ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს პოლიციელთა ძალადობას ჟურნალისტებზე და საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
04.02.2025

კატეგორია : განცხადებები;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს პოლიციელთა ძალადობას ჟურნალისტებზე და საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს

 

4 თებერვალს ჟურნალისტები და მოქალაქეები პარლამენტის უკანა მხარეს შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ მოეთხოვათ „ბათუმელებისა“ და  „ნეტგაზეთის“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და უკვე 24 დღეა შიმშილობს,  გათავისუფლება. 

 

პოლიცია თავს დაესხა ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მშვიდობიან აქციის მონაწილეთა გადაადგილებას აშუქებდნენ,  მათი ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში. აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩით ეშვებოდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. პოლიციის მითითებით ისინი ტროტუარზე გადავიდნენ. ცოტა ხანში ადგილზე მოულოდნელად გააქტიურებული გდდ-ს თანამშრომლები ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს ორი მხრიდან მიაწვნენ და ისინი ძალის გამოყენებით ჩასწიეს რუსთაველის გამზირისკენ.  ატყდა ჩოჩქოლი და შეიქმნა ჭყლეტის საშიშროება. 

 

პოლიციელები ჟურნალისტებს უხეშად ეპყრობოდნენ, ხელს ჰკრავდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. 

 

პოლიციელებმა „პუბლიკას“ ფოტოგრაფს, ნათია ლევერაშვილს თმაზე მოქაჩეს და ხელი დაარტყეს. 

 

„ტვ პირველის“ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ არტყამს თავისა და კისრის არეში ნიღბიანი პოლიციელი NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც ამ დროს აქციას ლაივ რეჟიმში აშუქებს. დარტყმის შედეგად ხაბეიშვილი ძირს ეცემა. ჟურნალისტი  ამჟამად გადაუდებელ გამოკვლევებზე კლინიკაში იმყოფება.

 

OC Media-ს ჟურნალისტი გივი ავალიანი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც ნიღბიანმა პოლიციელებმა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.  

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს, შეწყვიტონ თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და მისცენ მათ პროფესიული მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულების საშუალება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავეები.  

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.