გადაწყვეტილებების ძიება

მინდია ბასილაძესა და აჭარის ტელევიზიას შორის მედიაცია შედგა
01.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს
სხდომის ოქმი N2017-5

დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოხატული ნების საფუძველზე 2017 წლის 24 ოქტომბერს შედგა წინამდებარე საბჭოს სხდომის ოქმი.

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, გერონტი ყალიჩავა, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი.

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 161 ] მომართა მინდია ბასილაძემ.
  2. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2017 წლის 05 აგვისტოს, 21:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „მთავარი აჭარაში“ გავიდა სიუჟეტი [ავტორი ფირუზ ბოლქვაძე], რომელიც ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებულ 2015 წლის ფინანსური აუდიტის რეკომენდაციებსა და შენიშვნებს. სიუჟეტი ასევე შეეხებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამგეობის მიერ მრავალფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენას. მასალაში ხაზი გაესვა, რომ მომწოდებელი ფირმის დამფუძნებლები და გამგებლის მოადგილე [მინდია ბასილაძე] მოგვარეები არიან და შესაბამისად ჟურნალისტმა მიანიშნა მათ ნათესაურ კავშირზე. განმცხადებლის მოსაზრებით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ამით დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 პრინციპი.
  3. განცხადების მოპასუხისათვის მიწოდების შემდეგ, 2017 წლის 14 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „მთავარი აჭარაში“ აღინიშნა, რომ 2017 წლის 05 აგვისტოს გასული სიუჟეტი შეიცავდა გადაუმოწმებელ ფაქტებს [ნათესაურ კავშირთან მიმართებით] და მაუწყებელმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა.
  4. წინამდებარე ოქმის მე-3 მუხლში მითითებული გარემოება დამაკმაყოფილებელია განმცხადებლისათვის. შესაბამისად, მხარეებს შორის შედგა და დამტკიცდა მედიაცია.