ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ტვ მონიტორინგის ჟურნალისტებზე თავდასხმის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს
25.07.2024

კატეგორია : განცხადებები;

ტვ მონიტორინგის ცნობით, დღეს, 25 ივლისს, ამ რეგიონული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს დიდუბის ავტოსადგურში თავს დაესხნენ პირები, რომელთაც მგზავრებში ტვ მონიტორინგის ეთერში 23 ივლისს გასული კრიტიკული რეპორტაჟის ავტორები ამოიცნეს. რეპორტაჟში გორი თბილისისა და თბილისი-გორის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული მძიმე ვითარება იყო აღწერილი. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს მგზავრობის საშუალება არ მისცეს და თავიდან სიტყვიერად, ხოლო შემდგომ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. ბექა პირველს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თავის არეში, ხოლო შოთა სადაღაშვილს ხელი აქვს ნაღრძობი. ბექა პირველს ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა. ის „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თავს ცუდად გრძნობს და ფეხზე დამოუკიდებლად ვერ დგება. ბექა პირველმა დაპირისპირების ამსახველი მოკლე ვიდეოს გადაღება შეძლო, სანამ მასზე ფიზიკურად იძალადებდნენ. ამ ვიდეოს დახმარებით საგამოძიებო სამსახურებს მოძალადეთა იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეთ.

 

შოთა სადაღაშვილი იმყოფებოდა გასაუბრებაზე დიდუბის რაიონის პოლიციაში, საიდანაც ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაამისამართეს. „მთავარი არხის“ ცნობით, ამ უწყებას დაწყებული აქვს გამოძიება რამდენიმე დღის წინ, გორში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც ამავე რეპორტაჟზე მომუშავე ბექა პირველსა და  შოთიკო სადაღაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

„მედიაჩეკერს“ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუდასტურა, რომ მათ ინციდენტის მონაწილე ორივე მხარე უწყებაში გასასაუბრებლად დაიბარეს.

 

ქარტია საზოგადოებას და თანამდებობის პირებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტიკის დანიშნულება მოვლენების კრიტიკული თვალით შეფასება და მანკიერებების დღის სინათლეზე გამოტანაა. დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია ჟურნალისტების დევნა და მათზე ანგარიშსწორება ჟურნალისტურ  ნამუშევრებში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინცინდენტის სასწრაფოდ გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.