საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ლია ჩახუნაშვილი აირჩიეს
30.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლია ჩახუნაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე მარიამ გოგოსაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.

ქარტიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა ადამიანმა გამოხატა. ნაწილის განცხადებები არასრული იყო. საბოლოოდ, საბჭო ორ კანდიდატს გაესაუბრა - ნოდარ სირბილაძეს და ლია ჩახუნაშვილს. საბჭოს 9 წევრმა მხარი დაუჭირა ლია ჩახუნაშვილს.

ლია ჩახუნაშვილმა 15 წლის განმავლობაში იმუშავა საქართველოში USAID-ის მიერ მხარდაჭერილ მედიის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე, რომელთაც IREX ახორციელებდა, პროგრამის ხელმძღვანელის და ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციებზე. სხვადასხვა დროს წვლილი შეიტანა ამავე სფეროში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (BBC World Service Trust, MDLF, IREX Europe) საქმიანობაში, როგორც პროგრამის დირექტორმა, კონსულტანტმა და მრჩეველმა. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

ლია ჩახუნაშვილმა ჟურნალისტური განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ).

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.