15.10.2018
გადაწყვეტილება

27 ივლისი 2018 წელი

საქმეზე N 220

ეკა ბესელია ეკა გაგუას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე.

განმცხადებელი: ეკა ბესელია

მოპასუხე: ეკა გაგუა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით ეკა ბესელიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „შაბათის კურიერში“, 2018 წლის 16 ივნისს გასულ სიუჟეტში „ბესელიების ოჯახური ბიზნესი“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი. სადავო სიუჟეტი ეხებოდა ქსელური მარკეტინგის კომპანია „QNET”-ის წარმომადგენლობას საქართველოში. საქმის განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, მოპასუხე ჟურნალისტს შეპასუხება არ წარმოუდგენია და არც სხდომას დასწრებია.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სიუჟეტის პირველი სადავო ნაწილი:

„გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ქსელური მარკეტინგული კომპანია „ქიუნეთის“ უკან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას ოჯახი დგას.“

განმცხადებლის არგუმენტაცია: კომპანიას [იგულისხმება ,,QNET“] არასოდეს არ ჰქონია და არც ახლა აქვს რაიმე კავშირი ეკა ბესელიასთან. ცრუ გახლავთ ფაქტი, რომ კომპანია ,,QNET-ის“ დამფუძნებლები არიან ეკა ბესელიას ოჯახის წევრები. თუ ვინ არიან ოჯახის წევრები, ეკა ბესელიას მითითებული აქვს მის ბოლო დეკლარაციაში. რაც შეეხება დამფუძნებლებს, კომპანია ,,QNET–ის“ დამფუძნებლები მათივე საიტზე არის მითითებული. დაფუძნებულია მალაიაზიაში [JOSEPH Bismark] და მისი დამფუძნებელი ვერ იქნება ეკა ბესელიას ძმა. „დრიმლაინი“ მხოლოდ უწევს სამართლებრივ და მარკეტინგულ დახმარებას კონტრაქტის საფუძველზე QNET-ს.

საბჭოს შეფასება: ქსელური მარკეტინგის კომპანია „QNET-ის“ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კომპანიას საქართველოში შპს „დრიმლაინი“ [ს/ნ 405198174] წარმოადგენს. თავის მხრივ „დრიმლაინის“ დამფუძნებელია სერგო ბესელია - ეკა ბესელიას ძმა. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ არსობრივად არასწორ ინფორმაცია არ არის ის, რომ „QNET-ის“ უკან ეკა ბესილიას ოჯახი დგას, ვინაიდან:

1. როცა საკითხი ეხება საჯარო პირს, საქართველოს პარლამენტის წევრს და გამორჩეულ ფიგურას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი „ოჯახი“ არ შეიძლება განმარტებული იყოს ვიწრო სამართლებრივად. საჯარო პოლიტიკური პირების საქმიანობა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის/უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებენ მისთვის ან მისი ოჯახისათვის მატერიალური თუ არამატერიალური სარგებლის მისაღებად. აღნიშნული წინაპირობით საზოგადოების ობიექტურ ინტერესისათვის საჯარო პოლიტიკური პირის ოჯახის ცნება ფართოვდება და ეს ცნება აუცილებლად მოიცავს ისეთ ახლო ნათესავს როგორიც არის ძმა. ძმა, შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც სავარაუდოდ სარგებლობდეს მისი დის პოლიტიკური გავლენებით. სწორედ ამ არამართლზომიერი სარგებლის დადასტურებას ან უარყოფას შეიძლება ემსახურებოდეს ჟურნალისტის მიერ ფაქტების მოკვლევა. შესაბამისად, სერგო ბესელიას მოხსენიება ეკა ბესელიას ოჯახის წევრად, არ იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მით უმეტეს, რომ კომპანია „დრიმლაინში“ არა მარტო ძმა, სერგო ბესელია ფიგურირებს, არამედ აღნიშნული კომპანიის დირექტორი ეკა ბესელიას დის ქმარი - იესე ზაუტაშვილია.

2. „უკან დგომა“ ასევე არ შეიძლება განხილული იქნას როგორც ძირითადი კომპანია „QNET-ის“ წილის ფლობა. დადასტურებული ფაქტია, რომ „QNET-ის“ წარმომადგენელი საქართველოში არის სერგო ბესელიას მფლობელობაში არსებული კომპანია „დრიმლაინი“. შესაბამისად „QNET- ის“ ოპერირებას საქართველოში კოორდინაციას უწევს და მეთვალყურეობას/სამართლებრივ მხარდაჭერას ახორციელებს ეკა ბესელიას ძმის კომპანია. ამიტომაც საქართველოს მოქალაქისათვის, რომელსაც შეხება აქვს QNET“-თან, აღნიშნული კომპანიის უკან სწორედ „დრიმლაინი“ დგას.

ამასთან:

  • • აღსანიშნავია რომ სიუჟეტში დაზუსტებული იყო რომ ეკა ბესელიას ძმას და დის ქმარს მოიაზრებდა ჟურნალისტი სიტყვაში „ოჯახი“.
  • • ეკა ბესელიას მიეცა კომენტარის გაკეთების საშუალება, სადაც მან განაცხადა რომ მას და მის ოჯახს არავითარი შემხებლობა „QNET“ ის დამფუძნებლებთან არ ჰქონდა.

სიუჟეტის მეორე სადავო ნაწილი:

სიუჟეტის თანახმად „QNET- ის“ წარმომადგენლობის, „დრიმლაინის“ ოფისი განთავსებულია ეკა ბესელიას კუთვნილ მისამართზე - ქ. თბილისი, გამრეკელის ქ. N 19. სართული 5 [ს/კ 01.10.14.013.005.01.501]. კერძოდ, სიუჟეტში ჟურნალისტი მიუთითებდა, რომ ეკა ბესელიამ ფართი გადასცა შპს „იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრს“ , ხოლო ცენტრმა - შპს „დრიმლაინს“.

განმცხადებლის არგუმენტაცია: ეკა ბესელიას კუთვნილი ფართი გადაცემული აქვს არა შპს „იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრს“ არამედ შპს „ელ-ეს“ და სწორედ „ელ-ეს-მა“ თავის მხრივ გადასცა „დრიმლაინს“, რის დასადასტურებლადაც განმცხადებელმა წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულება.

შენიშვნა: იჯარის ხელშეკრულება არ იყო ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი და არც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, იჯარის რეგისტრირება სავალდებულოა.

საბჭოს შეფასება: საბჭომ იმსჯელა რამდენად არის პირველი მუხლის დარღვევა ანუ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ის, რომ შპს „დრიმლაინს“ ეკა ბესელიას კუთვნილის ფართი გადასცა შპს „ელ-ეს-მა“ და არა შპს „იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრმა“. დადასტურებულია შემდეგი გარემოები:

1. შპს „დრიმლაინის“ ოფისი მართლაც განთავსებულია ეკა ბესელიას კუთვნილ ფართში.

2. შპს „იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრის“ [ს/ნ 404947000] პარტნიორები არიან ეკა ბესელიას და ცირა ბესელია და შვილი - რატი მილორავა. ხოლო შპს „ელ-ეს-ის“ [ს/ნ 405009244] პარტნიორი არის მხოლოდ და - ცირა ბესელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ პირველი პრინციპი არ დარღვეულა. ჟურნალისტის მიზანი იყო ეჩვენებინა კიდევ ერთი კავშირის შესახებ შპს „დრიმლაინს“ და ეკა ბესელიას შორის. ფაქტია, რომ შპს „დრიმლაინის“ ოფისი მდებარეობს ეკა ბესელიას საკუთრებში და რომ შპს „დრიმლაინის“ ოფისი გადაეცა ისეთი კომპანიისაგან [შპს „ელ-ეს“], რომელი კომპანიაც ასევე დაკავშირებულია ეკა ბესელიასთან [დაფუძნებულია მისი დის მიერ]. ანუ ჟურნალისტის მიერ შუამავალი შპს-ს არასწორად დასახელებით [ნაცვლად „ელ- ეს“ ისა მიუთითა შპს „იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრი], არ გავრცელებულა ისეთი არასწორი ინფორმაცია, რომელიც არსებითად ან მნიშვნელოვნად ცვლიდა გარემოებებს. ორივე შპს დაკავშირებული იყო ეკა ბესელიასთან, კერძოდ ეკა ბესელიამ თავის ფართი გადასცა მისი დის კომპანიას, ხოლო დის კომპანიამ თავის მხრივ ფართი დაუთმო ეკა ბესელიას ძმის კომპანია შპს „დრიმლაინს“ - „QNET- ის“ წარმომადგენელს საქართველოში.

სიუჟეტის მესამე სადავო ნაწილი:
„QNET- ის“ „ქსელში ათასობით ადამიანია გაწევრიანებული მათმა ნაწილმა კომპანიაში ფული ჩადო და დაკარგა. ამიტომ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა გადაწყვიტეს ვინ დგას კომპანიის უკან, რომელსაც ასობით დაზარალებული ყავს“.

განმცხადებლის არგუმენტაცია: განმცხადებელი აპელირებდა, რომ “QNET” წარმოჩინდა უარყოფით კონტექსტში, თითქოს მის საქმიანობით დაზარალდნენ მომხმარებლები.

საბჭოს შეფასება: სიუჟეტი შეიცავს ინტერვიუს „QNET-ით“ დაზარებულთან, გარდა ამისა საძიებო სისტემის მეშვეობით არაერთი ინფორმაცია და გამოხმაურება იძებნება, სადაც მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ „QNET-თან“ დაკავშირებით და მას ფინანსურ პირამიდას ადარებენ. „QNET-ით“ უკმაყოფილო პირები არა მხოლოდ საქართველოშია, რამდენიმე ქვეყანამ [აშშ, სინგაპური, შრი - ლანკა, მალაიზია და ა.შ] სხვადასხვა სახით შეზღუდა ან აკრძალა აღნიშნული კომპანიის საქმიანობა. შესაბამისად, ჟურნალისტს შეეძლო მიეთითებინა, რომ „QNET-ით“ უკმაყოფილი ადამიანები არიან და ისინი პრეტენზიებს გამოთქვამენ აღნიშნული კომპანიის მიმართ.

ქარტიის მე-3 პრინციპის მიხედვით: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ქარტიის მე-3 პრინციპი დაირღვა, ვინაიდან წყარო არ იყო დადასტურებული. გარდა იმისა, რომ სიუჟეტში ჩანდა წყარო, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი „აი ფაქტი“, ასევე დადგინდა, რომ გავრცელებული ინფორმაციები იყოს სწორი, შესაბამისად არ დგინდება მე-3 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”, ვინაიდან არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის [არასწორი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევა, შესაბამისად არც განზრახ დამახინჯებას არ აქვს ადგილი და ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დარღვეულად არ ჩაითვლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ეკა გაგუას არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი.
17.03.2018
გადაწყვეტილება

22 დეკემბერი 2017 წელი

საქმეზე N 171 

ა[ა]იპ ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი არჩილ გამზარდიას წინააღმდეგ

09.10.2017
გადაწყვეტილება

02 სექტემბერი, 2017 წელი

საქმეზე N 146 

ბექა ქირია გიორგი ფუტკარაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა, თეა ზიბზიბაძე.

განმცხადებელი: ბექა ქირია

მოპასუხე: გიორგი ფუტკარაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბექა ქირიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გიორგი ფუტკარაძის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მიერ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.

