გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე "ანა სუბელიანი მაია ასათიანის წინააღმდეგ-
21.04.2015

პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 39 01 თებერვალი 2015 წელი საქმეზე - ანა სუბელიანი მაია ასათიანის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ირინა ყურუა, ჯაბა ანანიძე განმცხადებელი: ანა სუბელიანი არაწევრი ჟურნალისტი:   მაია ასათიანი აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა განმცხადებელმა ანა სუბელიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა მაია ასათიანმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე_7 პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპი დაირღვა 2014 წლის 09 ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"_ის ეთერში გასულ გადაცემაში "პროფილი", რომლის წამყვანი იყო მაია ასათიანი, ხოლო გადაცემის თემა - "როგორ დავკარგოთ მამაკაცი". განმცხადებლის პოზიციით სტუმრების მიერ გადაცემის მსვლელობისას გაჟღერებული პოზიციები და რეპლიკები თავისი არსით დისკრიმინაციული ხასიათის იყო ქალთა მიმართ და წამყვანს არ ჰქონდა სათანადო რეაგირება, რაც იწვევდა ქარტიის მე_7 პრინციპის დარღვევას. საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებელი, მოპასუხე არ დასწრებია სხდომას და არც შეპასუხება წარმოუდგენია. შენიშვნა: საქმის განხილვის დახურულ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ თაზო კუპრეიშვილს. რადგან იგი და მოპასუხე ჟურნალისტი მუშაობენ ერთ მედია საშუალებაში, რომ არ გაჩენილიყო ვარაუდი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, მან თვით აცილების საფუძველზე უარი განაცხადა განხილვაში მონაწილეობაზე. სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". როგორც საბჭომ განმარტა თავის გადაწყვეტილებაში "იდა ბახტურიძე და სხვები ირაკლი ხრიკაძის, გიორგი მასხარაშვილის, გიორგი ასანიშვილის და ვახო გეგელიას  წინააღმდეგ" დისკრიმინაცია სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს, თუ ერთ შემთხვევაში შეიძლება დისკრიმინაციად ჩაითვალოს თანაბარ მოცემულობაში პირებისადმი არათანაბარი მოპყრობა, სხვა შემთხვევაში შეიძლება დისკრიმინაცია გამოიხატოს საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ არსებული სტიგმის გაძლიერებით. საბჭომ ქალთა მიმართ სტიგმის შემცველად მიიჩნია გადაცემაში სტუმრების მიერ გაჟღერებული შემდეგი პოზიციები/დამოკიდებულებები:
  • "არ ვიცი, ვიშ, სამი წელი როგორ მომითმინეს, რომ არ მომკლეს სადმე" [05:49 წთ], ასე შეაფასა სტუმარმა ის სავარაუდო შედეგი რაც მის მიერ მეუღლისადმი ზედმეტ ყურადღებას შეიძლება მოჰყოლოდა.
  • "გულწრფელი ცოლი არის სულელი ცოლი, რომელიც მალე რჩება მარტო" [07:16 წთ] ფრაზა გაჟღერდა სტუმრის პოზიციაში, რომ ცოლი სულ უნდა აქებდეს მის მეუღლეს, მიუხედავად იმისა რამდენად გულწრფელია ეს შექება.
  • "როგორც მე ვუვლიდი [იგულისხმება შვილი] რატომ უნდა მოერა ისე მას [იგულისხმება მეუღლე მამაკაცი] [12:20 წთ].
  • გადაცემის 24:01 წუთზე რესპოდენტი საუბრობს იმ გზებზე თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს მამაკაცი და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მამაკაცს არ უნდა "უბურღავდე" ტვინს, არასდროს არ უნდა კითხო სად არის, როდის მოვა, სულ უნდა გქონდეს დაუთოებული მისი ტანსაცმელი, ორი სახის საჭმელი უნდა იყოს მაცივარში.
  • "კაცს უნდა დაუთმო" [36:30 წთ] ერთ ერთი სტუმრის პოზიცია.
  • გადაცემის 51:20 წუთზე წამყვანი ეკითხება სტუმარს თუ რა დამოკიდებულება აქვს სხვა რესპოდენტის მოსაზრებაზე, რომ პერანგები დაუთოებული უნდა ჰქონდეს მამაკაცს და ორი სახის საჭმელი უნდა იყოს მზად. სტუმარი პასუხობს, რომ ეს არის მოწესრიგებული მის ოჯახში და ეს რომ დაირღვეს "ატარებს რაღაცა კონცერტებს", ასევე დასძენს, "რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სახლში მეუღლემ აუცილებლად უნდა გაგიმზადოს საჭმელი"
  • გადაცემის 53_ე წუთიდან წამყვანი სტუდიაში წარადგენს ახალ სტუმრებს, როგორც წარმატებული ოჯახის მქონე პირებს. ერთ - ერთი სტუმარი შემდეგ საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პერანგებს არ აუთოვებდა, არც საჭმელებს აკეთებდა, მაინც წარმატებული ოჯახი აქვს, რასაც მოსდევს წამყვანის რეპლიკა: "გაგიმართლა"
ყველა ზემოთ მითითებული პოზიცია და შეხედულება საბჭოს შეფასებით დისკრიმინაციულია, ვინაიდან ხელს უწყობს და ამყარებს სტიგმას ქალთა შესახებ, კერძოდ მოსაზრებები ცალსახად ყოფენ ქალის და მამაკაცის როლს ოჯახში, და ამ როლის დარღვევის თუ არ შეუსრულებლობის გამო შესაძლებელია ქალმა შესაბამისი საყვედური მიიღოს/მამაკაცის აგრესია გამოიწვიოს. სტუმრების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალმა უნდა იზრუნოს მამაკაცის კომფორტისათვის, არ უნდა შეაწუხოს დამატებით, პირნათლად შეასრულოს "მოვალეობები" და მხოლოდ ასე შეუძლია მოიპოვოს მამაკაცის კეთილგანწყობა. გადაცემაში გაჟღერებული ფრაზებით მხარდაჭერილია გენდერული დისბალანსი და მამაკაცის უპირატესს როლს უსვამს ხაზს. "მოვალეობების" არ შესრულების მიუხედავად, წარმატებული ოჯახის ქონას "გამართლებად" მიიჩნევს წამყვანი, ანუ სტანდარტად შემოთავაზებულია, რომ წარმატებული ოჯახის არსებობის წინაპირობა ქალის მიერ მამაკაცზე უპრეტენზიო ზრუნვაა. ქარტიის მეშვიდე პრინციპის შინაარსობრივი განმარტების თანახმად პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არა ტოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. აღნიშნული განმარტება ჟურნალისტს [კონკრეტულ შემთხვევაში წამყვანს] აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ მან "ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად", უნდა გაემიჯნოს მკაფიოდ და ცალსახად დისკრიმინაციას და მიუთითოს ამის შესახებ იმ პირს, რომლის მხრიდანაც ადგილი აქვს დისკრიმინაციას. მართალია პერიოდულად წამყვანს ჰქონდა მცდელობა რომ გამიჯნვოდა დისკრიმინაციას, ფრაზებით: "არ მინდა ვიყო მონაპოვარი", "ორივე მხარე უნდა იყოს თანაბარუფლებიანი", მაგრამ ეს საერთო ფონს არ ცვლიდა და ხშირად პირიქით ახალისებდა ხოლმე სტიგმას [გადაცემის 53 წუთიდან წამყვანი სტუდიაში წარადგენს ახალ სტუმრებს, როგორც წარმატებული ოჯახის მქონე პირებს. ერთ სტუმარი შემდეგ საუბრობს, რო მიუხედავად იმისა, რომ ის პერანგებს არ აუთოვებდა, არც საჭმელებს აკეთებდა, მაინც წარმატებული ოჯახი აქვს, რასაც მოსდევს წამყვანის რეპლიკა: "გაგიმართლა"] მთლიანი გადაცემის შეფასების შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე არ იხმარა რათა შეეზღუდა სტუმართა სტიგმის შემცველი და შესაბამისად დისკრიმინაციული მოსაზრებების გავრცელება და სათანადოდ არ მოუხდენია გამიჯვნა ასეთი მოსაზრებებისაგან, რაც შთაბეჭდილებას ტოვებდა რომ იგი იზიარებდა მსგავსს მოსაზრებებს, აღნიშნული გარემოება შესაბამისად იწვევს ქარტიის მე_7 პრინციპის დარღვევას. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ:
  1. მაია ასათიანმა დაარღვა ქარტიის მე_7 პრინციპი.