ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საია-ს მოთხოვნას ირაკლი დგებუაძისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე
16.01.2025

კატეგორია : განცხადებები;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე.

საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო.

როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

საია-ს ცნობით, მზია ამაღლობელს, დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის განყოფილებაში ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, ირაკლი დგებუაძის ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდნენ წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად კედელზე სტიკერის გაკვრის გამო გაფიცვისკენ მოწოდებით. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, მალევე დააკავეს მეორედ - ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ.  მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობელი იყო. პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს დაპირისპირება და ჭყლეტა და ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დააკავეს მზია ამაღლობელი. დაკავების პროცესში პირადად მონაწილეობდა ირაკლი დგებუაძე. „ბათუმელების“ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აგინებს და იმუქრება, რომ მას სისხლის სამართლებრივი წესით დაასჯევინებს.

14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის თხოვნა და მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353(1) მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელი არის დაკავებული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.