გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე "მშვიდობის ფონდი-, MDF, TDI და GDI ეკა სალაღაიას წინააღმდეგ
24.04.2016

განმცხადებელი : მედიის განვითარების ფონდი;
მოპასუხე : ეკა სალაღაია;
პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 82
26 მარტი 2016  წელი

საქმეზე - მშვიდობის ფონდი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეკა სალაღაიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ნინო ნარიმანიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, გერონტი ყალიჩავა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: მშვიდობის ფონდი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მოპასუხე ჟურნალისტი: ეკა სალაღაია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს "მშვიდობის ფონდმა", "მედიის განვითარების ფონდმა", "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" და  "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ". ისინი მიიჩნევდნენ, რომ kvirispalitra.ge-ზე 2016 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში "ტაში, ბიჭო, ვართანუშა!.." დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-7 პრინციპი. სტატია ეხებოდა სომეხი ეროვნების პირების მიერ ისტორიის გაყალბების და ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის მითვისებას.

შენიშვნა: ისტორიის გაყალბება და ისტორიული ფაქტების მითვისება წარმოადგენდა სტატიაში მოყვანილ რესპოდენტთა აზრს და არა რამე კვლევას ან/და დადასტურებულ ფაქტს.

საქმის განხილვის დროს  სხდომას დაესწრნენ განმცხადებლების წარმომადგენლები. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სტატიაში მითითებულია, რომ  [1] ჯერ იყო და "ყვავილების ქვეყანას" სომეხი ავტორები (ტექსტის ავტორი სერობ არჯემიანი, მუსიკის - მანუკ ხაჩატრიანი) გამოუჩნდნენ და ამ ცნობილი ქართული სიმღერის­ ჰანგზე უმღერეს ჰაიასტანს [2] "ვართან და სირანუშ გევ­ორქიანებმა სომხური საქორწილო ცეკვა შეასრულეს "დაისის" მუსიკაზე" [3] "ამჯერად სომხური აღმოჩნდა ზაქარია ფალიაშვილის "დაისის" ქართული ცეკვაც". სტატიის ავტორს არ უცდია არც ერთი აღნიშნული  ფაქტობრივი გარემოების გადამოწმება, იმის გათვალისწინებით რომ:

  1. იმავე ვებსაიტზე, kvirispalitra.ge, 2016 წლის 23 იანვარს გამოქვეყნდა სტატია, სადაც სერობ არჯემიანი და მანუკ ხაჩატრიანი აღნიშნავენ, რომ მითვისებას არ ჰქონდა ადგილი და მხოლოდ მელოდიის გარკვეული ნაწილის დაეთხვა.
  2. სადავო სტატიის გამოქვეყნებამდე საჯაროდ გავრცელდა ვართან გევორქიანის წერილი [თავად kvirispalitra.ge-ზეც], სადაც ის განმარტავს, რომ "გევორქიანის ცეკვის აკადემიამ"  შეასრულა ქართული ცეკვა, აკადემია ყოველთვის უთითებს იმ ქვეყნის შესახებ, რომელი ქვეყნის კულტურის ნაწილსაც მიეკუთვნება მათ მიერ შესრულებული ცეკვა.

ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან ჟურნალისტმა არასწორი ფაქტები გაავრცელა - თითქოსდა გევორქიანები ასრულებენ "სომხურ საქორწინო ცეკვას დაისის მუსიკაზე", ასევე სადავო სტატია არ შეიცავდა სერობ არჯემიანის და  მანუკ ხაჩატრიანის კომენტარებს, როგორც ბრალდების ადრესატების, მით უმეტეს, რომ იმავე ვებსაიტზე მანამდე გამოქვეყნებული იყო სტატია, სადაც სერობ არჯემიანი და  მანუკ ხაჩატრიანი განმარტავდენ შექმნილ გაუგებრობას და პლაგიატს ადგილი არ ჰქონია.

ქარტიის მეხუთე პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".

პირველი პრინციპის განხილვის დროს საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია, რომლის უარყოფა ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, განცხადების განხილვის მომენტისათვის სადავო სტატიაში არ იყო ცვლილებები განხორციელებული და კვლავ არაზუსტ ინფორმაციას შეიცავდა. შესაბამისად, სახეზეა ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა. საბჭო აქვე განმარტავს, მეხუთე პრინციპის დარღვევისათვის საჭიროა, რომ ან კონკრეტულმა პირმა მიუთითოს ჟურნალისტს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, ან დადგინდეს, რომ ლოგიკური შეფასებით ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უზუსტობა. როგორც უკვე აღინიშნა, იმავე  ვებსაიტზე - kvirisplitra.ge, გამოქვეყნებული იყო სხვა ორი სხვადასხვა სტატია [1. "თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი რომ ასე მოხდა" - რას ამბობენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი" 2. "არასდროს გვქონია სურვილი რაიმე ქართული მოგვეპარა" - ვინ და რატომ გაასაღა "დაისი" სომხურ ცეკვად?!], სადაც განმარტებული იყო სადავო სტატიაში არასწორად გადმოცემული ფაქტები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო ნამდვილი გარემოებები  და მიუხედავად ამისა სტატია არ გასწორებულა.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". სადავო სტატია შეიცავს დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას: "ცეკვის დროს ღრმადე­კოლტიანი სირანუშა მოყვარულისთვისაც კი თვალში საცემად უნიჭოდ ფარჩხავს­ თითებს, მისი "კდემამოსილებით" თავბრუდახვეული ვართანა კი ლამის თავზე გადაახტეს, ისე დაკუნტრუშებს სცენაზე"  და ამასთან ხაზგასმულია იმ პირების ეთნიკური წარმომავლობა რომელთა მიმართაც ხდება ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენება.

გარდა იმისა, რომ  ჟურნალისტი თავად იყენებს ეთნიკური ნიშნით შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიას, ამასთან ხელს უწყობს რესპოდენტების ქსენოფობიური გამონათქვამების ტირაჟირებას:  "სომხეთში არიან "ავადმყოფ­ური ისტ­ორიზმის" სენით შე­პ­ყრობილი მუსიკოსები, მსახი­ობები, მწერლები, ისტორიკოსები". "რამ დაგაბ­რმავათ და რამ დაგაყრუათ! ვისაც ეს ეხება, სომხებს კანონით­ გასცეს პასუხი ქართ­ული კულტ­ურის შეურაცხყოფ­ისთვის. მოვითხოვ, ბოდიში­ მო­უხადონ ქართულ კულტურას­ და ქართველ ერს".

ამასთან აღსანიშნავია, რომ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებით [რომ თითქოს ქართული ცეკვა ეთნიკურად სომეხმა პირება სომხურად გაასაღეს, ან სიმღერა "ყვავილების ქვეყნა" რომ მიიღვისეს]  ჩნდება ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივების და დისკრიმინაციის საფუძველი, ამასვე ადასტურებს სადავო სტატიის ქვემოთ მკითხველის კომენტარები, სადაც სტატიაში მითითებული, არასწორი ფაქტების საფუძველზე, მრავლად არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი შეფასებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ჟურნალისტმა ეკა სალაღაიამ დაარღვია ქარტიის პირველი, მეხუთე და მეშვიდე პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილება საქმის მასალები: