საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ნენე დალაქიშვილმა განცხადებით მომართა “იმედის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მედიაპროდუქტი 24 აგვისტოს “იმედის” ფეიბუქ გვერდზე გამოქვეყნდა “ქარდის” სახით, რომელშიც განმცხადებელი - “ფორმულას” პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი, მოხსენიებულია “ნაცმოძრაობის აქტივისტად”.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
განმცხადებლის განმარტებით, მცდარია მისი “ნაციონალების აქტივისტად” მოხსენიება, აგრეთვე დამახინჯებულია მისი ფეისბუქ სტატუსის კონტექსტი, რამაც მის მიმართ ნეგატიური კომენტარები გამოიწვია და რაც მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მოპასუხე მედია საშუალებამ ქარტიის სამდივნოს არ აცნობა სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების/რედაქტორების ვინაობა. შესაბამისად, სადავო მასალაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტად განისაზღვრა “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.