გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი გაბედავა ელისო კილაძის წინააღმდეგ
21.07.2016

განმცხადებელი : გიორგი გაბედავა;
მოპასუხე : ელისო კილაძე;
პრინციპები : 1 პრინციპი;

გადაწყვეტილება N 98

02 ივლისი 2016 წელი

საქმეზე - გიორგი გაბედავა ელისო კილაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, გერონტი ყალიჩავა, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი,   მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: გიორგი გაბედავა

მოპასუხე: ელისო კილაძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი გაბედავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებ გვერდ http://qronikaplus.ge/ -ზე გამოქვეყნებული სტატიით "პირადი ცხოვრების ფირები ინტერნეტში გიორგი გაბედავამ ატვირთა ?!", დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე პრინციპი. სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ავტორი იყო ჟურნალისტი ელისო კილაძე.

საქმის განხილვას არ დასწრებია განმცხადებელი და არც მოპასუხე ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც ასევე არ წარმოადგინა შეპასუხება მის წინააღმდეგ განხილულ განცხადებასთან დაკავშირებით.

შენიშვნა: გიორგი გაბედავა ასევე მიიჩნევდა, რომ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაირღვა რუსთავი 2 ის ეთერში გასულ გადაცემებში, სადაც ელისო კილაძე საუბრობდა როგორც რესპონდენტი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ნაწილში გიორგი გაბედავას განცხადება განხილული ვერ იქნება, ვინაიდან ეთიკური პრინციპების დაცვა ჟურნალისტური საქმიანობის განხორცილების ვალდებულებაა, როდესაც პირი რესპონდენტის როლში გვევლინება მასზე არ ვრცელდება ქარტიის პრინციპები.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო სტატიაში  "პირადი ცხოვრების ფირები ინტერნეტში გიორგი გაბედავამ ატვირთა ?!" დადასტურებული ფაქტის სახით  მოცემული იყო რამდენიმე გარემოება, მაგალითად:  "რაც შეეხება ამტვირთავ პირს [იგულისხმება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების ატვირთვა] "ქრონიკა +" -ის წყარო დაბეჯითებით აცხადებს, რომ გამოძიება უკვე დიდი ხანია, სწორედ გიორგი გაბედავას პიროვნებაზე მუშაობს და ეს თითქმის დადასტურებულია",  "ჩვენი წყაროს ინფორმაციით მას [იგულისხმება გიორგი გაბედავა] ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაფინანსება სუს-იდან გამოუყვეს"  "უბრალოდ, გაირკვა, რომ  მან სუს-ის დაფინანსება არჩევნებს არ მოახმარა და ძალოვნები სწორედ თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ", "ჯერ კიდევ მოსკოვში მყოფი გაბედავა მის მეგობარ გოგონას "ვიბერით" დაუკავშირდა და უთხრა - ამ დღეებში ინტერნეტში პირადი ფირები გავრცელდება" და ა.შ.

საბჭო მიუთითებს, რომ იგი არ მსჯელობს იმის შესახებ, ზემოაღნიშნული ფაქტები შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, არამედ აფასებს ჟურნალისტის მცდელობას, სცადა თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის მიმართა თუ არა კომენტარისათვის გიორგი გაბედავას, რომელსაც  ეხებოდა სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სადავო სტატია არ შეიცავს გიორგი გაბედავას კომენტარს,  წყაროს მიერ მასზე მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და არც ჟურნალისტის მცდელობა ჩანს, რომ გიორგი გაბედავასაგან მიეღო კომენტარი. ყოველივე ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, არ გადაამოწმა რა გიორგი გაბედავასთან, კონფიდენციაულური წყაროსაგან მიღებული ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდა დაუბალანსებელი ინფორმაცია.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია." საბჭო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ წყაროს არ დასახელება [კონფიდენციალური წყარო] არ ნიშნავს წყაროს არ არსებობას. ასევე, გიორგი გაბედავა განცხადებაში არ მიუთითებდა თუ რა ფაქტის მიჩქმალვა მოხდა ან რა დოკუმენტი გაყალბდა.  შესაბამისად, ქარტიის მესამე პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ქარტიის მეოთხე პრინციპის თანახმად: "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს". განცხადებაში ასევე არ არის აღნიშნული თუ რაში გამოიხატებოდა ჟურნალისტის მიერ არაკეთილისინდისიერი ან არასამართლიანი მეთოდების გამოყენება და საბჭო ვერ იმსჯელებს მეოთხე პრინციპთან დაკავშირებით.

ქარტიის მეხუთე პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება" განცხადებით არ დგინდება, მიმართა თუ რა განმცდებელმა ჟურნალისტს, რომ ამ უკანასკნელს გაესწორებია ინფორმაცია, არც ის გარემოება დგინდება, ჟურნალისტმა შემდგომ დაზუსტებულად შეიტყო თუ არა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო მცდარი, შესაბამისად არ გვაქვს მეხუთე პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: " ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით" განცხადებაში გიორგი გაბედავა უთითებს, რომ სადავო სტატიით მოხდა მისი დისკრედიტაცია, საბჭო აზუსტებს, რომ მეშვიდე პრინციპი ფარავს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას რომელიმე ნიშნით და არა დისკრედიტაციას, შესაბამისად არ დგინება არც მეშვიდე პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი". ქარტიის საბჭომ შეისწავლა რა სადავო სტატია, მასში არ გამოიკვეთა რომელიმე იდენტიფიცირებული პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა და ისეთი ფაქტების გავრცელება, რომელიც არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. გიორგი გაბედავას  მეგობარ გოგონასთან [რომელიც არ არის იდენტიფიცირებული] დაკავშირებული გარემოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საბჭოს შეფასებით, არ არის პირად ცხოვრებაში შეჭრა.

ქარტიის მეთერთმეტე პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება" აღნიშნულ პრინციპთან მიმართებით საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზე არ ყოფილა ფაქტების განზრახ დამახინჯება, არამედ დაირღვა მხოლოდ ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებდა,  გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაცია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ელისო კილაძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი
  2. ელისო კილაძის მიერ არ დარღვეულა ქარტიის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე პრინციპი.
გადაწყვეტილების PDF ვერსია საქმის მასალები: