01 მარტი 2015 წელი
საქმეზე – გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ირაკლი აბსანძე, გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.
განმცხადებელი: გიორგი მოსიაშვილი
წევრი ჟურნალისტი: მაია მამულაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა გიორგი მოსიაშვილმა.
პირველი განცხადებით განმცხადებელი სადავოდ ხდიდა http://www.knews.ge/_ზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: „დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის გამო „კახეთის ხმა“ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სასამართლოს მიმართავს“. აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით გიორგი მოსიაშვილი თვლიდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი, მესამე, მე_7 და მე_11 პრინციპი. განცხადების ზეპირად განხილვის პროცესში განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა მე_7 პრინციპთან დაკავშირებით.
მეორე განცხადება შეეხებოდა ასევე http://www.knews.ge/_ზე (R) ნიშნით გამოქვეყნებულ მასალას: „ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობასთან მისი შვილის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს“. თავდაპირველად გიორგი მოსიაშვილი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული სტატიით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, საბჭოს სხდომის დროს განმცხადებელმა შეცვალა სადავო პრინციპი და საბჭოს მიმართა რათა მეორე განცხადება განხილულიყო ქარტიის მე_9 პრინციპის ჭრილში.
საქმის განხილვაზე გამოცხადნენ როგორც განმცხადებელი გიორგი მოსიაშვილი, ისე მოპასუხე მაია მამულაშვილი.
სამოტივაციო ნაწილი:
- ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. საბჭომ შეისწავლა რა განცხადება და სადავო სტატია, მიიჩნია, რომ რიგი ფაქტები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში იყო მითითებული სტატიაში არ შეესაბამებოდა ზუსტ ინფორმაციას. კერძოდ, სტატიაში ვკითხულობთ, რომ:
- „გიორგი მოსიაშვილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თელავის მერის კანდიდატი იყო, გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციის გამოსახლებას და მისი კუთვნილი „მედია კაფეს“ დახურვას ითხოვს“.
- „ამავე დროს ეჭვი გამოთქვა, რომ რედაქციას „ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან“ ფართი უკანონოდ აქვს გადაცემული და შესაბამისი პირებისგან დაინტერესება მოითხოვა“.
როგორც მოპასუხემ აღნიშნა მსგავსი სახის ინფორმაციების გავრცელების საფუძველს წარმოადგენდა გიორგი მოსიაშვილის მიერ სოციალურ ქსელ FACEBOOK_ში გაკეთებული კომენტარები, აღნიშნულის დასტურად საბჭოს წარედგინა ორი კომენტარი:
- [გეთანხმებილალი.ზოგადადმართლაცგანსაკუთრებითმძიმემდგომარეობაასამხატვროსკოლაში…სამწუხაროაისფაქტი,რომნაციონალურმახელისუფლებამგარკვეულიფართიარაპროფილურიმიმართულებითგადასცასხვაორგანიზაციას.ვფიქრობესიყოარასწორი.ახლავართრაღაცჩიხურმდგომარეობაში.ძნელიადაშეიძლებაუსამართლობაიყოსამ ეტაპზე გამოასახლო ეს ორგანიზაცია,მაგრამ მერიამ ალბათ უნდა დაიწყოსფიქრი იმაზე,რომ ამ კონკრეტულ ორგანიზაციას გამოუყოს შესაფერისი ფართიშესაბამისი პირობებით,ხოლო აღნიშნული დარბაზი დაუბრუნოსსკოლას...ზოგადად რთული სიტუაციაა,თუმცა ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს გადაჭრას…აქვე დავამატებ,რომ ორგანიზაცია,რომელიც ამ მომენტისთვის იმყოფება შენობაში ემსახურება კარგ საქმეს,რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას….]
- [… ჩვენი შვილების სასწავლო კუთხეს უწოდე ჰარამხანა და უნდა იქნას გაძევებული იმ შენობიდან სადაც ჩვენი მომავალი თაობა ხელოვნებას ეზირება ] როგორც ორივე მხარემ დაადასტურა, წინამდებარე კომენტარის გამოქვეყნებას წინ უძღოდა სოციალურ ქსელში გიორგი მოსიაშვილსა და მაია მამულაშვილს შორის ცხარე კამათი
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გიორგი მოსიაშვილის არც ერთი კომენტარი არ შეიცავს მითითებას, რომ იგი „მედია კაფეს“ დახურვას ითხოვს, პირიქით, პირველ კომენტარში გიორგი მოსიაშვილი მედია საშუალებისათვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესაძლებლობას განიხილავს. გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული ფართის დატოვება თავისთავად არ გულისხმობს მედია კაფის დახურვას.
FACEBOOK კომენტარში გიორგი მოსიაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ფართი არაპროფილურად იქნა გადაცემული მედია საშუალებისათვის, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა არაკანონიერ გადაცემას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა წყაროს [FACEBOOK კომენტარებს] და ამით ირღვეოდა ქარტიის პირველი პრინციპი.
- განმცხადებელმა ქარტიის მე_3 პრინციპის მეორე ნაწილი [ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია] დარღვეულად მიიჩნია, ვინაიდან სადავო სტატიაში სრულად არ იყო მოყვანილი მოსიაშვილის FACEBOOK კომენტარი. კერძოდ, გამოქვეყნებული კომენტარი არ შეიცავდა ფრაგმენტს, სადაც გიორგი მოსიაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაია მამულაშვილმა სამხატვრო სკოლას „ჰარამხანა“ უწოდა. საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ფრაგმენტის არ მოხსენიებით არ მიჩქმალულა ისეთი გარემოება, რომელიც სადავო სტატიის არსიდან გამომდინარე არსებითად მნიშვნელოვანი იქნებოდა მკითხველისათვის.
- ქარტიის მე_9 პრინციპის თანახმად „სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან“. მე_9 პრინციპთან მიმართებით განმცხადებელი სადავოდ ხდიდა http://www.knews.ge/_ზე (R) ნიშნით გამოქვეყნებულ მასალას სათაურით: „ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობასთან მისი შვილის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს“. მე_9 პრინციპთან დაკავშირებით საბჭოს არ ჰქონია შემუშავებული განმარტება ან/და მითითება და შესაბამისად, ვინაიდან ფორმალური წინაპირობა დაცული იყო და სტატიის სათაურში მინიშნებული იყო (R) ნიშანი, მოპასუხე ჟურნალისტის მიერ მე_9 პრინციპის დარღვევა ვერ დადგინდება.
წინამდებარე გადაწყვეტილებაში საბჭო დამატებით განმარტავს მე_9 პრინციპის მოქმედების ფარგლებს და დანიშნულებას, რათა შემდგომში აღნიშნული წარმოადგენდეს სახელმძღვანელო მითითებას დაფინანსებული მასალის გასასხვავებლად სარედაქციო მასალისაგან.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:
რეკლამა – საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში– საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
სპონსორობა – არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით.
საკანონმდებლო განმარტებებიდან ცალსახად ჩანს, რომ როგორც რეკლამა ისე სპონსორობა თავისი ხასიათით გულისხმობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია პროდუქციის ან/და მომსახურების წარმოსაჩენად, მათი რეალიზაციის წახალისების/ცნობადობის ამაღლების მიზნით.
სადავო სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა (R) ნიშნით, აღწერილი იყო კონკრეტული ფაქტები, პირები და გარემოებები, რომლებიც თავისი შინაარსით არ შეესაბამებოდა არც რეკლამას და არც სპონსორობას, მიუხედავად აღნიშნულისა საბჭო თვლის, რომ მსგავსს შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს ქარტიის მე_9 პრინციპი, ვინაიდან სტატია არ იყო ჟურნალისტური პროდუქტი, მის მომზადებას საფუძვლად არ ედო ჟურნალისტის ინიციატივა და სტატიის გამოქვეყნების ერთადერთ მოტივს ფინანსური სარგებლის მიღება წარმოადგენდა.
რეკომენდაციის სახით საბჭო მიუთითებს, რომ ეთიკური პრინციპების დაცვისათვის მიზაშეწონილია მედია საშუალებამ თავი შეიკავოს საფასურის სანაცვლოდ ისეთი მასალის გამოქვეყნებისაგან, რომელიც არ წარმოადგენს პირდაპირ სარეკლამო/სასპონსორო ინფორმაციას და მასში ხდება კონკრეტული ფაქტებზე ან პირებზე მითითება, ვინაიდან ასეთი მასალა ყველაზე მეტად გავს ჟურნალისტურ პროდუქტს და ამასთან არსებობს იმის ალბათობა, რომ მასალაში ფაქტები არ იყოს ზუსტი, შეიცავდეს ცილისმწამებლურ განცხადებებს და ა.შ.
თუ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მედია საშულება გადაწყვეტს, საფასურის სანაცვლოდ გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს წმინდა სახის სარეკლამო/სასპონსორო მასალას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყოს მითითება იმის შესახებ, რომ მასალაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა. მკითხველს/მსმენელს აქვს მოლოდინი რომ მედია საშუალებით გამოქვეყნებული მასალის შინაარსი ასახავს ავტორი ჟურნალისტის ძალისხმევას, რომ გაევრცელებინა სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია და თუ გამოქვეყნებული მასალა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ ატარებს სხვა პირის ინტერესს, ამის შესახებ ცალსახად და ვრცლად უნდა იყოს ხაზგასმული, კერძოდ მითითებული უნდა იყოს რომ ინფრომაციაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა და უნდა აღინიშნოს ვის მიერ დაფინანსდა მასალის გამოქვეყნება.
თუ მედია საშუალების მიერ ვრცელდება წმინდა სახის სარეკლამო/სასპონსორო ინფორმაცია, მაშინ საკმარისია ამ მასალის (R) ით აღნიშვნა იმ წინაპირობით, რომ შესაბამის მედია გამოცემაში მკაფიოდ და თვალსაჩინოდ იქნება მოცემული ნიშან (R) ის განმარტება.
- ქარტიის მე_11 პრინციპთან დაკავშირებით გიორგი მოსიაშვილი მიიჩნევდა, რომ მაია მამულაშვილმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა. ყოველ მსგავსს შემთხვევაში საჭიროა, რომ საბჭომ შეაფასოს განზრახ და გამიზნულად გაავრცელა ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია თუ სახეზე იყოს ფაქტის/ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირება. კონკრეტულ შემთხევაში საბჭო მიიჩნევს, რომ მაია მამულაშვილმა ისე გაავრცელა გიორგი მოსიაშვილის კომენტარები როგორც თავად აღიქვა, რაც მან საქმის განხილვის დროს დაადასტურა კიდეც, ანუ თავად მაია მამულაშვილმა ფრაზები „უნდა იქნას გაძევებული იმ შენობიდან“, „ნაციონალურმა ხელისუფლებამ გარკვეული ფართი არაპროფილური მიმართულებით გადასცა“ აღიქვა იმ კონტექსტით როგორი სახითაც გადმოცემული იყო სტატიაში, თავის მხრივ აღქმა არ შეესაბამებოდა რეალურ ფაქტს და ამიტომ დადგინდა კიდეც პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო რაც შეეხება მე_11 პრინციპს, საბჭო მიიჩნევს, რომ ფაქტები არასწორად განზრახ არ გაუვრცელებია მაია მამულაშვილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
- მაია მამულაშვილმა დაარღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
- მაია მამულაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე_3, მე_9 და მე_11 პრინციპები.