კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2024 წლის 23 იანვარს „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადია. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, სწორი კვალიფიკაცია მისცენ ამ ძალადობრივ ქმედებას და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, რათა მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.