გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - როზეტა რაფავა რუსთავი 2-ის, იმედის, აქცენტისა და პალიტრანიუსის ჟურნალისტების წინააღმდეგ
14.11.2017

განმცხადებელი : როზეტა რაფავა;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება

საქმეზე N 152, 153, 155 და 156

02 ნოემბერი 2017 წელი

როზეტა რაფავა ეკო მაღრაძის, სოფო ოხანაშვილის, ეკა ცანავას და PalitraNews-ის არაიდენტიფიცირებული პასუხისმგებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, გერონტი ყალიჩავა, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: როზეტა რაფავა

მოპასუხე: ეკო მაღრაძე, სოფო ოხანაშვილი, ეკა ცანავა და PalitraNews-ის არაიდენტიფიცირებული პასუხისმგებელი ჟურნალისტი

 აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა როზეტა რაფავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის მე-8 პრინციპი დაირღვა:
  1. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „კურიერის“, 22 აგვისტოს 15:00 საათიან გამოშვებაში გასულ სიუჟეტში - პასუხისმგებელი პირი სიუჟეტის ავტორი ეკო მაღრაძე.
  2. ტელეკომპანია იმედის გადაცემა „ქრონიკის“, 22 აგვისტოს 22:00 საათიან გამოშვებაში გასული სიუჟეტში - პასუხისმგებელი პირი სიუჟეტის ავტორი სოფო ოხანაშვილი.
  3. ვებპორტალ accent.com.ge-ზე განთავსებულ სტატიაში - პასუხისმგებელი პირი რედაქტორი ეკა ცანავა.
  4. ვებპორტალ palitranews.ge-ზე განთავსებულ ვიდეო სიუჟეტში - კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

საქმის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. სადავო ჟურნალისტური პროდუქტები ეხებოდა თბილისის ერთ - ერთ საჯარო სკოლის მოსწავლეების გამგზავრებას რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, სადაც რუსული ენის გასაუმჯობესებლად მონაწილეობა მიიღეს „არტეკის“ საერთაშორისო ბანაკში.

2. ოთხივე ჟურნალისტურ პროდუქტში შესაძლებელი იყო არასრულწლოვანთა იდენტიფირება, კერძოდ, რუსთავი 2 -ზე გასულ ვიდეო სიუჟეტეში გამოყენებული იყო არასრულწლოვანთა ფოტო და დასახელებული იყო სკოლა, აღნიშნულის გარდა ტელეკომპანია იმედის სიუჟეტში ასევე გაჟღერდა არასრულწლოვანთა სახელები და გვარები, accent.com.ge-ზე განთავსებულ სტატიაში დასახელებული იყო სკოლა, არასრულწლოვანთა სახელები და გვარები, ხოლო palitranews.ge-ზე განთავსებულ ვიდეო სიუჟეტში - გამოყენებული იყო არასრულწლოვანთა ფოტო.

საქმის განხილვის თავისებურებანი:
  • ვინაიდან ყველა სადავო სტატიაში ფაქტობრივი გარემოებები იყო ერთი და იგივე, მათ მიმართ მიღებული იქნა ერთი, შემაჯემებელი გადაწყვეტილება.
  • სადავო სტატიებზე არ იყო აღნიშნული ავტორი ჟურნალისტი, ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“ და ამასთან ის მედია საშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა სადავო ჟურნალისტური პროდუქტი.

სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-8 პრინციპის მიხედვით: “ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება გამოიყენოს”.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებისათვის წინასწარ განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეების გამგზავრება ოკუპანტი და მტრული სახელმწიფოს ორგანიზებით გამართულ ბანაკში ცალსახად უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა საზოგადოებაში, მით უფრო, რომ ეს ბანაკი განთავსებული იყო ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი როგორც მოქალაქეობრივი, ისე სამართლებრივი პოზიციიდან გამომდინარე შესაძლოა გამხდარიყო კრიტიკის და გაკიცხვის საგანი და სწორედ ამ ნეგატიური შედეგებისაგან უნდა დაეცვა ჟურნალისტს არასრულწლოვნები. მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანზე განსაკუთრებული ზრუნვის ვალდებულება გამომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ მოზარდი ვერ აცნობიერებს იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც მის ქმედებას შეიძლება მოჰყვეს და ხშირად არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არა მისი თავისუფალი და გააზრებული ნების, არამედ სხვა პირთა მითითების ან ზემოქმედების შედეგია.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ თავად ამბავი იყო საზოგადოების ინტერესის საგანი, მაგრამ არ არსებობდა საჯარო ინტერესი თუ კონკრეტულად რომელი არასრულწლოვანი წავიდა ბანაკში. მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ფაქტი, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ ანექსირებულ ტერიტორიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ პროდუქტებში არასრულწლოვანთა იდენტიფიცირებით დაირღვა მათი ინტერესები, უშუალოდ მოზარდები გახდნენ კრიტიკის საგანი, ამას ადასტურებს განმცხადებლის მიერ მოწოდებული მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ ისეთ ნეგატიურ კომენტარებს სოციალურ ქსელში როგორიც არის მოღალატეებად მოხსენიება, გინება და ა.შ., რომლებიც მიმართული იყო კონკრეტული, იდენტიციფირებული არასრულწლოვნების მისამართით. ჟურნალისტი ვალდებული იყო დაეცვა მოზარდთა ინტერესები და არ მოეხდინა მათი იდენტიფიცირება, მით უფრო, რომ ასეთ იდენტიფიცირებას არ ჰქონდა გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობა ამბის გაშუქებისას.

შენიშვნა: განცხადების განხილვის შემდეგ ვებ პორტალიდან accent.com.ge ჩაიხსნა არასრულწლოვანთა მაიდენტიფირებელი სტატია. საბჭო აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმ ინფორმაციის დარედაქტირება, რომლითაც ხდებოდა მოზარდთა იდენტიფირება საკმარისი იქნებოდა ეთიკური მოვალეობის შესასრულებლად, მაგრამ ზოგადად ქარტიის საბჭო მიესალმება მოპასუხის ამგვარ ქმედებას, როგორც ეთიკური ჟურნალისტიკის თანმდევი პასუხისმგებლობის გათვიცნობიერებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ეკო მაღრაძის, სოფო ოხანაშვილის, ეკა ცანავას და PalitraNews-ის არაიდენტიფიცირებული პასუხისმგებელი ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი.

საქმის მასალები: