გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - შსს ნოდარ მელაძის, თამარ ბაღაშვილის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ
01.11.2017

განმცხადებელი : შინაგან საქმეთა სამინისტრო;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

24 სექტემბერი, 2017 წელი

საქმეზე N 149 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნოდარ მელაძის, თამარ ბაღაშვილის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა, მაია მამულაშვილი.

განმცხადებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოპასუხე: ნოდარ მელაძე, თამარ ბაღაშვილი, ქეთი ნადიბაიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 22 ივლისს, გადაცემა „შაბათის კურიერში“ და 24 ივლისს, გადაცემა „კურიერში“ გასული სიუჟეტებით დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი. სადავო სიუჟეტები შეეხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებს, კონკრეტულად კი ავტომობილების შეძენას.

სადავო სიუჟეტების ავტორები იყვნენ ჟურნალისტები თამარ ბაღაშვილი და ქეთი ნადიბაიძე, ხოლო ნოდარ მელაძემ პასუხისმგებლობა აიღო როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა. სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე მხარე სხდომაზე წარმოადგინა ნოდარ მელაძემ.

 სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან სიუჟეტში აღნიშნული იყო შემდეგი არაზუსტი გარემოებები:
  1. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი შესყიდვის ობიექტის [ავტომობილების] ტექნიკური მახასიათებლები პირდაპირ იყო მორგებული კოპანია „იბერია ავტოცენტრზე“, რის გამოც გამოირიცხა ტენდერში სხვა კომპანიის მონაწილეობის შესაძლებლობა და „იბერია ავტოცენტრს“ მიენიჭა ტენდერში მონაწილეობის ექსკლუზიური უფლება.
  2. სიუჟეტში რესპონდენტმა აღნიშნა და შემდეგ ჟურნალისტმაც გაიმეორა, რომ შსს-ს მიერ შეძენილი FORD-ის მარკის ავტომობილების უმეტესობა მწყობრიდან იყო გამოსული.
ქარტიის საბჭომ გამოიკვლია და შეაფასა ორივე გარემოება. პირველ გარემოებასთან, დაკავშირებით [მოთხოვნილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები პირდაპირ იყო მორგებული კოპანია „იბერია ავტოცენტრზე“] მივიდა დასკვნამდე, რომ ქარტიის პირველი პრინციპი არ იყო დარღვეული. როგორც 2017 წლის 22 ივნისის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, ისე სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ გამოუცხადებია ტენდერი ისეთი პირობებით, რომელიც ავტომატურად გამორიცხავდა საქართველოს ბაზარზე არსებული ავტომობილების შეძენას, გარდა ერთი კონკრეტული მოდელისა. განსახილველ შემთხვევაშიც იყო იგივე გარემოება, გამოცხადებულ მახასიათებლებს მხოლოდ ერთი მოდელი აკმაყოფილებდა, რაც ჟურნალისტს უფლებას აძლევდა, მტკიცებით ფორმაში მიეთითებინა, რომ მახასიათებლები მორგებული იყო კონკრეტულად კომპანია „იბერია ავტოცენტრზე“, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ეკუთვნის და შესაბამისად, ერთი მინისტრი [შინაგან საქმეთა მინისტრი] მეორე მინისტრს [საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი] ურიცხავდა თანხას.

მეორე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით იკვეთება პირველი პრინციპის დარღვევის ფაქტი. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერავითარი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შსს-ს მიერ შეძენილი FORD-ის მარკის ავტომობილების უმეტესობა მწყობრიდან იყო გამოსული. სიუჟეტიდან ჩანს, რომ ჟურნალისტს ამ ინფორმაციას აწვდის რესპონდენტი და თავად ჟურნალისტიც ახსენებს ამ გარემოებას. ამასთან, სიუჟეტში ნაჩვენები იყო თუ რა ძვირი დაუჯდა სამინისტროს FORD - ის მარკის ავტომობილების შეძენა, აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, ნამდვილად იყო თუ არა ექსპლუატაციისათვის ვარგისი FORD - ის ავტომობილები.

როგორც საბჭოსათვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსთავი 2 - ის წარმომადგენელს თეო გილიგაშვილს შორის შედგა კომუნიკაცია. საბჭო დაუკავშირდა თეო გილიგაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ შსს-მ მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ FORD-ის მარკის ავტომობილების უმეტესობა მწყობრიდან არ იყო გამოსული, მიუხედავად ამისა სიუჟეტი გავიდა მხოლოდ ერთი წყაროს მიერ მოწოდებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

შენიშვნა: იმ სიუჟეტის მიმართ, რომელშიც საბჭოს მიერ დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, პასუხისმგებელ პირებად განსაზღვრული იყო წამყვანი - ნოდარ მელაძე და სიუჟეტის ავტორი თამარ ბაღაშვილი.

ქარტიის მესამე პირნციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”. განმცხადებელმა ვერ მიუთითა, კონკრეტულად რა ინფორმაციის მიჩქმალვა ან გაყალბება მოხდა სადავო სიუჟეტებში, საბჭომ საკუთარი შეფასებების შედეგად ვერ დაადგინა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევის ფაქტი.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“ როგორც ქარტიის პირველი პრინციპის მიმართ მსჯელობისას დადგინდა, არასწორი ინფორმაცია იყო თითქოს შსს-ს მიერ შეძენილი FORD-ის მარკის ავტომობილების უმეტესობა მწყობრიდან იყო გამოსული. ამასთან განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ იგი დაუკავშირდა ჟურნალისტს და მოსთხოვა შესწორება, შესაბამისად არ დგინდება ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:
  1. ნოდარ მელაძემ და თამარ ბაღაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნოდარ მელაძეს და თამარ ბაღაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მესამე და მეხუთე პრინციპი.
  3. ქეთი ნადიბაიძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპი.