გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ნუგზარ შუშანია Newposts.ge-ს წინააღმდეგ
07.12.2015

განმცხადებელი : ნუგზარ შუშანია;
მოპასუხე : newposts.ge;
პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 73
08 ნოემბერი 2015  წელი

საქმეზე - ნუგზარ შუშანია Newposts.ge-ს წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, ნინო ნარიმანიშვილი, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა

განმცხადებელი
: ნუგზარ შუშანია

არაწევრი ჟურნალისტი: კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სადავო სტატია გამოქვეყნებული იყო ავტორის მითითების გარეშე, ამასთან სტატიაზე პასუხიმგებლობა არ აიღო Newposts.ge_ს რედაქტორმა.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნუგზარ შუშანიამ,  რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებგვერდ Newpost.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიით: "ქართული ოცნება" ოპოზიციიდან ხალხის გადაბირებას იწყებს - რა მოხდა "თავისუფალ დემოკრატებში", დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

საქმის განხილვაზე განმცხადებელი არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე მხარემ წერილობით წარმოადგინა თავისი პოზიცია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის  პირველი  პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".  სადავო ჟურნალისტურ  პროდუქტში მითითებულია, რომ თითქოს შედგა ინტერვიუ გამოცემას და რესპოდენტ ნუგზარ შუშანიას შორის, ციტატა: "როგორც "ნიუპოსტთან" ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა" [იგულიხმება ნუგზარ შუშანია]. განმცხადებელი უთითებდა, რომ მას ინტერვიუ "NewPosts-თვის" არ მიუცია. აღნიშნული გარემოება თავად "NewPosts -მაც" დაადასტურა  თავის შეპასუხებაში, სადაც აღნიშნა, რომ "ეს იყო რედაქციის მექანიკური შეცდომა".  აღნიშნული გარემოებებიდან ცალსახაა, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში საუბარია ინტერვიუზე, რომელიც რეალურად არ ყოფილა.

სადავო მასალაში მითითებული იყო, რომ "როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, თავისუფალი დემოკრატების ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე "ქართულ ოცნებასთნ" ფარულ გარიგებაში იმყოფებოდა. შუშანიამ ორგანიზება გაუწია ხობიდან ზუგდიდში ე.წ კასრების კადრების ჩვენებაზე რამდენიმე ადამიანის ჩაყვანას", ასევე  "შუშანია თბილისის სათაო ოფისში დაიბარეს, მან კი პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვას დაასწრო და პარტია საპროტესტო განცხადებით დატოვა".

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მსგავს გარემოებებს ადგილი არ ჰქონია.  ქარტიის პირველი პრინციპის განმარტების თანახმად, ზუსტ ინფორმაციად ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია. მოპასუხემ თავის შესაგებელში მიუთითა, რომ ინფორმაცია კონკრეტულმა წყარომ მიაწოდა, მათ სცადეს ბატონ შუშანიასთან დაკავშირება, მაგრამ მან ზარებს არ უპასუხა.  აღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიის ავტორი ვალდებული იყო სტატიაში აღენიშნა, რომ მათ ინფორმაციის გადამოწმება  სცადეს  ნუგზარ შუშანიასთან, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ, ამით მკითხველისათვის ცხადი იქნებოდა, რომ ინფორმაცია არ იყო ბოლომდე გადამოწმებული და ეყრდნობოდა ერთ წყაროს.

ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება" როგორც შეპასუხებიდან გაირკვა, NewPosts-ისთვის ცნობილი იყო, რომ სტატია შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას, კერძოდ სტატიაში მითითებული ინტერვიუ არ იყო რეალური, მიუხედავად აღნიშნულისა სტატია არ შეასწორეს, შესაბამისად დაირღვა  ქარტიის მე_5 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
  1. NewPost.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიით დაარღვია ქარტიის 1 და მე-5 პრინციპი.
იხილეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია
გადაწყვეტილების თანდართული მასალები: განცხადება შეპასუხება სადავო მასალა