კატეგორია : განცხადებები;
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 14 მარტს, ბათუმში, ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ტვ25-ის ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს გერა კილაძეს მშენებლობაზე დასაქმებულმა რამდენიმე პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დაცვის თანამშრომელმა, დამატებით, ოპერატორისთვის კამერის წართმევაც სცადა.
„ოცნების ქალაქში“ კორპუსის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა მასში ჯერ არავინ შეუსახლებიათ. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახები ახალსახლობას მოუთმენლად ელოდებიან. პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრი ახორციელებს.
TV25-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ, სავარაუდოდ, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანი, გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლის მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით. კადრებიდან ჩანს ისიც, რომ გადამღები ჯგუფი ღია, საჯარო სივრცეში მუშაობს. ეს ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული სამშენებლო ღობით, იქ არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნები და ამ ტერიტორიაზე თავად დასაქმებულები და დაცვის თანამშრომელი დამცავი საშუალებების გარეშე გადაადგილდიან, რაზეც მათ მიუთითებს კიდეც ჟურნალისტი.
გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, 15 მარტს, TV25-ის ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს.
ქარტია საზოგადოებას შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია (მუხლი 154), ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, რომ ინციდენტი დროულად გამოიძიოს.