გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – MDF და TDI მალხაზ გაგუას წინააღმდეგ
19.05.2014

განმცხადებელი : მედიის განვითარების ფონდი;
მოპასუხე : მალხაზ გაგუა;
პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;

გადაწყვეტილება N __ ___________ 2014 წელი

საქმეზე - მედიის განვითარების ფონდი და მრავალფეროვნების ინსტიტუტი     მალხაზ გაგუას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, ირაკლი აბსანძე, გიორგი მგელაძე, დავით მჭედლიძე, ნათია როყუა.
განმცხადებელი: მედიის განვითარების ფონდი და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
არაწევრი ჟურნალისტი: მალხაზ გაგუა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ორგანიზაციებმა   მედიის განვითარების ფონდმა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა. განმცხადებლების პოზიციით,  გაზეთ "რეზონანსის" რედაქციამ 2014 წლის 12 მარტს გართობის რუბრიკაში გამოქვეყნებული სტატიით, "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ", დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ სადავო სტატიის სათაური ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის გაღვივებას  და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით მათ დისკრიმინაციას უწყობდა ხელს, ხოლო სტატიაში მოყვანილი სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავების დამოკიდებულება ლგბტ ჯგუფებისადმი არაერთგვაროვანია და არ შეიძლება შეფასდეს მათდამი სიძულვილის გამოვლინებად. ვინაიდან სადავო სტატიას ავტორი არ ყავდა მითითებული, მოპასუხედ დასახელებული და განსაზღვრული იქნა  გაზეთ რეზონანსის რედაქტორი მალხაზ გაგუა. საბჭოს  შესაბამისმა წევრებმა  განცხადება დასაშვებად ცნეს. მოპასუხე ჟურნალისტს საკუთარი პოზიცია არ წარმოუდგენია. განმცხადებლის წარმომადგენლები, თამარ კინწურაშვილი და ეკა ჭითანავა  სხდომაზე დამატებით გამოიკითხნენ საბჭოს წევრების მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად  "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საბჭო პრაქტიკის თანახმად ჟურნალისტური პროდუქტის სათაური თვით პროდუქტის არსებითი ნაწილია და მისი მიმართება ტექსტთან შესაძლებელია განხილული იქნას ქარტიის პრინციპების ჭრილში. სადავო სტატიის სათაური მოცემული იყო შემდეგი სახით "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ". მკითხველს უჩნდება მოლოდინი რომ სტატიაში მითითებული ფაქტების უმრავლესობა ამტკიცებს ჰოლივუდის ვარსკვლავების სიძულვილს  ჰომოსექსუალების მიმართ. თვით სტატიაში მოყვანილი ფაქტების მეტი წილი კი შეეხება ჰოლივუდის ვარსკვლავების ნეგატიურ დამოკიდებულებას ჰომოსექსუალი წყვილების ქორწინებასთან, ან ჰოლივუდის ვარსკვლავების მცდელობას რომ არ მოახდინონ თვითიდენტიფიცირება ჰომოსექსუალ პირებთან,  და არ ჩანს ჰოლივუდის ვარსკვლავების სიძულვილი თავად ჰომოსექსუალი პირების მიმართ. ციტირებები: "ის [ალენ დელონი] კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება მისცენ" ,  "ის [რეპერი 50 სენტ] გეი ქორწინებაზე "ტვიტერში" დაწერილი პოსტის გამო გააკრიტიკეს". სტატიის თანახმად რეპერი ემინემი აცხადებს  რომ იგი ჰომოფობი არაა, მაგრამ სტატია  ამტკიცებს რომ მისი სიმღერების ტექსტები ჰომოფობიურია. სტატიაში ასევე საუბარია იმ მსახიობებზე, რომლებიც  პირიქით დადებითად არიან განწყობილი ჰომოსექსუალი პირების მიმართ.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სტატიის სათაური "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ"  არ შეესაბამება სტატიის შინაარს და არ წარმოადგენს ზუსტ ინფორმაციას,  სტატიაში მითითებული ჰოლივუდის ვარსკვლავთა უმრავლესობა არ გამოხატავს სიძულვილს უშუალოდ ჰომოსექსუალი პირების მიმართ. საბჭო თვლის, რომ სტატიის სათაურის და შინაარსის არაზუსტი ურთიერთმიმართებით, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე_7 პრინციპის თანახმად "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". აღნიშნული პრინციპი ჟურნალისტს  პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ჟურნალისტმა არ უნდა დაუშვას ისეთი მასალის გამოქვეყნება, რაც ხელს შეუწყობს დისკრიმინაციის გაღრმავებას.  ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით [2013 წლის 17 მაისი, დისკუსია "ანტიდისკრიმანაციულ კანონთან"  დაკავშირებით], ცალსახაა, რომ სექსუალური  უმცირესობა ყველაზე მოწყვლად და დისკრიმინირებულ უმცირესობას წარმოადგენს საქართველოში და მათ შესახებ  ნეგატიური აქცენტით გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც ამასთან არ შეესაბამება სიმართლეს, ცალსახად ახდენს არა მხოლოდ წახალისებას, არამედ თავად დისკრიმინაციულია. სათაურად ფრაზის: "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ", შერჩევა, მაშინ როცა თვითონ სტატიაში საუბარია ჰოლივუდის ვარსკვლავების როგორც პოზიტიურ ისე ნეგატიურ დამოკიდებულებასთან ჰომოსექსუალების მიმართ, ცალსახად დისკრიმინაციის წახალისებაა და იწვევს ჰომოსექსუალი პირების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამძაფრებას. სრულიად შესაძლებელი იყო, სტატიის სათაური ყოფილიყო "ჰოლივუდის ვარსკვლავების დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ", და არ მომხდარიყო "სიძულვილის" ხაზგასმა. საბჭო დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა განზრახვა  გამოეწვია დისკრიმინაციის წახალისება, მაგრამ თვით ცალკე აღებული სტატია, როგორც ფაქტი, სწორედ რომ დისკრიმინაციული ხასიათისაა. ზემოაღნიშნულიდან საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ მოხდა ქარტიის მე_7 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საბჭომ გადაწყვიტა:
  1. დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ მალხაზ გაგუამ დაარღვია ქარტიის პირველი და მეშვიდე  პრინციპი.
იქვე მოყვანილია ალენ დელონის პოზიცია, რომ იგი გეი ქორწინების წინააღმდეგი არაა.