საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ საინფორმაციო საიტ ,,bpn“-ის ჟურნალისტის, ნინი ქეთელაურის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო. სადავო მასალა ასევე გაავრცელეს სხვა მედიებმა: ,,ამბები.ge” ,,კვირის პალიტრა“, ,,M2B” და ჟურნალი ,,გზა“. სადავო მასალა 2024 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა.
განმცხადებლები არიან: შორენა ლობჟანიძე, ნანა ხომასურიძე და ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარე, მარინა ბერსენაძე-კაციტაძე.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა მასალა სათაურით „აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი“ არარელევანტურ არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა და გამოაქვეყნა. ხოლო სხვა მედიასაშუალებებმა ეს ინფორმაცია გადაუმოწმებლად გამოაქვეყნეს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.