ქარტია ტელეკომპანია „იმედს“ მოუწოდებს, უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები საზოგადოებრივი აზრის მანიპულიციისთვის არ გამოიყენოს
08.05.2024

კატეგორია : განცხადებები;

ტელეკომპანია იმედი“, For.ge-ზე დაყრდნობით, თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელთა ავთენტურობაც დადასტურებული არ არის და საზოგადოებას ამ ინფორმაციას როგორც უტყუარ ფაქტს ისე აწვდის. ჩანაწერები რუსული კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების და აქტივისტების სავარაუდო საუბარს ასახავს

ამგვარი ქმედებით ტელეკომპანია იმედი არღვევს ინფორმაციის სიზუსტის პროფესიულ სტანდარტს, უპატივცემულობას იჩენს აუდიტორიის მიმართ და გამიზნულად შეჰყავს ის შეცდომაში.

ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველთვის პრობლემური იყო. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა, როდესაც მმართველმა პარტიამ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არაერთხელ გამოიყენა პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ ორი დღეა, მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული კანონის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატეს, მათ  შორის, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, უცხო ნომრებიდან უკავშირდებიან, ისეთი დეტალებით, რაც, გარეშე პირებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ემუქრებიან და სიტყვიერ  შეურაცხყოფას აყენებენ. კამპანიურობა და საუბრების შინაარსი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პერსონალური ინფორმაცია ამ პირებმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიიღეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია იმედს“, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს და, შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ფარულ ჩანაწერებს, არ გამოიყენოს ისინი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის და  „ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების და აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციისთვის

ქარტია მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს როგორც მედია საშუალებებების მიერ პირადი მონაცემების გასაჯაროების ფაქტებით, ასევე, იმით, თუ როგორ აღმოჩნდა აგრესიული ჯგუფების ხელში მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია, რაც მათ ამ მოქალაქეების შესავიწროებლად გამოიყენეს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.