გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – კობა კობალაძე მარიამ გაფრინდაშვილის და ირინა ჯორბენაძის წინააღმდეგ
19.03.2014

განმცხადებელი : კობა კობალაძე;
მოპასუხე : მარიამ გაფრინდაშვილი;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N __
___________ 2014 წელი

საქმეზე - კობა კობალაძე მარიამ გაფრინდაშვილის და ირინა ჯორბენაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, ირაკლი აბსანძე, გიორგი მგელაძე, დავით მჭედლიძე, ირინა ყურუა.  
განმცხადებელი: კობა კობალაძე
არაწევრი ჟურნალისტები: მარიამ გაფრინდაშვილი და ირინა ჯორბენაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  ფიზიკურმა პირმა კობა კობალაძემ. განმცხადებლის პოზიციით, 2014 წლის 01 თებერვალს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საღამოს ეთერში, საინფორმაციო გადაცემა კურიერში 21 საათსა და 13 წუთზე გასული სიუჟეტით, რომელიც ეხებოდა  ე.წ. მუხროვანის ამბოხს, დაირღვა   ქარტიის პირველი, მე_3, მე_4 პრინციპი და     მე-11 პრინციპის პირველი ნაწილი. აღნიშნული სიუჟეტის ავტორებს წარმოადგენდნენ მარიამ გაფრინდაშვილი და ირინა ჯორბენაძე. საბჭოს  შესაბამისმა წევრებმა  განცხადება დასაშვებად ცნეს. მოპასუხე ჟურნალისტებს საკუთარი პოზიცია არ წარმოუდგენიათ. განმცხადებლის წარმომადგენელი, ადვოკატი ემზარ პაქსაძე, სხდომაზე დამატებით გამოიკითხა საბჭოს წევრების მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად  "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საბჭო გაეცნო განცხადებას, შეისწავლა სადავო სიუჟეტი და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების, მარიამ გაფრინდაშვილის და ირინა ჯორბენაძის მიერ ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. პრინციპის დარღვევა გამოიხატა სადავო სიუჟეტით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. კერძოდ, სიუჟეტში კობა კობალაძე მოხსენიებულია  მუხროვანის ამბოხების ერთ ერთ მეთაურად, პირად, რომელიც ამბოხს სათავეში ჩაუდგა. ასევე, სიუჟეტის თანახმად კობა კობალაძე პატიმრობიდან განთავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე,  როგორც პოლიტპატიმარი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის განჩინება (აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით), რომლის თანახმად კობა კობალაძე გამართლებული იქნა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით [შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად]  წარდგენილ ბრალდებაში.  შესაბამისად, კობა კობალაძე არ იყო დადანაშაულებული ამბოხის ორგანიზებაში, პირიქით, იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ასევე, კობა კობალაძე არ ფიქსირდებოდა ამნისტირებულ პოლიტ პატიმართა სიაში, რომელი სიაც გამოქვეყნდა და საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.   საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც ამზადებდნენ აღნიშნულ სიუჟეტს, ყოველმხრივ უნდა გამოეკვლიათ ფაქტები და ისე გაევრცელებინათ ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ   საკმაოზე მეტად  ადვილი იყო იმ ფაქტების გადამოწმება, რომელი ფაქტებიც არასწორად იქნა ტირაჟირებული.  მაგალითად, საძიებო სისტემა Google ში საძიებო პარამეტრის "კობა კობალაძე" შეყვანისთანავე ძიების რეზულტატების  პირველივე ათეულში  ერთ - ერთ ინფორმაციად მითითებულია, რომ კობა კობალაძე სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კობა კობალაძის მიერ ამბოხებებში მონაწილეობა არ დასტურდება და პირიქით უარყოფილია, იგი არ გათავისუფლებულა როგორ პოლიტპატიმარი, შესაბამისად ჟურნალისტების მიერ დარღვეული იქნა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე_3 პრინციპის თანახმად  "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტების მიერ არ მომხდარა ქარტიის მე_3 პრინციპის დარღვევა. პრინციპის პირველი ნაწილის თანახმად  ,ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. სიუჟეტი აგებული იყო ტელეკომპანიის არქივის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამოყენებით. დოკუმენტების/ინფორმაციის მიჩქმალვას და გაყალბებასთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს,  ამ დარღვევის დადგენის წინაპირობაა, რომ ჟურნალისტმა იცოდა კონკრეტული ფაქტები, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი  დამალა ან გააყალბა. წინამდებარე  განცხადების განხილვისას, განმცხადებელმა ვერ დაადასტურა, რომ ჟურნალისტი ფლობდა რამე ინფორმაციას რომელიც გამიზნულად მიჩქმალა ან გააყალბა, შესაბამისად არ დასტურდება მესამე პრინციპის მეორე ნაწილის დარღვევა.

ქარტიის მე_4 პრინციპი:  "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს". განმცხადებელმა ვერ დაადასტურა, თუ რომელი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია მოიპოვა ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად. განმცხადებელი აპელირებდა სიუჟეტში გამოყენებულ ინტერვიუზე გია ღვალაძესთან, რომელთან დაკავშირებითაც აღნიშნავდა, რომ ეს ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს არ გაუვრცელებია და კითხვის ქვეშ  დგებოდა თუ როგორ მოიპოვა ტელეკომპანიამ  ინტერვიუ.  ის ფაქტი, რომ ესა თუ ის ინფორმაცია სიუჟეტამდე არ იყო საჯაროდ გავრცელებული, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის არაკეთილსინდისიერად იქნა მოპოვებული. პირიქით, კონკრეტული გარემოებებით უნდა დასტურდებოდეს ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად მოპოვება. ვინაიდან გარემოებები კონკრეტულად არ იქნა მითითებული, მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე, რომ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერად იყო მოპოვებული, მე_4 პრინციპის დარღვევის ფაქტი ვერ დადგინდება.

ქარტიის პირველი პრინციპის დარღვეულად მიჩნევის შემდგომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ასევე დაირღვა ქარტიის მე_11 პრინციპის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: - ფაქტის განზრახ დამახინჯება". მაგრამ, პირველი პრინციპისაგან განსხვავებით იმისათვის, რომ დადგინდეს ფაქტის განზრახ დამახინჯება, დამატებით უნდა  დასტურდებოდეს, რომ ჟურნალისტმა იცოდა რეალური ფაქტობრივი გარემოება  და განზრახ გაავრცელა არასწორი სახით. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ჟურნალისტმა იცოდა  სიმართლე იმ ფაქტის შესახებ, რომელიც არასწორად გაავრცელა, შესაბამისად არ დგინდება მე_11 პრინციპის პირველი ნაწილის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. მარიამ გაფრინდაშვილმა და ირინა ჯორბენაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. მარიამ გაფრინდაშვილს და ირინა ჯორბენაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე_3, მე_4 და მე_11 პრინციპის პირველი ნაწილი.