გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – "აუდიტორია 115" გიორგი კვიტაშვილის წინააღმდეგ
27.04.2017

განმცხადებელი : აუდიტორია 115;
მოპასუხე : გიორგი კვიტაშვილი;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 126
01 აპრილი, 2017 წელი

აუდიტორია 115 გიორგი კვიტაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: აუდიტორია 115

მოპასუხე: გიორგი კვიტაშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სტუდენტთა გაერთიანებამ „აუდიტორია 115-მა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 20 თებერვალს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყებულ სტატიაში  როგორი სქემითმოქმედებდა (მოქმედებს) “აუდიტორია 115″ “ბიბლუსის წინააღმდეგ დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.  სტატიის ავტორი  იყო  გიორგი კვიტაშვილი. სადავო სტატია ეხებოდა „აუდიტორია 115-ის“ პროტესტს მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წინააღმდეგ.  სადავო სტატია ასევე გამოქვეყნდა ვებგვერდზე ambebi.ge და სტატიის ერთი ნაწილი ვიდეოს სახით განთავსდა http://www.palitravideo.ge-ზე.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო როგორც განმცხადებლის, ისე მოპასუხის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტმა ასევე წარმოადგინა შეპასუხება წერილობითი სახით. განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

 სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი  პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სტატიაში აღწერილია ე.წ. „სქემა“, რომლითაც „აუდიტორია 115“ მოქმედებდა/მოქმედებს წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წინააღმდეგ. საბჭო მიიჩნევს, რომ ე.წ. „სქემაში“ მითითებული რიგი გარემოებები უნდა შეფასდეს როგორც ჟურნალისტის მიერ დადასტურებული ფაქტის სახით  გავრცელება, ვინაიდან:

  1. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ სქემა „მოქმედებდა“/„მოქმედებს“ ანუ უკვე არსებობს და არ უთითებს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრება ან ვარაუდია.
  2. ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ „ბიბლუსმა მოახერხა ამ სქემის ჯაჭვის გაწყვეტა“ ანუ რეალურად არსებობდა სქემა, რომელიც გაწყვიტეს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სქემაში მითითებული რამდენიმე გარემოება საბჭოს მიერ შეფასებული იქნა, როგორც ჟურნალისტის მიერ დადასტურებული ფაქტის სახით გავრცელება:

  1. „კომპანიაში გავლენის აგენტის ჩანერგვა ან არსებული თანამშრომლების შერჩევა და გადაბირება“ ჟურნალისტი თავის შეპასუხებაში უთითებდა, რომ ეს იყო არა ფაქტი, არამედ ვარაუდი, რასაც ვერ დაეთანხმება ქარტიის საბჭო. წინადადება მოცემულია მტკიცებით ფორმაში და მითითებულია, რომ ან მოხდა „შერჩევა“ ან „გადაბირება“, ანუ ამ ორი გარემოებიდან ერთ – ერთი არსებობდა. შესაბამისი მტკიცებულებები კი არც სტატიაში იყო მითითებული და ვერც შემდგომ იქნა წარმოდგენილი.
  2. „კომპანიის თანამშრომლების ახალ – ახალი „მიმართვების“ ორგანიზება, პარალელურად, კომპანიაზე ზეწოლის გაგრძელება „ფეისბუქში“ „აუდიტორიის“ აქტივისტების მიერ, მათ შორის ყალბი ფეისბუქგვერდების გამოყენებით“ წინადადებაში მტკიცებით ფორმაში მითითებულია, რომ „აუდიტორიის“ აქტივისტები ყალბ ფეისბუქგვერდებს იყენებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ წარმოადგინა ფეისბუქგვერდები, რომელთა მიმართ ობიექტურად შეიძლება გაჩენილიყო ვარაუდი, რომ ისინი არ იყვნენ აქტიური ფეისბუქ მომხმარებლები, მაგრამ ამით არ დასტურდებოდა, რომ ჟურნალისტის მიერ „ყალბად“ მოხსენიებული ფეისბუქგვერდები „აუდიტორია 115-ის“ ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იყო შექმნილი.
სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. გიორგი კვიტაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის მასალები:

განცხადება

სადავო მასალა