიც დარბაზში საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაიღეს და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, ისმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შეზღუდვის მიზეზად კოვიდრეგულაციებს ასახელებს, რასაც იქვე მოჰყვება პროტესტი. ტელეკომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, საკრებულოს წევრებს ჟურნალისტებთან ეს მიზეზი არ დაუსახელებიათ და არც კოვიდ ბარათები მოუთხოვიათ.
საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და მედიას მათზე დასწრებისა და გაშუქების უფლება აქვს.
ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს, მედიას შეეზღუდოს ეს კანონიერი უფლება, საზოგადოებამ კი ვერ მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ახლა თვითმმართველობის ორგანოებში ვითარდება.
ბოლო პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გახშირდა. მაგალითად, საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგებზე, 2021 წლის 22 ნოემბერსა და 8 დეკემბერს, მედიასაშუალებების ნაწილი არ შეუშვეს. მსგავსი მიდგომა ჰქონდა მედიის მიმართ 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროსაც.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის შესახებ.