გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი მდინარაძე მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ
21.04.2017

განმცხადებელი : გიორგი მდინარაძე;
მოპასუხე : მირიან ბოქოლიშვილი;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 122
06 აპრილი, 2017 წელი

გიორგი მდინარაძე მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, თეა ზიბზიბაძე, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: გიორგი მდინარაძე

მოპასუხე: მირიან ბოქოლიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  გიორგი მდინარაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 07 ნოემბერს, ყოველკვირეულ გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ დაბეჭდილი სტატიით, ,,მწამებელი თუ უწყების იმიჯისთვის გაწირული პოლიციელი?!“,  დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, ე-4 და მე-11 პრინციპი. სტატიის ავტორი – მირიან ბოქოლიშვილი.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი  პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სტატიაში რიგი ფაქტობრივი გარემოებები ეხებოდა განმცხადებელს, გიორგი მდინარაძეს. მათ შორის სტატიის ლიდად გამოტანილი იყო შემდეგი ფრაზა: „დაზარალებული ადვოკატი [იგულისხმება განმცხადებელი გიორგი მდინარაძე] ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის 2007 და 2011 წლებშიც გაასამართლეს, თუმცა ,,პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ნასამართლევი არასდროს ყოფილა“. სტატიის დასასრულს კი ჟურნალისტი ასევე უთითებს: „მის მიმართ [იგულისხმება განმცხადებელი გიორგი მდინარაძე] გამოტანილია ორი გადაწყვეტილება – ერთი, სისხლის სამართლის საქმეზე [ხულიგნობა] და მეორე – ადმინისტრაციულ საქმეზე [პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევა], რომელიც 2011 წლით გახლავთ დათარიღებული“.

განმცხადებელმა წარმოადგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 აპრილის დადგენილება საქმეზე N 4-222-11, რომლის თანახმად 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის [სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება] მიმართ  საქმის წარმოება შეწყდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიორგი მდინარაძეს დაუდგინდა პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

გიორგი მდინარაძემ ასევე წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ივლისის დადგენილება საქმეზე N 8/54, რომლის თანახმადაც გიორგი მდინარაძეს მოეხსნა ნასამართლეობა, გამომდინარე  2007 წლის 17 დეკემბერს მიღებული განჩინებიდან. შესაბამისად, ჟურნალისტს 2007 წლის საქმესთან დაკავშირებით გიორგი მდინარაძე „ნასამართლევ პირად“ არ უნდა მოეხსენებია.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდიმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არუნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები დაინფორმაცია“. განმცხადებლის არგუმენტაცია მესამე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, იყო იგივე, რის საფუძველზეც დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა და შესაბამისად, მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მეოთხე პრინციპის თანახმად: ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტებისმოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდებიუნდა გამოიყენოს“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა უფლება მოეპოვებინა სტატიაში მითითებული გადაწყვეტილებები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ საქმის მხარეებისათვის. საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის არგუმენტაციას, რადგან ჟურნალისტის მოვალეობა სწორედ იმ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელებაა რის მიმართაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. ეს ინფორმაცია შესაძლოა მოპოვებული იქნას სხვადასხვა წყაროდან. ასევე შესაძლებელია ჟურნალისტმა მიიღოს, დაამუშავოს და გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია რომელთანაც ლეგალური წვდომის უფლება მას შეიძლება არ ჰქონდეს.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულადუნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამართლებრივი გარემოებების ჟურნალისტის მიერ არასწორ აღქმას/შეფასებას და არა განზრახვას, შესაბამისად თვლის, რომ დაირღვა პირველი და არა მე-11 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. მირიან ბოქოლიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. მირიან ბოქოლიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპი.