გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე - ვლადიმერ მენაბდე ლიკა ბასილაია-შავგულიძის წინააღმდეგ
29.03.2013

განმცხადებელი : ვლადიმერ მენაბდე;
მოპასუხე : ლიკა შავგულიძე-ბასილაია;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N __

 

2013  წლის 07 თებერვალი

საქმეზე ვლადიმერ მენამდე ლიკა ბასილაია-შავგულიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი  მგელაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე, ნათია კუპრაშვილი,   დავით მჭედლიძე,  ნათია როყუა, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: ვლადიმერ მენაბდე

წევრი: ლიკა ბასილაია-შავგულიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა ვლადიმერ მენაბდემ. განცხადების თანახმად, ჟურნალისტმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ დაარღვია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 1-ლი, მე–5 და მე-11 პრინციპები.  პრინციპები დაირღვა ჟურნალისტის მიერ მომზადებული ფილმით „რეჟიმთან პირისპირ“.

საბჭოს  შესაბამისმა წევრებმა  განცხადება დასაშვებად ცნეს.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი ვლადიმერ მენამდე და მოპასუხე ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

განმცხადებელი აპელირებდა ფილმის ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე, სადაც  გადმოცემულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მცხოვრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ზურაბ კოტრიკაძის ისტორია. ფილმის თანახმად: „19 აგვისტოს, ფერისცვალებაზე, ბახმაროში, «რუსთავი-2-ის» ჟურნალისტს და 18 წლის, «ოცნების» მაისურიან ბიჭს შორის შელაპარაკება მოხდა, «ოცნების» მაისურის გამო. ჟურნალისტმა ბიჭს ცემა დაუწყო“. ტექსტს მოსდევს ზურაბ კოტრიკაძის დედის, დალი ჩარგეიშვილის კომენტარი. განმცხადებელი ვლადიმერ მენამდე აღნიშნავს, რომ, მართალია, არ არის კონკრეტულად მითითებული მისი სახელი და გვარი, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რომ «რუსთავი- 2-ის»  ჟურნალისტი კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში თავად  ის არის.

პირველი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, განმცხადებელი უთითებს, რომ სინამდვილეში მოვლენები ფილმში აღწერილისაგან  განსხვავებულად განვითარდა: აგრესია მოდიოდა «ქართული ოცნების» აქტივისტისაგან და ჟურნალისტს არავინ უცემია. ვლადიმერ მენაბდე აღნიშნავს, რომ  ლიკა ბასილაია-შავგულიძე ვალდებული იყო,  დაკავშირებოდა მას, მიეღო ინფორმაცია და ფილმში აესახა მეორე მხარის პოზიციაც, რათა ჟურნალისტური პროდუქტი ყოფილიყო ობიექტური ნამუშევარი და მაყურებელს შეძლებოდა როგორც ერთი («ქართული ოცნების» აქტივისტის), ისე მეორე («რუსთავი-2-ს» ჟურნალისტის) მხარის პოზიციის შეფასება.

ვლადიმერ მენამდე უთითებდა, რომ მე-11 პრინციპის დარღვევას ამტკიცებს შემდეგი გარემოება: (ციტატა) „ფილმი მომზადებულია ტელეკომპანია «მეცხრე არხის» მიერ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში, ხოლო რუსთავი-2, ამავე არხის მეპატრონის მტკიცებით, წარმოადგენს, ქვეყნის პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიას, ამ ფილმის ეთერში გაშვება მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როცა, მაშინდელ მმართველ ძალას, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანების სახით, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ უპირისპირდებოდა, ფილმში გასული ეს სიუჟეტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჟურნალისტის მხრიდან – ფაქტის განხრახ დამახინჯების მცდელობა“.

მეხუთე პრინციპის საფუძველზე ვლადიმერ მენაბდე მოითხოვდა ლიკა ბასილაია-შავგულიძისაგან და «მე-9 არხისაგან» საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

ლიკა ბასილაია-შავგულიძემ  წარმოადგინა  შეპასუხება (დანართი N 2). შეპასუხებაში აღწერილია ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ფილმის  და, შესაბამისად კონკრეტული სიუჟეტის, მომზადებას, ასევე მოპასუხე უთითებს იმ წყაროებს რომლებისგანაც იღებდა /აგროვებდა ინფორმაციას. რაც შეეხება სიუჟეტში გამოყენებულ სადავო ფრაზას, მოპასუხემ აღნიშნა: ფრაზით ხაზგასმულია, რომ ჩხუბის პროცესი  მიმდინარეობდა… ამის შემდეგ ვამბობ ფრაზას – ჟურნალისტმა იმ ბიჭს ცემა დაუწყო, ზურა იმ ბიჭს გამოესარჩლა, ხელი ჰკრა ჟურნალისტს და ნაცემი ბიჭი გამოიყვანა – რაც, ფაქტობრივად,  არის მთლიანი პროცესიდან ერთ-ერთი ეპიზოდის აღწერა, რაც თავისთავად არ გამორიცხავს, იმას, რომ ერთმანეთთან ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირების მთლიანი მიმდინარეობის დროს ცემა ოცნების აქტივისტის მხრიდანადაც მიმდინარეობდა“.

როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე საბჭოს წევრებმა სხდომაზე დამატებით გამოკითხეს.

ვლადიმერ მენაბდემ დააზუსტა, რომ მეთერთმეტე პრინციპის ჭრილში დაობდა მხოლოდ ფაქტის განზრახ დამახინჯებაზე, ხოლო არაზუსტ ფაქტად მიაჩნდა ფილმში გამოყენებული ფრაზა: „ჟურნალისტმა აქტივისტს ცემა დაუწყო“.

ვინაიდან, განცხადების განხილვაში მონაწილეობდა საბჭოს ის წევრები, რომლებიც «მეცხრე არხის»  მოქმედ და ყოფილ  თანამშრომლებს წარმოადგენდნენ და სადავო ფილმი «მე-9 არხით» გადაიცა, საბჭო დაინტერესდა, ხომ არ მიიჩნევდა ვლადიმერ  მენამდე, რომ სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი. განმცხადებელმა არ გამოხატა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ინტერესთა კონფლიქტი და დასძინა, რომ საბჭოს შესაბამის წევრებს თავად შეეფასებინათ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ფაქტი.

საბჭო დაინტერესდა, თუ რატომ არ შეეხმიანა ლიკა ბასილია-შავგულიძე ვლადიმერ მენაბდეს, რათა მიეღო მეორე მხარისგან  კომენტარი. მოპასუხემ  განაცხადა, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი, ვლადიმერ მენაბდემ კომენტარის მიცემაზე უარი უთხრა  «ინფო-9-ს» და ჩათვალა, რომ მასაც უარს ეტყოდა. ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ასევე დაადასტურა, რომ «რუსთავი-2-თან» დაკავშირების მცდელობაც არ ჰქონია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის უშუალოდ განხილვამდე, საბჭოს წევრებმა ნათია როყუამ, ლაშა ზარგინავამ (როგორც «მე-9 არხის» მოქმედი თანამშრომლები) და ირაკლი აბსანძემ (როგორც «მე-9 არხის» ყოფილი თანამშრომელი) განაცხადეს, რომ მათი აზრით ადგილი არ აქვს ინტერესთა კონფლიქტს და «მე-9 არხთან» მათი კავშირი  არ მოახდენდა გავლენას მათ გადაწყვეტილებაზე.

საბჭომ დადასტურებულ ფაქტად  მიიჩნია, რომ მითითება «რუსთავი-2-ს ჟურნალისტი“ გულისხმობდა სწორედ ვლადიმერ მენაბდეს.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, რომ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. როგორც საბჭომ არაერთხელ აღნიშნა თავის გადაწყვეტილებებში,  პირველი პუნქტი გულისხმობს ჟურნალისტის მცდელობას, რომ მან ყველა ღონე იხმარა რათა გადაემოწმებინა ფაქტები და ამით დაეცვა მაქსიმალური ობიექტურობა, პატივი ეცა საზოგადოების უფლებისათვის – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.  განსახილველ შემთხვევაში საბჭო  არ შეეცდება, რომ გაარკვიოს რეალურად როგორ განვითარდა მოვლენები 19 აგვისტოს ბახმაროში და ვინ იყო აგრესორი. საბჭო მხოლოდ შეაფასებს რამდენად იყო ყოველმხრივ გაშუქებული 19 აგვისტოს ინციდენტი და ჟურნალისტური პროდუქტის მომზადებისას დაცული იყო თუ არა ეთიკის სტანდარტები/პრინციპები. საქმის ობიექტური გარემოებები იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ინციდენტში სულ მცირე მონაწილეობდა ორი მხარე – «ქართული ოცნების» აქტივისტი/აქტივისტები და «რუსთავი-2-ს» ჟურნალისტი. ნებისმიერი გონივრული შეფასებით შეგვიძლია უდაო ფაქტად მივიჩნიოთ, რომ ობიექტური სურათის მისაღებად/მაყურებლისათვის შესათავაზებელად საჭირო იყო ინციდენტში მონაწილე ყველა მხარის პოზიციის დაფიქსირება და ჩვენება. წინამდებარე საქმის განხილვის დროს მოპასუხემ  დაადასტურა, რომ არა თუ ვერ შეძლო, არამედ არც უცდია მეორე მხარესთან (ვლადიმერ მენაბდესთან) დაკავშირება. საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოტივაციას, რომ ვინაიდან ვლადიმერ მენაბდემ ერთ მედიასაშუალებას უარი განუცხადა კომენტარზე, მასთანაც იგივე პოზიციას დაიჭერდა. ფილმის ავტორს სულ მცირე უნდა ეცადა, რომ მიეღო კომენტარი მეორე მხარისაგან და თუ მცდელობის მიუხედავად იგი ამას ვერ შეძლებდა, საბჭო სხვაგვარ შეფასებას მოახდენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ასკვნის, რომ მოპასუხემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან ფილმის ავტორს არც უცდია, რომ მეორე მხარის კომენტარის მოპოვებით უზრუნველეყო საზოგადოების უფლება – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

საბჭოს განმარტებით, მეხუთე პრინციპი არ შეიძლება მითითებულ იქნას, როგორც მხოლოდ სანქციის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს მიერ საქმისწარმოების წესი ან/და ქარტიის წესდება საერთოდ არ ითვალისწინებს სანქციის გამოყენების შესაძლებლობას. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მეხუთე პრინციპთან მიმართებით განმცხადებელს არ აქვს მითითებული და, შესაბამისად, არც პრინციპის დარღვევას ჰქონია ადგილი.

საბჭო არ მიიჩნევს, რომ ლიკა ბასილია-შავგულიძემ დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი. გარდა იმისა, რომ საბჭო ვერ ხედავს საკმარისს მტკიცებულებას ლიკა ბასილია-შავგულიძის განზრახვისა, რომ განგებ დაემახინჯებინა ფაქტები, ასევე ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას ფილმის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირების შესახებ, ვინაიდან ფილმი ეთერში გადაიცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის  მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი  პრინციპის დარღვევა.
  2. ლიკა ბასილაია-შავგულიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-11 პრინციპები.
  3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.