ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად გმობს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს
03.12.2024

კატეგორია : განცხადებები;

2-3 დეკემბრის ღამეს, ერთი ჟურნალისტი და 2 ოპერატორი დაშავდა, მუშაობაში ხელი შეუშალეს და ტელეფონი გასტაცეს ერთ ჟურნალისტს.

 

1-2 დეკემბრის ღამეს 7 ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი დაშავდა.

 

2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ორი ფოტორეპორტიორის შესახებ, რომლებიც 30 ნოემბერს დაშავდნენ.

 

2-3 დეკემბრის ღამე

 

ნინო რამიშვილი, „სტუდია მონიტორის" ჟურნალისტი. ნინო რამიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს: „რა თქმა უნდა მეკეთა ბეიჯი და მქონდა არაერთი ნიშანი პრესის, ასევე ვუთხარი რომ ვარ ჟურნალისტი და ვანახებდი პრესკარტას, მაგრამ მთხოვდნენ ვიდეოს წაშლას, ბოლოს კი გაიტაცეს ტელეფონი. შემდეგ კი რჩევად დააყოლეს წადი სახლშიო".

 

„პირველი არხის“ ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი თეო ხუბულავა და ოპერატორები ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ გაზის კაფსულების გამოყენების დროს დაშავდნენ. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა.

 

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მისი ოპერატორი [გივი მჭედლიშვილი] დაშავდა და დახმარება სჭირდება.

 

1-2 დეკემბრის ღამე:

“რუსთავი 2”

        გიორგი ნერგაძე, ოპერატორი. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა. ნერგაძეს სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილზევე გაუწიეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

        თამთა ჩიტიშვილი, ჟურნალისტი. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. ჟურნალისტი, რომელმაც ფეხის არეში მიიღო დაზიანება, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„TV პირველი“

        ნიკო კოკაია, ოპერატორი. „TV პირველის“ ინფორმაციით, მას პირველადი დახმარება დასჭირდა.

        „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.

„პუბლიკა“

        ნათია ამირანაშვილი, ჟურნალისტი. გამოცემის „პუბლიკა“ ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი კედელზე მიანარცხეს, რა დროსაც გააგდებინეს ტელეფონი.

„მაუწყებელი“

        გიორგი ჩაგელიშვილი ჟურნალისტი. „მაუწყებლის“ ინფორმაციით, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს უკანონდ დააკავეს გამოცემის ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი. როგორც „პუბლიკა“ წერს, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.

OC Media

        მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი. ნიკურაძე წერს: „კიდევ ერთი კამერა დამიზიანდა :)) მაკავებდნენ ცრემლსადენი გაზის ბუღში. ჟურნალისტი ვარ-თქო, გამიშვა და მიმახეთქა კედელს კამერიანად. საბედნიეროდ, მარტო ეკრანი დაზიანდა“.

„მედია აპრილი“

        გიორგი ბასხაჯაური, ჟურნალისტი. „მედია აპრილის“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. „ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ“, - წერს „მედია აპრილი“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“

 მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი. „პირველმა არხმა“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი თანამშრომელი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გაშუქებისას დაშავდა, 1 დეკემბერს გაავრცელა. ფოტორეპორტიორს სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზევე გაუწია. 2 დეკემბერს მირიან მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ  მოხდა. 

 

მელაძე ვარაუდობს, რომ ფეხში სამართალდამცველების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა. მან „ნეტგაზეთს“ უთხრა: „დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმმა მითხრა, თქვა, რომ რეზინის ტყვიის შედეგად მიყენებულ დაზიანებას ჰგავს. ჩემთან ერთად IPN-ის ფოტოგრაფიც იყო და იმასაც იგივე დაუდასტურა. ჩემი გადაადგილების მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, [ტყვია] პოლიციის მხრიდან მაქვს მოხვედრილი და არა — აქციის მონაწილეების“.

„ნეტგაზეთისვე“ ინფორმაციით, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფი ვანო გორგიშვილიც დარწმუნებულია, რომ დაზიანება სამართალდამცველების მხრიდან მიიღო. მისი თქმით, „ფიზიკურად შეუძლებელია, სხვა ტრაექტორია ყოფილიყო. ხალხისგან უკვე შენობა გვეფარებოდა“.

 

30 ნოემბრის დილის 2-3 საათზე „მერიოტთან“ შეჯგუფებულ მედიას წყლის ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს რეზინის ტყვიები. მირიანს ოთხი მოხვდა. მე, საბედნიეროდ, ერთი პატარა და მუხლთან. ჩემი შედარებით არაფერია“, წერს ვანო გორგიშვილი.

“ტვ პირველის” ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბერს აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაზიანდა მათი სამაუწყებლო აპარატურა, მათ შორის, პირდაპირი ტრანსლაციის კამერა, რომელიც გამოსაყენებლად უვარგისია. ტელეკომპანიის ცნობით, ეს არ არის პირველი  შემთხვევა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი მათი სამაუწყებლო აპარატურის დაზიანებას ცდილობს, რათა “ტვ პირველს” პირდაპირი ეთერის სიგნალი გაეთიშოს და მოვლენების ეპიცენტრიდან მაუწყებლობა ვეღარ შეძლოს. 

30 ნოემბერს ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, ხელი ჰკრა ჟურნალისტ ფიოდორ ხუდოკორმოვს. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.