საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ შემთხვევების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს
26.10.2024

კატეგორია : განცხადებები;

დღის განმავლობაში არჩევნების გასაშუქებლად საარჩევნო უბნებზე მისულ ჟურნალისტებს თავს ბევრგან დაესხნენ ადგილზე მობილიზებული უცხო პირები. შემთხვევათა სიმრავლე და მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ჟურნალისტთა დაზიანების და დაშინების მიზნით ორგანიზებული ქმედებები. ზოგიერთ ადგილას ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში დაბრკოლებას უქმნიდნენ საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

ასევე, გაირკვა, რომ არჩევნების გასაშუქებლად საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი ევროპელი ჟურნალისტი.

10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.

 

10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.  

 

რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. 

 

შუადღის 2:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც  უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.

 

OC Media-ს ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი. დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, უარის საფუძვლად მითითებულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანალოგიური საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს ჩეხ/ბრიტანელ ჟურნალისტს რეი ბეისლის, რომელსაც არჩევნები უკრაინული გამოცემის, Kiyv Independent-ის, აუდიტორიისთვის უნდა გაეშუქებინა.

 

ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის მოქალაქეები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.