გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნოდარ მელაძე ოთარ სტეფანიშვილის წინააღმდეგ
01.11.2017

განმცხადებელი : ნოდარ მელაძე;
მოპასუხე : ოთარ სტეფანიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება

24 სექტემბერი, 2017 წელი

საქმეზე N 151

ნოდარ მელაძე ოთარ სტეფანიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა, მაია მამულაშვილი.

განმცხადებელი: ნოდარ მელაძე

მოპასუხე: ოთარ სტეფანიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნოდარ მელაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო სააგენტო marshalpress.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიით „რუსათავი 2“-ის ეთერში გაპარული კადრი - ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა“, დაირღვა ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე პრინციპი.

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა marshalpress.ge რედაქტორი ოთარ სტეფანიშვილი. სტატიის თანახმად, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა ნოდარ მელაძემ დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას ცეცხლის ჩაქრობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და შეიგინა, სტატიას თან ახლდა ვიდეო მასალა. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის საშუალებით უპასუხა.

საქმის განხილვის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-4 პრინციპის მიმართ.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. დადასტურებული ფაქტია, რომ მაშინ, როცა წამყვანის [ნოდარ მელაძის] შემდეგ გადაცემაში ერთვება კორესპონდენტი, რომელმაც უნდა გააშუქოს ხანძარი, ეთერში ისმის ხმა „ჩაქრა ეს [გინება]“. ასევე აღსანიშნავია, რომ არ დგინდება ცალსახად ვის ეკუთვნის ეს ხმა და რას ეხება. თავად განმცხადებელმა ნოდარ მელაძემ აღნიშნა, რომ ფრაზა ეკუთვნოდა ამ დრომდე არა იდენტიფიცირებად ოპერატორს, რომელიც სავარაუდოდ უკმაყოფილებას გამოხატავდა ტექნიკური მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის [ჩაქრობის] გამო.

მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს განუცხადა, რომ მან პირადი რწმენით [ყოველგვარი დამატებითი დამოუკიდებელი ტექნიკური თუ სხვა ექსპერტიზის გარეშე] გადაწყვიტა და მიიჩნია, რომ ხმა ეკუთვნოდა ნამდვილად ნოდარ მელაძეს და ფრაზა გამოხატავდა სწორედ ნოდარ მელაძის უკმაყოფილებას ხანძრის ჩაქრობაზე. საბჭოსათვის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის პირადი შეფასებები და მოსაზრებები არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო როგორც დადასტურებული ფაქტი. ჟურნალისტს არ ჰქონდა არავითარი ობიექტური წინაპირობა, რომ მსგავსი ინფორმაცია გაევრცელებინა. მეტიც, ჟურნალისტს არ მიუმართავს არავითარი სხვა საშუალებისათვის, რომ მისი პირადი აღქმა და მოსაზრება გადაემოწმებინა.  აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი - ოთარ სტეფანიშვილის მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი და დაუდასტურებული ინფორმაცია.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” განმცხადებელმა ვერ მიუთითა საბჭოს, კონკრეტულად რა ინფორმაცია იცოდა და მიჩქმალა ჟურნალისტმა. მესამე პრინციპის ჭრილში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მან დაურეკა მოპასუხე ჟურნალისტს და აცნობა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ ეს გარემოება მიესადაგება ქარტიის მე-5 და არა მე-3 პრინციპს, შესაბამისად საბჭოს არ ჰქონდა საფუძველი, რომ დაედგინა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა. ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”. როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მათ შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ნოდარ მელაძემ მოპასუხე ჟურნალისტს მოსთხოვა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გასწორება და ასევე აცნობა მისი განმარტება ეთერში გასულ ფრაზასთან დაკავშირებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ოთარ სტეფანიშვილმა კვლავ მტკიცებით ფორმაში დატოვა დაუდასტურებელი ინფორმაცია და არც მეორე მხარის პოზიცია აუსახავს სტატიაში, შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

1. ოთარ სტეფანიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
2. ოთარ სტეფანიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

საქმის მასალები: