გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – თავდაცვის სამინისტრო ნელი აგირბას, ეკო მაღრაძის, დავით კაკულიას და გიორგი ლაფერაშვილის წინააღმდეგ
29.11.2015

განმცხადებელი : თავდაცვის სამინისტრო;
მოპასუხე : ნელი აგირბა;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 63

 

07 ნოემბერი 2015  წელი

საქმეზე თავდაცვის სამინისტრო ნელი აგირბას, ეკო მაღრაძის, დავით კაკულიას და გიორგი ლაფერაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა

განმცხადებელი: თავდაცვის სამინისტრო

არაწევრი ჟურნალისტები: ნელი აგირბა, ეკო მაღრაძე, დავით კაკულია და გიორგი ლაფერაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა ნელი აგირბამ, ეკო მაღრაძემ, დავით კაკულიამ და გიორგი ლაფერაშვილმა (როგორც სადავო ჟურნალისტური პროდუქტის პროდიუსერმა) დაარღვიეს  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, და მე-11  პრინციპი.

განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერში 2015 წლის 30 აპრილს, 18:00 საათიან “კურიერში” გასული სიუჟეტით, რომელიც  ეხებოდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას.

საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი თამარ კაციტაძე, ხოლო მოპასუხეები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ. საქმის განხილვის დროს განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

შენიშვნა: საქმის განხილვის დახურულ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ თაზო კუპრეიშვილს, რადგან ის და მოპასუხე ჟურნალისტები მუშაობენ ერთ მედიასაშუალებაში. რომ არ გაჩენილიყო ვარაუდი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, მან თვითაცილების საფუძველზე უარი განაცხადა განხილვაში მონაწილეობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის  პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. როგორც აღინიშნა, სადავო სიუჟეტი ეხებოდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას.

სადავო სიუჟეტი დაიწყო წამყვანის შემდეგი ფრაზით: „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ“. აღნიშნული ფრაზა წარმოდგენილი იყო მტკიცებით ფორმაში, რაც მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებდა, რომ  ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის ფაქტი დადასტურებული და გადამოწმებული იყო. ჟურნალისტის განცხადებით, სკანდალური ინფორმაცია  ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

ქარტიის საბჭომ მოიძია ის წყაროები, რომლებმაც პირველად გაავრცელეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას, აღნიშნულ ინფორმაციებში იყო საუბარი ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზე, მაგრამ არა მტკიცებით ფორმაში და ეყრდნობოდა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებელთა ინტერვიუებს. შესაბამისად, მტკიცებით ფორმაში იმის განცხადება, რომ „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ“ არ შეესაბამებოდა ზუსტ და გადამოწმებულ ფაქტს. ასევე აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: თავად სადავო სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ სავარაუდო ძალადობა განხორციელდა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში მაშინ, როცა ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიით ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის ივნისში გაემგზავრნენ და ამ ფაქტზე ისევ „კურიერს“ მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი 2014 წლის 06 ივნისს. შესაბამისად, კიდევ უფრო მცირდებოდა იმის ალბათობა, რომ ქართველი სამხედროები სექსუალური ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მტკიცებით ფორმაში ქართველი სამხედროებს მხრიდან ძალადობაში მონაწილეობის შესახებ განცხადებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

პირველ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი ასევე უთითებდა, რომ არასწორი ფაქტი იყო ჟურნალისტის ფრაზა: „სკანდალური ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს“. კერძოდ, განმცხადებელი აპელირებდა, რომ იყო არა „გამოცემები“, არამედ  ერთი პირველწყარო „France Info”. საბჭომ გადაამოწმა და დაადგინა, რომ მართალია France Info-ზე დაყრდნობით, მაგრამ სხვა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს აღნიშნული ინფორმაცია, რაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც „გამოცემების მიერ“ გავრცელებულ ინფორმაციად.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაციამხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოსდოკუმენტები და ინფორმაცია“. მესამე პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი აპელირებდა, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში წყაროდ  არამართებულად იყო მოხსენიებული  ჟურნალი „გარდიანი“. საბჭო გაეცნო რა  18:00 საათიანი „კურიერის“ სადავო სიუჟეტს, დაადგინა, რომ აღნიშნულ სიუჟეტში ნახსენები არ იყო „გარდიანი“ როგორც წყარო და შესაბამისად განმცხადებლის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ნელი აგირბამ, ეკო მაღრაძემ, დავით კაკულიამ და გიორგი ლაფერაშვილმა (როგორც სადავო ჟურნალისტური პროდუქტის პროდიუსერმა) დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნელი აგირბას, ეკო მაღრაძეს, დავით კაკულიას და გიორგი ლაფერაშვილს (როგორც სადავო ჟურნალისტური პროდუქტის პროდიუსერმა) არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

იხილეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია

გადაწყვეტილების თანდართული დოკუმენტები: