გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – საინფორმაციო ცენტრების ქსელი ჟურნალისტების ვანო ჯავახიშვილის და ცოტნე გეგეჭკორის წინააღმდეგ
05.06.2015

პრინციპები : 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 48 06 აპრილი 2015 წელი საქმეზე - საინფორმაციო ცენტრების ქსელი ჟურნალისტების ვანო ჯავახიშვილის და ცოტნე გეგეჭკორის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, ირაკლი აბსანძე, ირინა ყურუა, გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე განმცხადებელი: საინფორმაციო ცენტრების ქსელი არაწევრი ჟურნალისტები: ვანო ჯავახიშვილი [ტელეკომპანია რუსთავი2] ცოტნე გეგეჭკორი [ტელეკომპანია იმედი] აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საინფორმაციო ქსელების ცენტრმა განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა ვანო ჯავახიშვილმა [ტელეკომპანია "რუსთავი2"] და ცოტნე გეგეჭკორმა [ტელეკომპანია "იმედი"] დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 პრინციპის მესამე ნაწილი, რომელიც დაუშველად მიიჩნევს პლაგიატს. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპი დაირღვა: 2015 წლის 13 თებერვალს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში გასულ გადაცემაში "ვანოს შოუ" [წამყვანი: ვანო ჯავახიშვილი] და 2015 წლის 15 თებერვალს, ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ გადაცემაში "იმედის კვირა" [სიუჟეტის ავტორი ცოტნე გეგეჭკორი]. საქმის განხილვაზე გამოცხადდა საინფორმაციო ცენტრების ქსელის წარმომადგენელი გელა მთივლიშვილი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ. შენიშვნა: საქმის განხილვის დახურულ ეტაპზე, მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ თაზო კუპრეიშვილს, რადგან იგი და მოპასუხე ჟურნალისტი [ვანო ჯავახიშვილი] მუშაობენ ერთ მედია საშუალებაში, რომ არ გაჩენილიყო ვარაუდი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, მან თვითაცილების საფუძველზე თავი შეიკავა განხილვაში მონაწილეობისაგან. სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის მე_11 პრინციპის მესამე ნაწილის თანახმად: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედება - პლაგიატი." განმცხადებლის პოზიცია მე-11 პრინციპის მესამე ნაწილის დარღვევის შესახებ ეყრდნობოდა არგუმენტს, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვიდეომასალა "ნაკურთხი პრემიების შესახებ" ისე არის გამოყენებული ჟურნალისტების მიერ, რომ არცერთხელ არ ყოფილა მითითება წყაროს შესახებ და ეთერში გასული ვიდეო მასალიდანაც წაშლილია კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო. ქარტიის მე-11 პრინციპის მესამე ნაწილის განმარტების თანახმად პლაგიატი არის სხვისი მასალის კოპირება/იმიტირება და საკუთარ მასალად გასაღება. საბჭომ ნახა რა სადავო გადაცემები, უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ არც ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და არც ტელეკომპანია იმედის ეთერით გასულ გადაცემებში არ ჩანდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო და არ ყოფილა არანაირი მითითება ვიდეო მასალის პირველწყაროზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის, ცოტნე გეგეჭკორის კომენტარი, რომელსაც ის სიუჟეტში ამბობს: "საკუთარ პოზიციებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან საკრებულოს წევრი სხდომის შემდეგაც იცავდა." მოცემული წინადადებიდან არ ჩანს მითითება ვიდეომასალის წყაროზე, რომ ის ეკუთვნის კახეთის საინფორმაციო ცენტრს. ცოტნე გეგეჭკორმა სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კომენტარის სახით გამოხატა სოციალურ ქსელ FACEBOOK ში, სადაც აღნიშნა, "იმ ფორმატის ვიდეო, რომელიც გქონდათ [იგულისხმება კახეთის საინფორმაციო ცენტრი] გადაღებული, ჩვენს ფორმატს არ ემთხვეოდა და ამიტომ ლოგოც ვერ გამოჩნდებოდა." აღნიშნული პოზიცია ვერ იქნება გათვალისწინებული საბჭოს მიერ, ვინაიდან თუ შეუძლებელია ვიდეოს ისე გამოყენება, რომ პირველ წყაროს ლოგო დარჩეს ვიდეომასალაზე, შესაძლებელი იყო ტექსტური ან სხვა რამე სახით გაკეთებულიყო მინიშნება ვიდეოს პირველ წყაროს ვინაობაზე. როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2_ის, ისე იმედის ეთერში გასული ვიდეომასალა ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს იგი მოცემული ტელეკომპანიების მიერ იყო მოპოვებული, რაც ცალსახად არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მასალის მსგავსი სახით გავრცელება წარმოადგენდა პლაგიატს. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია:
  1. ვანო ჯავახიშვილმა და ცოტნე გეგეჭკორმა დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპის მესამე ნაწილი.