გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – ვლას ვაწაძე საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ
05.04.2014

განმცხადებელი : ვლას ვაწაძე;
მოპასუხე : საბა წიწიკაშვილი;
პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

 

ქ. თბილისი,   25 იანვარი 2014 წელი

საქმეზე ვლას ვაწაძე საბა წიწიკაშვილის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი, ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე.

განმცხადებელი: ვლას ვაწაძე

წევრი ჟურნალისტი: საბა წიწიკაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა ვლას ვაწაძემ, ქარტიის წევრი ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის  წინააღმდეგ. წარმოდგენილ განცხადებაში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაირღვა საბა წიწიკაშვილის მიერ  მომზადებულ და ვეგ გვერდ qartli.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ,,ჯეობარული” კონკურსი და დაძაბულობა უფლისციხის მუზეუმში“. სტატია ეხებოდა უფლისციხის მუზეუმ – ნაკრძალის მმართველის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს. განმცხადებელი ასევე მიუთითებდა FACEBOOK ში, მომხმარებელ „ახალი ამბები შიდა ქართლიდან“ სახელით გაკეთებულ კომენტარებზე. ვლას ვაწაძემ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი აზრით ზემოაღნიშნულ სტატიაში და FACEBOOK ში გაკეთებული კომენტარებით დაირღვა ქარტიის  პირველი, მე_3, მე_5, მე_7, მე_10 და მე_11 პრინციპები.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი ვლას ვაწაძე, ხოლო მოპასუხე საბა წიწიკაშვილმა საბჭოს შეკითხვებს უპასუხა დისტანციური ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.   საბა წიწიკაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო მომხმარებელ „ახალი ამბები შიდა ქართლიდან“ სახელით FACEBOOK ზე გაკეთებულ კომენტარებზე.

სამოტივაციო ნაწილი:

  1. ქარტიის 1  პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას დააკონკრეტა, რომ მისი აზრით ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა  სტატიაში გამოყენებული შემდეგი ფრაზებით:

  1. „დაძაბულობა“  [„დაძაბულობა რომ იყო მუზეუმში, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2013 წლის სექტემბერში წერდა“]
  2. „ჯეობარული კონკურსი“
  3. „სუსტი რგოლი“  [„ვინ აღმოჩნდება ამ ოთხში ,,სუსტი რგოლი”, სავარაუდოდ ერთ თვეში გაირკვევა“]
  4. „თანამშრომლებს შორის ამბების მიტან-მოტანით და დაპირისპირებითაა დაკავებული“ [იგულისხმება ვლას ვაწაძე].

ვლას ვაწაძემ ასევე განცხადა, რომ მას არ ეკუთვნოდა სტატიაში ვლას ვაწაძის კომენტარად მითითებული  შემდეგი  ციტატა:  „მსგავსი დავალება არ ყოფილა, მე ყველას შევატყობინე კონკურსის შესახებ და შევთავაზე მიეღოთ მონაწილეობა. ამასთანავე დავუთმე კომპიუტერიც, რომ განაცხადი დაეწერათ”.

საბჭო აღნიშნავს, რომ პირველი სამი ფრაზა არის შეფასება და არა ფაქტი, ამასთან, პირველ ფრაზასთან დაკავშირებით სტატიაში მითითებულია წყარო, რომელიც ჟურნალისტს მსგავსი შეფასების გაკეთების საფუძველს აძლევს. მეორე და მესამე ფრაზებთან დაკავშირებით საბა წიწიკაშვილმა განმარტა, რომ მისი აზრით გამოცხადებული კონკურსი თავისი პრინციპებით გავდა ცნობილ რეალით შოუ „ჯეობარს“ და  ვინაიდან კონკურსის ერთ – ერთი მონაწილე (ვლას ვაწაძე) წარსულში ამავე რეალითი შოუში იღებდა მონაწილეობას, მან   ფრაზები „ჯეობარული კონკურსი“  და „სუსტი რგოლი“    როგორც  მეტაფორა ისე გამოიყენა.

„თანამშრომლებს შორის ამბების მიტან-მოტანით და დაპირისპირებითაა დაკავებული“ აღნიშნული ფრაზასთან დაკავშირების სტატიაში მითითებულია რომ იგი ეკუთვნის ფიზიკურ პირ ნუკრი მირუაშვილს და შესაბამისად  ფრაზა წარმოადგენს არა დადასტურებულ ფაქტს, არამედ რესპოდენტის პოზიციას.

„მსგავსი დავალება არ ყოფილა, მე ყველას შევატყობინე კონკურსის შესახებ და შევთავაზე მიეღოთ მონაწილეობა. ამასთანავე დავუთმე კომპიუტერიც, რომ განაცხადი დაეწერათ.” – საბა წიწიკაშვილმა დაადასტურა, რომ ასეთი შეფასება ვლას ვაწაძეს მისთვის არ მიუცია, მაგრამ საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც ვლას ვაწაძემ, კონკურსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე აღნიშნული კომენტარი გააკეთა საჯაროდ, FACEBOOK ის მეშვეობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ქარტიის პირველი პრინციპის    [ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია] დარღვევას სადავო სტატიაში ადგილი არ ჰქონია.

2.  ქარტიის მე_3 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ვლას ვაწაძის განცხადებით მე_3 პრინციპის დარღვევა  გამოიხატა იმ ფაქტით, რომ ჟურნალისტმა სადავო სტატიაში არ მიუთითა მისი სამეცნიერო ხარისხის შესახებ, კერძოდ ის, რომ ვლას ვაწაძე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

საბჭო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის აღნიშვნა წარმოადგენს სარედაქციო დამოუკიდებლობის საგანს და ვერ ჩაითვლება „მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვად“, ვინაიდან სტატია ეხებოდა ზოგადად კონკურსს და მუზეუმ – ნაკრძალში არსებულ სიტუაციას და არ ხდებოდა კანდიდატთა კვალიფიკაციის შეფასება/ შედარება.

3.  ქარტიის მე_5  პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში

შეჰყავს საზოგადოება“. აღნიშნული პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება თუ ცალსახად არასწორი ფაქტის შესახებ    ჟურნალისტს  შეატყობინეს ან საჯაროდ ცნობილი გახდა და მან არ განახორციელა შესწორება. ვლას ვაწაძემ ვერ მიუთითა თუ რომელი ცალსახად არასწორი ფაქტი უნდა  შეესწორებინა სტატიის ავტორს  და დაადასტურა, რომ მის მიერ არ ყოფილა მცდელობა დაკავშირებოდა საბა წიწიკაშვილს და მოეთხოვა  მისი აზრით არასწორი ფაქტის შესწორება.

4.  ქარტიის მე_ 7 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ვლას ვაწაძის პოზიციით, ქარტიის მე_7 პრინციპი  (დისკრიმინაციის საფრთხე) დაირღვა FACEBOOK ში მომხმარებელ „ახალი ამბები შიდა ქართლიდან“ სახელით გაკეთებული კომენტარებით, რომელი კომენტარებითაც ავტორი ეჭვქვეშ აყენებს რომ ვლასის ნამდვილი გვარი არის „ვაწაძე“  და მოუწოდებს რომ არ დამალოს მისი ნამდვილი გვარი და ხომ არ ეშინია „საკუთარი წარმომავლობის“.

საბჭო აღნიშნავს რომ კომენტარი, რომელიც ოფიციალური მომხმარებელ „ახალი ამბები შიდა ქართლიდან“  სახელით არის გაკეთებული დისკრიმინაციული ხასიათისაა, უთითებს რომ თითქოს  ვლას ვაწაძე დისკრიმინირებულია საკუთარი წარმომავლობის გამო და იგი იძულებულია დამალოს საკუთარი წარმომავლობა. დადასტურებული ფაქტიც რომ ყოფილიყო ბატონი ვლასის მიერ გვარის შეცვლა, ამ ფაქტზე მითითება მაინც დისკრიმინაციულია, ხოლო გარემოება უფრო მძიმდება როცა არა ფაქტზე, არამედ სხვა  ვებ.გვერდზე გაკეთებულ კომენტარზე (ციტატა     ambebi.ge ზე დაუკომენტარებიათ გვარი აქვს შეცვლილიო“) დაყრდნობით ხდება  დისკრიმინაციის შემცველი  პოზიციის/შეკითხვის დაფიქსირება. ვინაიდან მომხმარებელ „ახალი ამბები შიდა ქართლიდან“  სახელით გაკეთებულ კომენტარებზე პასუხისმგებლობა აიღო საბა წიწიკაშვილმა, საბჭო თვლის რომ მან დაარღვია ქარტიის მე_7 პრინციპი.

5.  ქარტიის მე_10  პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ქარტიის მე_10  პრინციპის თანახმად: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. ვლას ვაწაძის პოზიციით აღნიშნული პრინციპი დაირღვა  პირადი მიმოწერით FACEBOOK ზე, რომელი მიმოწერის დროსაც ვლას ვაწაძის განცხადებით,  საბა წიწიკაშვილმა შეურაცყოფა მიაყენა. საბჭო განმარტავს, რომ პირადი მიმოწერა არ წარმოადგენს ჟურნალისტურ პროდუქტს და მისი განხილვა არ განეკუთვნება საბჭოს კომპეტენციას.

6.  ქარტიის მე_11  პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

ვლას ვაწაძე მიუთითებდა, რომ ქარტიის მე_11 პრინციპი დაირღვა პირველ ნაწილში, კერძოდ მოხდა ფაქტის განზრახ დამახინჯება. საბჭო განმარტავს, ვინაიდან არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) დარღვევა, შესაბამისად ვერ ექნებოდა ადგილი ფაქტის განზრახ დამახინჯებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

  1. Qartli.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ,,ჯეობარული” კონკურსი და დაძაბულობა უფლისციხის მუზეუმში“, საბა წიწიკაშვილის მიერ არ დარღვეულა ქარტიის ქარტიის პირველი, მე_3, მე_5, მე_10 და მე_11 პრინციპები.
  2. FACEBOOK ში მომხმარებელ „ახალი ამბები შიდა ქართლიდან“ სახელით გაკეთებული კომენტარებით,  საბა წიწიკაშვილის მიერ დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი.