01.11.2017
განმცხადებელი : ხობის N2 საჯარო სკოლა;
მოპასუხე : დიტო ჩუბინიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 8 პრინციპი;
30 სექტემბერი, 2017 წელი
საქმეზე N 157
სსიპ ქალაქ ხობის №2 საჯარო
სკოლა დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა, მაია მამულაშვილი.
განმცხადებელი: სსიპ ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლა
მოპასუხე: დიტო ჩუბინიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სსიპ ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 2017 წლის №32-ში გამოქვეყნებულ სტატიაში “ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და ამავე გაზეთის №33-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პრინციპი. სტატიის ავტორია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე.
მასალა ეხებოდა სსიპ ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებულ ვიდეოს, სადაც ისინი მხარს უჭერდნენ ადამიანებს შორის თანასწორობას მიუხედავად სქესისა, რასისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ სექსუალური ორიენტიაციისა. მოსწავლეების მიერ გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით სადავო სტატიებში ძირითადად საუბრობს რესპონდენტი გურამ ფალავანდიშვილი.
სხდომა გაიმართა ქალაქ ხობში, რომელსაც ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია. სხდომას ესწრებოდნენ და საბჭოს ფაქტობრივ გარემოებებზე ინფორმაცია მიაწოდეს ვიდეოს შემქმნელმა არასრულწლოვნებმა, სსიპ ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მე-3 და მე-4 პრინციპებთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. ქარტიის საბჭოს მიერ ფაქტების გამოკვლევის შედეგად დადასტურებულად დადგინდა, რომ სსიპ ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა საკუთარი ინიციატივით შეადგინეს ტექსტი და ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც ისინი მხარს უჭერდნენ ადამიანებს შორის თანასწორობის იდეას. ვიდეოს ჩაწერის ინიციატორი არ იყო და პროცესს არ ხელმძღვანელობდა რომელიმე მასწავლებელი ან/და სხვა პირი. ვიდეოში გაჟღერებული ტექსტის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ გარეშე პირებს, გარდა თავად ვიდეოში მონაწილე მოსწავლეებისა. ვიდეოში მონაწილე მოსწავლეებმა, რომლებიც საქმის განხილვას ესწრებოდნენ, საბჭოს დაუდასტურეს, რომ ისინი გააზრებულად უჭერდნენ მხარს ვიდეოში გაჟღერებულ თანასწორობის იდეას, ასევე მშობლებმა იცოდნენ ვიდეოს მომზადების და შემდგომ მისი გამოქვეყნების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სიმართლეს არ შეესაბამება სადავო საგაზეთო სტატიებში რესპონდენტის მიერ მითითებული გარემოებები, მაგალითად: „ლგბტ პედაგოგები ხობში ჩავიდნენ, გამოიყვანეს ბავშვები და დაამზადეს კლიპი“, თავად ჟურნალისტი თანასწორობის შესახებ ვიდეო რგოლს მოიხსენიებს „ლგბტ კლიპად“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ჟურნალისტს არც დირექტორთან ან მასწავლებლებთან უცდია ფაქტების გადამოწმება. მოცემულ შემთხვევაში პირველი პრინციპის დარღვევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან არასწორი ფაქტების გაშუქებით ჟურნალისტი ხელს უწყობს სექსუალური უმცირესობის მიმართ სიძულვილის გავრცლეებას, შთაბეჭდილებას ქმნის, რომ არასრულწოვნები არიან კონკრეტული პირებისაგან „მავნე ზეგავლენის“ მსხვერპლი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სადავო სტატია სრულად დისკრიმინაციულია. კერძოდ როგორც ჟურნალისტი, ისე რესპონდენტი იყენებენ ისეთ ტერმინებს, რომლებიც ჰომოფიბიურია, სექსუალური უმცირესობა მოხსენიებულია როგორც „ლგბტ ჯოგი“, „მამათმავალი“, „პედერასტი“, ჟურნალისტი არა თუ ცდილობდა, რომ თავიდან აეცილებინა რესპონდენტის ჰომოფობიური გამონათქვამები, არამედ იყო დისკრიმინაციის წყარო. ორივე სტატიას ფონად გასდევს მკვეთრად გამოხატული ზიზღი სექსუალური უმცირესობის მიმართ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიებში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. საბჭო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა სადავო სტატიაში და ჟურნალისტის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. კერძოდ, ორივე სტატია შეიცავს არასრულწლოვანთა ფოტოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვიდეოში და ზოგიერთი მათგანის სახელს და გვარს, ანუ ჟურნალისტი სრულად ახდენს ბავშვების იდენტიფიცირებას, ამასთან მათ მიერ კლიპის გადაღებას უწოდებს „ამაზრზენ ფაქტს“ და მოსწავლეები გამოჰყავს „მორალურ“ სამსჯავროზე.
როგორც მეშვიდე პრინციპთან დაკავშირებისას მსჯელობისას აღინიშნა, თავად სტატიების ძირითადი ხაზი სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების მიმართ სიძულვილის გაღვივებაა. შესაბამისად, მასალა მიზნად ისახავდა ფოტოებზე გამოსახული არასრულწლოვნების, როგორც თანასწორობის იდეის მქონე პირთა მიმართაც აგრესიის გაღვივებას. ჟურნალისტმა პირველ სტატიაში გამოაქვეყნა მხოლოდ 4 არასრუწლოვნის ფოტო, ხოლო მომდევნო ნომერში არა თუ გააცნობიერა არასრუწლოვანთა უფლებების დარღვევა, არამედ განზრახულად გამოაქვეყნა ყველა მოსწავლის ფოტო. სხდომის მიმდინარეობისას დამსწრე მოსწავლეებმა დაუდასტურეს საბჭოს, რომ მათმა იდენტიფიცირებამ ნეგატიური შედეგი მოიტანა, სოციუმში [მეზობლებისგან, ნათესავებისაგან] იქცნენ კრიტიკის ობიექტად და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ამ ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა. საბჭო ცალსახად და უხეშად დარღვეულად მიიჩნევს ქარტიის მე-8 პრინციპს. ჟურნალისტმა არა თუ დაიცვა არასრუწლოვანთა ინტერესები, არამედ ყველა პირობა შექმნა [არასწორი ინფორმაციის შემცველ, დისკრიმინაციულ სტატიაში ბავშვთა ფოტოების გამოქვეყნება და მათი იდენტიფიცირება], რომ შელახულიყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და მათ მიეღოთ ფსიქოლოგიურ-ემოციური ტრავმა.
სარეზოლუციო ნაწილი:
1. დიტო ჩუნიძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-7 და მე-8 პრინციპი.