ქარტიის წევრთა საერთო კრების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდება
15.08.2024

კატეგორია : განცხადებები;

2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება. კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ და თავისი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა განაგრძოს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით.

 ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას  ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.

რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.