გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – თამარ თაბუკაშვილი ჯემალ მეგრელიძის წინააღმდეგ
07.12.2015

განმცხადებელი : თამარ თაბუკაშვილი;
მოპასუხე : ჯემალ მეგრელიძე;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 66
07 ნოემბერი 2015  წელი

საქმეზე - თამარ თაბუკაშვილი ჯემალ მეგრელიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა
განმცხადებელი: თამარ თაბუკაშვილი
არაწევრი ჟურნალისტი: ჯემალ მეგრელიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თამარ თაბუკაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ "აჭარა PS-ის" FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს მინაწერით დაირღვა ქარტიის პირველი, მე_3, მე_4, მე_5,  მე_7, მე_10 და 11 პრინციპი.

საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თუ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება მედიასაშუალების სახელით, ჩაითვლება მედიაპროდუქტად და მასზე ვრცელდება ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები. "აჭარა PS-ის" FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნდა  განმცხადებელ თამარ თაბუკაშვილის სურათი შემდეგი ტექსტით: "ხალხნო! აი, ეს არის ქართული ჟურნალისტიკის ნამდვილი სახე, ცნობილი შანტაჟისტი და ბედის მაძიებელი (უზრდელიც), რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია რა უნდა და სად "ბანაობს" - არც აქეთ, არც იქით, აქეთაც და იქითაც!.. გთხოვთ ყველა დაინტერესებულ პირს მოგვაწოდეთ ფაქტები მის შესახებ (გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ჰყავს დაშანტაჟებული) და ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ რეაგირებას!".

ვინაიდან ტექსტი რედაქციის ანგარიშით გამოქვეყნდა და არ იყო მითითებული კონკრეტული ავტორი და ამასთან "აჭარა PS-ის" რედაქტორo ჯემალ მეგრელიძეა, მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა  ჯემალ მეგრელიძე.

საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებელი, მოპასუხემ საბჭოს კითხვებს უპასუხა დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-4 პრინციპთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო ფოტოს მინაწერში ნათქვამია, რომ ავტორის ინფორმაციით თამარ თაბუკაშვილს "ბევრი ჰყავს დაშანტაჟებული". ამასთან არ არის მითითებული თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ავრცელებს ჟურნალისტი აღნიშნულ ინფორმაციას, სცადა თუ არა მისი გადამოწმება, რაში გამოიხატებოდა შანტაჟის ფაქტი. შესაბამისად, ჟურნალისტი პატივს არ სცემს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი აპელირებდა, რომ ფოტოს მინაწერში ინფორმაციის წყარო არ იყო დადასტურებული. სადავო ტექსტში მითითებულია, რომ ავტორს აქვს ინფორმაცია, რაც ნიშნავს წყაროზე მითითებას და თავის მხრივ კონკრეტული წყაროს არა იდენტიფიცირება არ ნიშნავს, რომ წყარო დაუდასტურებელია.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".  განმცხადებელმა ვერ დაადასტურა, რომ მან ჯემალ მეგრელიძეს მიმართა სადავო ფოტოს მოხსნის მოთხოვნით, შესაბამისად, ვერ დადგინდება მე-5 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის  მეშვიდე  პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მისი, როგორც ქალის, დისკრიმინაცია მოხდა სქესობრივი ნიშნით. ქარტიის საბჭომ სადავო ტექსტი არ მიიჩნია დისკრიმინაციულად, ვინაიდან მასში არ იყო ისეთი შეფასება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოყოფდა განმცხადებელს, როგორც ქალს და კონკრეტულად ამ ნიშნით ახდენდა დისკრიმინაციას.

ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი". ქარტიის საბჭოს პოზიციით, სადავო ტექსტი არ შეიცავს ისეთ ფაქტებს, რომლითაც ხდება განმცხადებლის პირადი ცხოვრების გასაჯაროება/პირად ცხოვრებაში შეჭრა.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად  უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

  • ფაქტის განზრახ დამახინჯება,
  • ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ,
  • პლაგიატი".

განმცხადებლის პოზიციით, ჯემალ მეგრელიძემ განზრახ დაამახინჯა ფაქტი,   ამასთან ვერ დაადასტურა მოტივი თუ რატომ უნდა ყოფილიყო დამახინჯების განზრახვა. ფაქტის განზრახ დამახინჯება ასევე შეიძლება დადგინდეს, როცა ცნობილია თუ რა არის სწორი ფაქტი და ჟურნალისტი მიუხედავად ამისა მაინც არასწორ ფაქტს ავრცელებს, სადავო ტექსტის და არასწორი ფაქტის - "ბევრი ჰყავს დაშანტაჟებული"  ხასიათიდან გამომდინარე ვერ დადგინდება, რომ გაზრახ არასწორი ფაქტი გაავრცელა ჟურნალისტმა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ჯემალ მეგრელიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ჯემალ მეგრელიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე_3, მე_5, მე_7, მე_10 და 11 პრინციპი.

იხილეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია

გადაწყვეტილების თანდართული მასალები