განმცხადებლის პოზიციით, პრინციპების დარღვევა გამოიწვია შემდეგმა გარემოებებმა: 2017 წლის 25 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელმა, კერძოდ მისმა ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ, გააშუქა ბრიუსელის ფორუმი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ სიუჟეტში არ აისახა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი მის მიერ დასმულ კრიტიკული კითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს გავლით სამხედრო აღჭურვილობის გადატანას სომხეთში, კარგი მმართველობის პრობლემებს საქართველოს ყველა სამინისტროში და საქართველოში თავისუფალი მედიის მდგომარეობას.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს სატელეფონო კავშირის საშუალებით უპასუხა. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა სადავო პრინციპად ასევე დაამატა ქარტიის მე-3 პრინციპი.როგორც აღინიშნა, უშუალოდ სიუჟეტის ავტორი იყო ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, შესაბამისად მასთანაც ასევე შედგა კომუნიკაცია გარკვეული გარემოებების დაზუსტების/დადგენის მიზნით. კომუნიკაცია განხორციელდა FACEBOOK-ის მეშვეობით საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლის მიერ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, განმცხადებლს ძირითადი პრეტენზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ დასმული კითხვის პასუხი სიუჟეტში არ აისახა და არ აღინიშნა, რომ ამგვარი კითხვა დაისვა ფორუმზე. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ: „[სიუჟეტში] გაშუქდა ქეთევან ქარდავას პირადი ხასიათის ისტორია, როგორც ბრიუსელის ტერაქტს გადარჩენილი ინდივიდი, ხოლო ჩემ მიერ წამოჭრილი საკითხები, რამაც მოდერატორის შექებაც გამოიწვია და რაც საჯარო სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის იმპერატიული მნიშვნელობის საკითხებს ეხება, ეს საკითხები სრულად ამოჭრა“.

განმცხადებლის პოზიციის შეფასების შედეგად საბჭო მივიდა დასკვნამდე რომ არგუმენტაცია არ შეიცავდა მითითებას, რომ სიუჟეტით არასწორი ან გადაუმოწმებელი ფაქტები გავრცელდა. გამოიკვეთა, რომ განმცხადებელი აპელირებდა ფაქტების მიჩქმალვაზე [არგაშუქებაზე]. თავის მხრივ ფაქტების მიჩქმალვას, როგორც არაეთიკურ ჟურნალისტურ ქმედებას ითვალისწინებს ქარტიის მე-3 პრინციპი “ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” მესამე პრინციპთან მიმართებით საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

  1. როგორც ქეთევან ქარდავამ აცნობა საბჭოს, სიუჟეტი დამონტაჟებული სახით თავად მიაწოდა საინფორმაციო სამსახურს და რეალურად საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გიორგი ფუტკარაძეს ობიექტურად არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ფორუმზე ასევე დაისვა კრიტიკული კითხვები, რომლებიც ვერ მოხვდა სიუჟეტში.
  2. თავად საზოგადოებრივი მაუწყებელმა იმავე დღეს, მაგრამ სხვა საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვებაში უფრო ფართოდ გააშუქა ბრიუსელის ფორუმზე წამოჭრილი ძირითადი საკითხები, მათ შორის, გაუშვა მინისტრის პასუხის ნაწილი განმცხადებლის კითხვაზე. შესაბამისად, შესაძლებელია რედაქციას ევარაუდა, რომ განმცხადებლის მიერ დასმული საკითხების გაშუქება აღარ იყო აქტუალური შემდეგი გამოშვებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობის საფუძვლით საბჭომ მიიჩნია, რომ გიორგი ფუტკარაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი. ქარტიის მე-11 პრინციპის [ფაქტების განზრახ დამახინჯება] ავტომატურად გამოირიცხება თუ არ დგინდება ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

1. გიორგი ფუტკარაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მესამე და მე-11 პრინციპი.


საქმის მასალები: