გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ირაკლი ვაჭარაძე გაზეთ "ალიონის" რედაქტორის წინააღმდეგ
05.06.2015

პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 50 19 აპრილი 2015 წელი საქმეზე - ირაკლი ვაჭარაძე გაზეთ "ალიონის" რედაქტორის  წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი, ჯაბა ანანიძე განმცხადებელი: ირაკლი ვაჭარაძე წევრი ჟურნალისტი: ნუგზარ ასათიანი აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ჟურნალ "17 მაისის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ვაჭარაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთმა "ალიონმა" დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი. განცხადების თანახმად ქარტიის პრინციპები დაირღვა 2015 წლის 16 თებერვალს, გაზეთ "ალიონში" გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით "ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში ორი გეი ერთად ცხოვრობს." საქმის განხილვაზე გამოცხადდა ჟურნალ "17 მაისის" რედაქტორი ირაკლი ვაჭარაძე და მოპასუხე ჟურნალისტი, გაზეთ "ალიონის" რედაქტორი ნუგზარ ასათიანი. სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის მე_7 პრინციპის თანახმად : "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით." მოცემული პრინციპი ჟურნალისტს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ არ დაუშვას ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც ხელს შეუწყობს დისკრიმინაციის გაღრმავებას და სტიგმის გაძლიერებას. ამგვარ განმარტებებთან ერთად ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციად ითვლება პირის ისეთი ნიშნით გამოყოფა, რომელიც იწვევს მისდამი განსხვავებულ დამოკიდებულებას ან აყენებს პირს ჩვეულებრივისგან განსხვავებულ მდგომარეობაში. გაზეთ "ალიონში" დაბეჭდილი მასალა არ შეიცავს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, მაგრამ თავად მასალის გამოქვეყნების ფაქტი მოკლებულია გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილ გამორჩეული მოპყრობის პრინციპს, რომელიც გაამართლებდა გაზეთ "ალიონის" მიერ მასალის მომზადებასა და გამოქვეყნებას. საბჭოს შეკითხვაზე გამოაქვეყნებდა თუ არა რედაქცია მასალას, თუ საკითხი შეეხებოდა ჰეტერო წყვილს, ჟურნალისტმა უპასუხა რომ არა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე რომ რედაქციის მხრიდან მოხდა მათი [გეი წყვილის] არჩევა სწორედ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო. ქარტიის მე_10 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატიცი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი." მოცემულ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიიჩნევს, რომ რედაქცია ამ მასალის გამოქვეყნებით შეიჭრა გეი წყვილის პირად ცხოვრებაში შეჭრას, ვინაიდან ისინი არიან კერძო პირები და არ არსებობდა არანაირი საზოგადოებრივი ინტერესი მათი პირადი ცხოვრების გასაჯაროებისთვის. გარდა ამისა განმცხადებელი ამბობდა, რომ ერთი-ერთი არგუმენტი რაც განსაზღვრავს პირების პირად ცხოვრებაში შეჭრას არის ის, რომ მოხდა მათ იდენტიფიცირება და მოცემულმა პირებმა ამოიცნეს საკუთარი თავი. თუმცა მოპასუხე ჟურნალისტის თქმით მასალა არ შეიცავს ისეთ მონაცემებს,რომელიც გაამჟღავნებდა მათ ვინაობას. საბჭომ განიხილა რა მოცემული საკითხი და მიიჩნია, რომ მე_10 პრინციპის განმარტებიდან წყალგამყოფი ხაზი გადის განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესზე და მოცემულ შემთხვევაში არ ჩანს ეს ინტერესი, რის გამოც უნდა გამოექვეყნებინა გაზეთ "ალიონს" ეს მასალა, მაგრამ საბჭომ იმსჯელა იმ ფაქტზე რომ იმისთვის რომ დადგინდეს დარღვევა სახეზე უნდა იყვნენ პირები, რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდა გაზეთში გამოქვეყნებული სტატიით, მარტოოდენ მითითება რომ პირებმა ამოიცნეს საკუთარი თავი არ არის იმის თქმის საფუძველი რომ დაირღვა ქარტიის მე_10 პრინციპი. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია რომ:
  1. ნუგზარ ასათიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
  2. ნუგზარ ასათიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი.