13.06.2017
განმცხადებელი : ანონიმი;
მოპასუხე : ირაკლი მამალაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 4 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;
02 ივნისი 2016 წელი
საქმეზე - ანონიმური
განმცხადებელი ირაკლი მამალაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, გერონტი ყალიჩავა
განმცხადებელი: ანონიმური პირი
მოპასუხე: ირაკლი მამალაძე
შენიშვნა: განცხადება ეხებოდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებაში არ იქნება იდენტიფიცირებული განმცხადებელი და ასევე სადავო ჟურნალისტური პროდუქტის სახელწოდება.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პირმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ „პრაიმტაიმში“ ირაკლი მამალაძის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიით, დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მეოთხე, მეშვიდე, მეათე და მე-11 პრინციპი. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა განმცხადებელზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტს. საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტი განხილვას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის საბჭომ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია:
- განმცხადებელზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა.
- სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ განმცხადებელმა სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში გამოაქვეყნა სტატუსი.
- სადავო სტატია შეეხებოდა სექსუალურ ძალადობას და შეიცავდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რომელიც არ იყო აღნიშნული FACEBOOK სტატუსში.
ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.
სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ იყო მითითებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლის [განმცხადებლის] საიდენტიფიკაციო მონაცემები. სტატიის ავტორი თავად აღნიშნავდა, რომ იგი შეგნებულად არ ასაჯაროებდა მსხვერპლის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. მაგრამ სტატია შეიცავდა განმცხადებლის FACEBOOK სტატუსის ნაწილის, რაც იძლეოდა საშუალებას, რომ პირს, რომლისთვისაც ცნობილი იყოს FACEBOOK სტატუსი, დაედგინა, რომ სადავო სტატია სწორედ FACEBOOK სტატუსის ავტორს [განმცხადებელს] ეხებოდა. ამასთან, სადავო ჟურნალისტური პროდუქტში მითითებული იყო ინფორმაცია სექსუალური ძალადობის შედეგების და გარემოებების შესახებ, რაც FACEBOOK სტატუსში აღნიშნული არ ყოფილა. შესაბამისად ცხადი იყო, რომ განმცხადებელს არ სურდა ეს ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი გამხდარიყო სხვა პირებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ჟურნალისტმა განმცხადებლის შესახებ გაავრცელა პირადი ცხოვრების შემცველი ისეთი ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც თავად ამ პირს არ სურდა. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ, მაგრამ არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოების ობიექტური ინტერესის დაკმაყოფილებად არასწორი ფაქტების ან იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მაგალითად, ასახავს ძალადობის შედეგებს და მხოლოდ ამძაფრებს ფაქტის აღქმას და ამ ინფორმაციის გავრცელება იწვევს მძიმე ემოციებს მსხვერპლში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაირღვა ქარტიის მეათე პრინციპი ძალადობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და იმის გათვალისწინებით, რომ [1] კონკრეტული პირებისათვის იდენტიფიცირებული იყო ძალადობის მსხვერპლი [2] თავად ძალადობის მსხვერპლს არ სურდა ძალადობის შესახებ/შედეგების თაობაზე სრული ინფორმაციის გავრცელება [3] არ არსებობდა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტულ, დამატებით გარემოებებთან [სექსუალური ძალადობის შედეგები და ა.შ.] დაკავშირებით.
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიაში მითითებული იყო რიგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ [მაგალითად მსხვერპლის გადაადგილების მარშუტი, მსხვერპლის მიერ ფსიქოლოგის დახმარებით სარგებლობა, სავარაუდო თვითმხილველები და ა.შ], რაც განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად არ იყო ზუსტი ინფორმაცია. საბჭომ პირველ პრინციპთან დაკავშირებული მსჯელობისას განიხილა დაშვება, რომ სტატიის ავტორმა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები განზრახ არასწორად მიუთითა, რათა შეუძლებელი ყოფილიყო ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, მაგრამ აღნიშნული არგუმენტაცია ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან როგორც მე-10 პრინციპთან დაკავშირებული მსჯელობისას აღინიშნა, სტატიაში მოხდა მსხვერპლის იდენტიფიცირება, აღნიშნულმა ფაქტმა კი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას საწინააღმდეგო დატვირთვა მისცა, კერძოდ უზრუნველყო არა მსხვერპლის კონფიდენციალურობა, არამედ თავად მსხვერპლის და მომხდარის ძალადობის ფაქტის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შეწყო ხელი, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მეოთხე პრინციპის თანახმად: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. როგორც აღინიშნა სადავო ჟურნალისტური პროდუქტი შეიცავდა განმცხადებლის FACEBOOK სტატუსს. განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულება [მიმოწერა], სადაც იგი მასსა და მოპასუხე ჟურნალისტს შორის კომუნიკაციაში შუამავალ პირს ატყობინებდა, რომ არ სურდა მისი FACEBOOK სტატუსი გამოყენებული ყოფილიყო ჟურნალისტურ მასალაში, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა თავის სტატიაში მიუთითა სტატუსი, რომელიც მხოლოდ განმცხადებლის FACEBOOK მეგობრებისათვის იყო განკუთვნილი, შესაბამისად დაარღვია ქარტიის მეოთხე პრინციპი.
ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. საბჭოს პრაქტიკის თანახმად, მე-7 პრინციპის დარღვევას წარმოადგენს პირის და ან პირთა ჯგუფის რაიმე ნიშნით სტიგმატიზაცია, ამ ნიშნის გაიგივება ანტისოციალურ ქცევასთან. სტატიაში მითითებული იყო, რომ მოძალადეები „მიუსაფარი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც მოსახლეობისგან მიღებული მოწყალებით ირჩენდნენ თავს. საბჭო მიიჩნევს, რომ მოძალადეების სოციალური მდგომარეობის ხაზგასმით მოხდა ამ ჯგუფის [მიუსაფარი პირების, რომლებიც მოწყალებას იღებენ საზოგადოების სხვა წევრებისაგან] მიმართ სტიგმის გაძლიერება, კერძოდ შეიქმნა განწყობა, რომ მიუსაფარი პირები წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის პოტენციურ საფრთხეს. ამასთან, ასეთი ძალადობა შეიძლება ჩაიდინოს ნებისმიერმა პირმა, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა და შესაბამისად, ხაზგასმა, რომ მოძალადეები სოციალურად მიუსაფარნი იყვნენ, არ აწვდის საზოგადოებას არსებით ინფორმაციას, არამედ ამძაფრებს სოციალური ჯგუფის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას.
ქარტიის მე-11 პრინციპის პირველი ნაწილის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ პირველ პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობისას საბჭომ დაუშვა ალბათობა, რომ შესაძლოა რიგი ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ძალადობის გარემოებებს, ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არასწორად. იმისათვის, რომ დადგინდეს მე-11 პრინციპის დარღვევა, ფაქტების განზრახ არასწორად გავრცელების მიზანი უნდა იყოს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ საბჭოს არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ჟურნალისტმა იცოდა სწორი ინფორმაცია ფაქტების შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც გაზრახ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია. რომც დავუშვათ, რომ ძალადობის ფაქტის შესახებ მეორეხარისხოვანი ინფორმაცია [ჩადენის ადგილი, მსხვერპლის გადაადგილების მარშუტი] განზრახ არასწორად იყო გავრცელებული, საბჭოს აზრით, ასეთი ქმედების მიზანი იყო რომ ჟურნალისტს მაქსიმალურად უზრუნველყო მსხვერპლის კონფიდენციალურობა. მართალია საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა კონფიდენციალურობის დაცვა, მაგრამ ჟურნალისტის წარუმატებელი მცდელობა, რომ არ გაემჟღავნებინა ძალადობის მსხვერპლი უფრო დიდი სიკეთეა ვიდრე საზოგადოებისათვის მეორეხარისხოვანი, არა არსებითი ინფორმაციის არასწორად მიწოდება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საბჭო ხაზს უსვამს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში გამოყენებული მსჯელობა, რომ არა არსებითი ინფორმაციის სავარაუდოდ განზრახ არასწორად გავრცელება არ ჩაითვალოს მე-11 პრინციპის დარღვევად, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სახით ხდება უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
1. ირაკლი მამალაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მეოთხე, მეშვიდე და მეათე პრინციპი.
2. ირაკლი მამალაძეს არ დაურღვევია ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი.