გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – შალვა რამიშვილი გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ
18.05.2016

განმცხადებელი : შალვა რამიშვილი;
მოპასუხე : გიორგი ბახტაძე;
პრინციპები : 2 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 94
08 მაისი 2016  წელი

საქმეზე - შალვა რამიშვილი გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ნინო ნარიმანიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: შალვა რამიშვილი

მოპასუხე: გიორგი ბახტაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შალვა რამიშვილმა. განმცხადებლის პოზიციით მასზე განხორციელდა ზეწოლა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის გიორგი ბახტაძის მიერ. კერძოდ, 2015 წლის 17 და 18 დეკემბერს შალვა რამიშვილსა და გიორგი ბახტაძეს შორის განხორციელდა მიმოწერა საკომუნიკაციო საშუალება Viber-ის მეშვებით, რომლის დროსაც გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილს სთხოვდა გადაცემა "პოლიტიკაში" [რომლის წამყვანი და პროდიუსერი იყო შალვა რამიშვილი] მოეწვია გიორგი ბახტაძის მიერ მითითებული სტუმრები.

საქმის განხილვის დროს  სხდომას დაესწრო განმცხადებელი შალვა რამიშვილი, ასევე მოპასუხის წარმომადგენელი აკაკი გიგინეიშვილი.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის მეორე პრინციპის მიხედვით "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ".

განმცხადებელმა იძულების ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა საკომუნიკაციო საშუალება Viber-ის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერა, რომლის ავთენტურობა მოპასუხე მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, მას დაგეგმილი ჰქონდა გადაცემა "პოლიტიკაში" ლევან მურუსიძის მოწვევა და ასევე სურდა, რომ გადაცემაში მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული პირის ოპონენტებს, ლევან მურუსიძისათვის კრიტიკული კითხვების დასმის მიზნით.

2015 წლის 17 - 18 დეკემბრის მიმოწერის თანახმად დგინდება, რომ ოპონენტების შერჩევის პროცესში ჩაერთო გიორგი ბახტაძე, რომელიც სთხოვს შალვა რამიშვილს, რომ ოპონენტების სახით მოიწვიოს მოქმედი მოსამართლეები ტყავაძე, გვრიტიშვილი, ალანია და გაბინაშვილი.  ასევე აწვდის მათ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს. შალვა რამიშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, დაუპირისპირდებიან თუ არა ეს მოსამართლეები ლევან მურუსიძეს, გიორგი ბახტაძე პასუხობს, რომ "დაუპირისპირდებიან".

როგორც მიმოწერიდან ჩანს და რაც საქმის განხილვისას ასევე დაადასტურა შალვა რამიშვილმა, ის დაუკავშირდა მითითებულ მოსამართლეებს და დაადგინა, რომ მოსამართლეები არ იყვნენ ლევან მურუსიძის რეალური ოპონენტები, შესაბამისად, შალვა რამიშვილი არ დაეთანხმა გიორგი ბახტაძეს   რომ მოეწვია მოსამართლეები ტყავაძე, გვრიტიშვილი, ალანია და გაბინაშვილი.

აღნიშნულის შემდეგ, გიორგი ბახტაძე მოთხოვნის ფორმით სწერს შალვა რამიშვილს "მოსამართლეები დაიბარეთ, ვინც მოგწერეთ, ესენი დაუპირისპირდებიან", აღნიშნული მესიჯით ცალსახაა, რომ გიორგი ბახტაძე ცდილობს, ჩაერიოს ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

საპასუხოდ შალვა რამიშვილმა დააზუსტა, რომ მოსამართლეებს კრიტიკული კითხვები არ ჰქონდათ ლევან მურუსიძის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოხატავს მის უარყოფით დამოკიდებულებას გიორგი ბახტაძის მიერ მითითებული მოსამართლეების მოწვევასთან დაკავშირებით. გიორგი ბახტაძე შემდეგ ატყობინებს შალვა რამიშვილს, რომ "მოძებნიან ახლა სხვებს", იგულისხმება, რომ ქარტიის საბჭოსათვის უცნობი პირი/პირები შეურჩევენ შალვა რამიშვილს სხვა რესპოდენტებს, რომლებიც შალვა რამიშვილმა უნდა მოიწვიოს გადაცემაში, საბჭოს პოზიციით სწორედ დავალდებულების ხასიათს ატარებს გიორგი ბახტაძის შეტყობინებები და მისი სურვილია,  რომ შალვა რამიშვილმა  აუცილებლად მოიწვიოს გიორგი ბახტაძის მიერ მითითებული პირები. მიმოწერაში შალვა რამიშვილი კიდევ არა ერთხელ ცდილობს აუხსნას გიორგი ბახტაძეს, რომ მითითებული მოსამართლეების მოწვევა არ შედის მის/გადაცემის ინტერესებში, რომ რეალურად ისინი არ არიან მურუსიძის ოპონენტები და არ უპირისპირდებიან მას. მიუხედავად ამისა, გიორგი ბახტაძე კვლავ კატეგორიული ტონით უთითებს შალვა რამიშვილს, რომ "[მოიწვიეთ] ერთი სიიდან [იგულისხმება მოსამართლეთა სია] ერთი ოპონენტი"  "ოკ. დაუსვით რეალური ოპონენტი და ერთი ამ სიიდან", ეს შეტყობინებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  გიორგი ბახტაძის მიერ მითითებული მოსამართლეები  რეალურად არ იყვნენ ლევან მურუსიძის ოპონენტები. მიმოწერის თანახმად გიორგი ბახტაძეს შეუძლია უზრუნველყოს, რომ მის მიერ მითითებულმა მოსამართლემ დაუსვას ლევან მურუსიძეს ის კითხვები, რომლებიც შალვა რამიშვილს სურს - "მითხარი ვინ [იგულისხმება მოსამართლე] გინდა და ექნება [იგულისხმება კრიტიკული კითხვა]".

ზემოაღნიშნული შეტყობინებების შემდეგ შალვა რამიშვილი კვლავ არ იყო თანახმა, რომ მოეწვია მოქმედი და გიორგი ბახტაძის მიერ მითითებული მოსამართლეები.

მიმოწერა გრძელდება დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, შალვა რამიშვილი აცნობებს გიორგი ბახტაძეს, რომ  დაურეკა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა [რომელიც ბახტაძის მიერ მითითებულ სიაში იყო] და შალვა რამიშვილი ამჯერად უკვე გამოთქვამს თანხმობას, რომ მოიწვიოს დიმიტრი გვრიტიშვილი, ხოლო მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დიმიტრი გვრიტიშვილმა წინასწარ აცნობა შალვა რამიშვილს თუ რა კითხვას დაუსვამდა ლევან მურუსიძეს, შალვა რამიშვილი სწერს, რომ: "მოკლედ ძალიან დურაკულად გამოჩნდება, ასეთი "მძაფრი" შეკითხვა, მე ვფიქრობ, რომ მაგარი დამწვარი პონტია".

შემდგომ დღეს, 18 დეკემბერს, ჩანს, რომ უკვე საუბარი შედგა გიორგი ბახტაძეს და  შალვა რამიშვილს შორის ისევ  Viber-ის მეშვეობით, შალვა რამიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას გიორგი ბახტაძემ კიდევ ერთხელ მოსთხოვა მას დასახელებული მოსამართლეების მოწვევა და ასევე ყურადღება გაუმახვილა გადაცემის რეიტინგზე.

შემდგომ გიორგი ბახტაძე წერს:  "გაბინაშვილი [მოსამართლე] + ტყავაძე [მოსამართლე] + შავგულიძე", შალვა რამიშვილი  პასუხობს "ხო". საბოლოოდ გადაცემაში ლევან მურუსიძის "ოპონენტების" სტატუსით მოიწვიეს მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე, რომელნიც შალვა რამიშვილის აზრით, რეალურად არა  თუ არ იყვნენ ოპონენტები, არამედ ლევან მურუსიძის გუნდის წევრები იყვნენ [შალვა რამიშვილის ერთ - ერთი შეტყობინება: "ერთი კამანდაა"].

საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა მიმოწერასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და მისი პოზიციით, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, რომ გიორგი ბახტაძე გარდა გენერალური დირექტორის პოზიციისა, ასევე ითავსებდა მთავარი რედაქტორის მოვალეობებსაც  და მონაწილეობას იღებდა გადაცემების დაგეგმვაში. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა შალვა რამიშვილმაც, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მანამდე  ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაცემები იგეგმებოდა მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აშკარა იყო გიორგი ბახტაძის მხრიდან შალვა რამიშვილის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და ზეწოლა, რომ სწორედ ის პირები მოეწვია, რომლებიც მას სურდა. მიუხედევად იმისა, რომ შალვა რამიშვილმა არა ერთხელ განაცხადა უარი კონკრეტული პირების მოწვევაზე, გიორგი ბახტაძე დაჟინებით სთხოვდა სწორედ ამ პირების მოწვევას.  გიორგი ბახტაძის შეტყობინებები რომელიც ადასტურებენ ზეწოლას: "მოსამართლეები დაიბარეთ ვინც მოგწერე"  "მოძებნიან ახლა სხვებს"  "ერთი ამ სიიდან [მოიწვიეთ] ერთი ოპონენტი"  "დაუსვით რეალური ოპონენტი და ერთი ამ სიიდან" "მითხარი ვინ გინდა და ექნება"  "[მოიწვიეთ] გაბინაშვილი + ტყავაძე + შავგულიძე".

გიორგი ბახტაძისათვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ ლევან მურუსიძის რეალური "ოპონენტები", მაგრამ იგი არაერთგზის მიუთითებდა შალვა რამიშვილს, რომ სწორედ ეს მოსამართლეები მოეწვია, რითაც არა მარტო ზეწოლას ახდენდა შალვა რამიშვილზე, არამედ წინასწარ განზრახვით მაყურებელს სთავაზობდა ხელოვნურ დებატებს, რომლის უკანაც რეალური დაპირისპირება არ იდგა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გიორგი ბახტაძე არის ტელეკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორი და სწორედ მისი კომპეტენციაა  შალვა რამიშვილთან დაკავშირებული საკონტრაქტო ურთიერთობის სამართლებრივი ბედის განსაზღვრა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბახტაძეს პირდაპირ არ მიუთითებია რაიმე სანქციაზე, რომელიც შეიძლება მოჰყოლოდა მისი მოთხოვნების შეუსრულებლობას,  გადაცემის რეიტინგზე ხაზგასმა და ასევე მისი თანამდებობრივი მდგომარეობა, შალვა რამიშვილისთვის ლეგიტიმურ მოლოდინს ქმნიდა, რომ მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ამას ზეგავლენა მოეხდინა შალვა რამიშვილის სამსახურებრივ კონტრაქტზე.

თავის მხრივ საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს შალვა რამიშვილის ქმედებები ეთიკური ჟურნალისტიკის ჭრილში.  მართალია, შალვა რამიშვილი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა დაკვეთით რესპოდენტების მოწვევას, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაექვემდებარა ზეწოლას და მაყურებელს შესთავაზა ხელოვნური დებატები და შეიყვანა შეცდომაში როგორც მაყურებლები, ისე თანაწამყვანი თეონა გეგელია [რომლისთვისაც არ იყო ცნობილი, რომ მოწვეული მოსამართლეები რეალურად ოპონენტები არ იყვნენ]. ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის შალვა რამიშვილი ვალდებული იყო არ დაქვემდებარებოდა ზეწოლის ფაქტს და მის შესახებ დაუყოვნებლივ და საჯაროდ განეცხადებინა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია

საქმის მასალები