გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - საქმეზე - სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ
18.08.2017

განმცხადებელი : დაზღვევის კომპანია ქართუ;
მოპასუხე : ეკა კვესიტაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 101
01 ოქტომბერი 2016 წელი

საქმეზე - სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი
განმცხადებელი: სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“
მოპასუხე: ეკა კვესიტაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სს „დაზღვევის კომპანია ქართუმ“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 08 მაისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“, რომლის ავტორი და წამყვანი ეკა კვესიტაძე იყო, დაირღვა ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპი [ფაქტის განზრახ დამახინჯება]. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა გადაცემის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ საქმიანობას დაზღვევის ბაზარზე. საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. გადაცემის სადავო ნაწილი ეხება სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ საქმიანობას. სიუჟეტის შესავალ ნაწილში ჟურნალისტი აცხადებს, რომ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს, თუ როგორ იხეირა ბიუჯეტის ხარჯზე ივანიშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ [იგულისხმება სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“] რომლის საქმიანობასაც არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდა. ჟურნალისტი მაყურებელს აცნობს კვლევის შედეგებს, რომ სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ ავტომობილების დაზღვევის ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და შემდგომი წელიწადნახევრის განმავლობაში არა ერთი მსხვილი ტერმინი მოიგო და ამ სფეროში თითქმის მონოპილისტი გახდა.

საბჭოს მიერ არსებულ მონაცემებზე ( http://insurance.gov.ge) დაყრდნობით მოძიებული იქნა სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის თანახმად სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ არა თუ მონოპილისტი, არამედ ავტომობილების დაზღვევის ბაზარზე მისი წილის გათვალისწინებით, კომპანიების პირველ სამეულშიც არ ირიცხება, შესაბამისად იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ სს „დაზღვევის კომპანია“ ქართუ წარმოადგენს მონოპოლისტს არ წარმოადგენს სწორ ინფორმაციას და იწვევს პირველი პრინციპის დარღვევას. ჟურნალისტი არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ ერთ წყაროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორს“, და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკური ინფორმაცია საჯაროა და მისი გამოთხოვა ან/და გადამოწმება არ მოითხოვოს განსაკუთრებულ ძალისხმევას. ამით კი უზრუნველყოფილი იქნებოდა მაყურებლის უფლება მიეღო ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

ქარტიის მეხუთე პრინციპის მიხედვით “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”. გადაცემის ეთერში გასვლამდე, რომელი გადაცემის ნაწილიც წარმოადგენს სადავო სიუჟეტს, ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში პერიოდულად გადაიცემოდა ანონსიც. შესაბამისად, სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ მიერ გაკეთდა საჯარო განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავდა რომ საუბარი სს „დაზღვევის კომპანიას“ მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ წილზე არ შეესაბმებოდა სიმათლეს. საბჭოს მიერ დადგინდა, რომ მოპასუხე ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო განცხადების შინაარსი გადაცემის ეთერში გასვლამდე [მოპასუხე ჟურნალისტის FACEBOOK ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა განცხადება].  მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ უზრუნველყო, რომ გადამოწმებული ინფორმაცია გავრცელებულიყო. ანუ ვინაიდან 1] ჟურნალისტი წინასწარ იყო გაფრთხილებული რომ არასწორ ინფორმაცია ავრცელებდა 2]ინფორმაცია მართლაც არასწორი იყო 3] ჟურნალისტმა არ გაითვალისწინა მოთხოვნა შესწორებაზე, ამით დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება, ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ, პლაგიატი“. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა პრინციპის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ფაქტის განზრახ დამახინჯება. პირველ პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობისას დადგინდა, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ხოლო მე-5 პრინციპთან დაკავშირებით ფაქტების მოკვლევისას ასევე დადასტურდა, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით არსებობდა პრეტენზიები. აქვე აღსანიშნავია, ჟურნალისტის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გადამოწმება იყო ადვილი და არსებობდა შესაბამისი, ონლაინ ხელმისაწვდომები წყაროები. მიუხედავად ამისა, მან მაინც არასწორად მიაწოდა ინფორმაცია მაყურებელს. შესაბამისად, საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე რომ სახეზე იყო ჟურნალისტის განზრახვა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოეხდინა სს „სადაზღვევო კომპანია ქართუს“ დისკრედიტაცია და წარმოეჩინა კომპანიად, რომელიც ბიძინა ივანიშვლთან კავშირის გამო სარგებლობს გარკვეული უპირატესობებით და ბაზარზე წარმოადგენს მონოპოლისტურ კომპანიას.


სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
1. ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.