გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ბექა ქირია გიორგი ფუტკარაძის წინააღმდეგ
09.10.2017

განმცხადებელი : ბექა ქირია;
მოპასუხე : გიორგი ფუტკარაძე;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება

02 სექტემბერი, 2017 წელი

საქმეზე N 146 

ბექა ქირია გიორგი ფუტკარაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა, თეა ზიბზიბაძე.

განმცხადებელი: ბექა ქირია

მოპასუხე: გიორგი ფუტკარაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბექა ქირიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გიორგი ფუტკარაძის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მიერ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.

განმცხადებლის პოზიციით, პრინციპების დარღვევა გამოიწვია შემდეგმა გარემოებებმა: 2017 წლის 25 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელმა, კერძოდ მისმა ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ, გააშუქა ბრიუსელის ფორუმი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ სიუჟეტში არ აისახა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი მის მიერ დასმულ კრიტიკული კითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს გავლით სამხედრო აღჭურვილობის გადატანას სომხეთში, კარგი მმართველობის პრობლემებს საქართველოს ყველა სამინისტროში და საქართველოში თავისუფალი მედიის მდგომარეობას.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს სატელეფონო კავშირის საშუალებით უპასუხა. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა სადავო პრინციპად ასევე დაამატა ქარტიის მე-3 პრინციპი.როგორც აღინიშნა, უშუალოდ სიუჟეტის ავტორი იყო ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, შესაბამისად მასთანაც ასევე შედგა კომუნიკაცია გარკვეული გარემოებების დაზუსტების/დადგენის მიზნით. კომუნიკაცია განხორციელდა FACEBOOK-ის მეშვეობით საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლის მიერ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, განმცხადებლს ძირითადი პრეტენზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ დასმული კითხვის პასუხი სიუჟეტში არ აისახა და არ აღინიშნა, რომ ამგვარი კითხვა დაისვა ფორუმზე. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ: „[სიუჟეტში] გაშუქდა ქეთევან ქარდავას პირადი ხასიათის ისტორია, როგორც ბრიუსელის ტერაქტს გადარჩენილი ინდივიდი, ხოლო ჩემ მიერ წამოჭრილი საკითხები, რამაც მოდერატორის შექებაც გამოიწვია და რაც საჯარო სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის იმპერატიული მნიშვნელობის საკითხებს ეხება, ეს საკითხები სრულად ამოჭრა“.

განმცხადებლის პოზიციის შეფასების შედეგად საბჭო მივიდა დასკვნამდე რომ არგუმენტაცია არ შეიცავდა მითითებას, რომ სიუჟეტით არასწორი ან გადაუმოწმებელი ფაქტები გავრცელდა. გამოიკვეთა, რომ განმცხადებელი აპელირებდა ფაქტების მიჩქმალვაზე [არგაშუქებაზე]. თავის მხრივ ფაქტების მიჩქმალვას, როგორც არაეთიკურ ჟურნალისტურ ქმედებას ითვალისწინებს ქარტიის მე-3 პრინციპი “ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” მესამე პრინციპთან მიმართებით საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

  1. როგორც ქეთევან ქარდავამ აცნობა საბჭოს, სიუჟეტი დამონტაჟებული სახით თავად მიაწოდა საინფორმაციო სამსახურს და რეალურად საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გიორგი ფუტკარაძეს ობიექტურად არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ფორუმზე ასევე დაისვა კრიტიკული კითხვები, რომლებიც ვერ მოხვდა სიუჟეტში.
  2. თავად საზოგადოებრივი მაუწყებელმა იმავე დღეს, მაგრამ სხვა საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვებაში უფრო ფართოდ გააშუქა ბრიუსელის ფორუმზე წამოჭრილი ძირითადი საკითხები, მათ შორის, გაუშვა მინისტრის პასუხის ნაწილი განმცხადებლის კითხვაზე. შესაბამისად, შესაძლებელია რედაქციას ევარაუდა, რომ განმცხადებლის მიერ დასმული საკითხების გაშუქება აღარ იყო აქტუალური შემდეგი გამოშვებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობის საფუძვლით საბჭომ მიიჩნია, რომ გიორგი ფუტკარაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი. ქარტიის მე-11 პრინციპის [ფაქტების განზრახ დამახინჯება] ავტომატურად გამოირიცხება თუ არ დგინდება ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

1. გიორგი ფუტკარაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მესამე და მე-11 პრინციპი.


საქმის მასალები: