სალომე გოგოხიას წერილი ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
08.01.2024

ინტერესით ველოდი ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ქარტიის პირველი პრინციპი არ დამირღვევია. რეპორტაჟზე მუშაობისას მოვუსმინე ყველა მხარეს, ვისაც პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდა გარდაცვლილი არასრუწლოვნის საქმესთან. მაყურებელს სწორედ მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია მივაწოდე. ჟურნალისტი მოსამართლე არ არის, რომ საქმეზე ჭეშმარიტება და სიმართლე დაადგინოს.  მთავარია  მიკერძოებული არ იყოს რომელიმე მხარის მიმართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მხარის მიმართ მიკერძოებული არ ვარ. მე გავაშუქე მომხდარი ფაქტი, ვიკვლევდი მიზეზებს რატომ მოხდა ეს ტრაგედია, რა სისტემური პრობლემები არსებობს, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება და რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე, რომელიც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს, ბავშვები და მათი ოჯახები არ აღმოჩნდნენ. დიახ, სწორედ გარდაცვლილის ინტერესებს ვიცავდი,  რომლის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა ევალებოდა ყველას.  მათ შორის, სკოლას და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებს.  მათ კი ეს ვერ უზრუნველყვეს. ცნობილია, რომ გოგონა  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე ორი წლის განმავლობაში ბაბუა ძალადობდა. ცნობისთვის, ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა, მაგრამ ბავშვის ჩვენება გახდა ბრალის წარდგენის მთავარი საფუძველი.  (სასამართლომ ბაბუას 16 წელი მიუსაჯა).  ამით იმის თქმა მსურს, რომ როცა საბჭო ადგენს თითქოს ჩემს რეპორტაჟში არ იყო ბულინგის დამადასტურებელი მტკიცებულება და გარდაცვლილის მამის ნაამბობი სარწმუნოდ საკმარისი არ აღმოჩნდა,  ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ, გადაწყვეტილება ზედაპირულია.  არადა პრობლემა ღრმა არის. თუკი ბულინგის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს,  ჟურნალისტს დადასტურებლად ვერავინ ჩაეწერება, ხოლო ბრალდების ადრესატი/ადრესატები ფაქტს უარყოფენ, ამიტომ ამბავი არ გავაშუქოთ? მივჩქმალოთ? არსებული პრობლემები არ გამოვავლინოთ? ხელი დავაფაროთ შესაძლო დამნაშავეებს? და ამით დაზარალებული კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს? გამოდის, რომ საბჭო ამ გადაწყვეტილებით პოტენციურ მსხვერპლებს ეუბნება, რომ თუ მათ არ გააჩნიათ შესაბამისი მტკიცებულებები, ხმის ამოღება უშედეგოა, იმთავითვე წაგებულ ბრძოლაში ერთვებიან?! ამით რა შედეგამდე მივალთ? - კიდევ უფრო წავახალისებთ მოძალადეებს, მსხვერპლები კი, რომლებსაც ზოგჯერ წლები სჭირდებათ გამბედაობის მოსაკრებად, რომ მოძალადის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, კიდევ უფრო უარესად დაშინდებიან. მათ ამით ვუკლავთ იმედს, რომ მიიღონ საზოგადოების მხარდაჭერა.

ვთვლი, რომ ბულინგის თემა აქტიურად უნდა შუქდებოდეს მედიის მიერ, რადგან მწვავედ დგას სკოლებში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბულინგის იდენტიფიკაცია რთულია. ხშირად მთავარ ბულერად გვევლინება მასწავლებელი, ხოლო ირიბ ბულერებად მოსწავლეები. (კონკრეტული მაგალითები მაქვს, თუმცა, ეს თეკლას საქმესთან შემხებლობაში არ არის). ამით იმის თქმა მინდა, რომ  ხშირ შემთხვევაში ბულინგი შეიძლება ზედაპირზე არ ჩანდეს. მისი გამოვლენა რთულია. ამ დროს ნაკლებად ან თითქმის არ არსებობს  მტკიცებულებები, ამას  გვიდასტურებენ პრაქტიკოსი იურისტებიც. თუმცა, მახვილ თვალს არ გამოეპარება ის სიმპტომები, რაც ბულინგის მსხვერპლს თან სდევს - ბავშვი მოწყენილია, დაღვრემილი, ცუდად ჭამს, ცუდად სძინავს, აქვს შიში, შფოთვა, მენტალური ჯანმრთელობა ირყევა ანუ ქცევაში მკვეთრი ცვლილებები ვლინდება - რაც თეკლას შემთხვევაში სახეზე იყო. სკოლის, მშობლის ცნობით ბავშვი ფსიქოლოგთან დაჰყავდათ. გარდაცვლილის თანასკოლელებიც გვიამბობდნენ, რომ გოგონა გაკვეთილებზე ცუდად ხდებოდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა, პანიკური შეტევები ეწყებოდა, საგაკვეთილო პროცესიდან სკოლის ექიმთან მიჰყავდათ. სწორედაც რომ სკოლის ექიმთან შეხვედრა ვთხოვე დირექტორს ბატონ დანდურიშვილს, რაზეც მან უარი თქვა. შეუძლებელი აღმოჩნდა სკოლის ექიმის ჩანაწერების ნახვაც, რომელიც ამ კითხვებს უპასუხებდა. დირექტორმა ამ თხოვნაზეც უარით გამისტუმრა. 

სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში არ არსებობს ანტიბულინგური პროგრამები, რომელიც დაეხმარება სისტემას დანერგოს ისეთი ნორმები, რაც ბულინგის გამოვლენას დაეხმარება და  ეფექტური რეაგირების მექანიზმები იარსებებს. მეტიც, სკოლების უმრავლესობა ჩაკეტილია, მშობლები ხშირად ვაწყდებით წინააღდეგობას სკოლის მხრიდან, როცა გვინდა ჩავრთოთ სხვადასხვა ორგანიზაციები თუ მანდატურის სამსახური, რომლის ქვემდებარეა ფსიქოლოგის სამსახური. მათ შეუძლიათ სკოლებში ჩაატარონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები, ბავშვების ცნობიერების დონე აამაღლონ, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგების ჯგუფმა ბავშვებთან იმუშაონ. ამ გზით მოსწავლეებს აუხსნიან რა არის ბულინგი, არ დაჩაგროს სხვა, ჰქონდეს განსხვავებულის მიმღებლობა. პრობლემა სისტემურია, კომპლექსური. საჭიროებს აქტიურ გაშუქებებს მედიის მხრიდან, რადგან საქმე ეხება ბავშვებს, მათ ფსიქიკას და მომავალს.

რაც შეეხება მე-11 პრინციპის დარღვევას, ამ ნაწილში მიმაჩნია, რომ არ დამირღვევია არასრულწლოვნების ინტერესი, რადგან სიუჟეტში მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია, ბავშვები გადაღებულია ზურგიდან, მათი სახეები დაფარულია, ხმები შეცვლილი. ამიტომ ვთვლი, რომ ამ ნაბიჯით რომელიმე ბავშვის ინტერესი არ დამირღვევია.  არც ზიანი მივაყენე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.