კატეგორია : განცხადებები;
6 დეკემბერს, გამთენიისას, მუშაობაში ხელი შეუშალეს გამოცემის „პუბლიკა“ ჟურნალისტებს ნათია ამირანაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს, რომლებიც სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდნენ. გამოცემის გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ითხოვენ პოლიციელები მათგან ტერიტორიის დატოვებას. ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა.
6 დეკემბერს შუადღისას, გამოცემის “პუბლიკა” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა, უცნობი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სცემეს. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იდგა პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც გაქცეულმა თავდამსხმელებმა ჩაურბინეს და რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. “მედია აპრილის” კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ, თუმცა უშედეგოდ. ჟურნალისტს აქვს დაზიანება თავის არეში და გახეთქილი აქვს წარბი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობა და ძალადობის წახალისება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ეს და ჟურნალისტების მიმართ 28 ნოემბერი - 6 დეკემბრის პერიოდში ჩადენილი სხვა დანაშაულები.