19.11.2017
გადაწყვეტილება საქმეზე N 17017 ნოემბერი 2017 წელი
ელისო ჯანაშია დავით
კაკულიას და ნოდარ მელაძე წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, გერონტი ყალიჩავა, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, თეა ზიბზიბაძე, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე.
განმცხადებელი: ელისო ჯანაშია
მოპასუხე: დავით კაკულია და ნოდარ მელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ელისო ჯანაშიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, 06 ოქტომბერს, გადაცემა კურიერში გასულ სიუჟეტში დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი [პლაგიატი]. განმცხადებელის აზრით დარღვევა გამოიწვია აღნიშნული მედიასაშუალების მიერ წყაროს მითითების გარეშე იმ ვიდეო კადრების გამოყენებამ, რომელიც გადაღებული იყო ინტერნეტ გამოცემა TSpress-ის მიერ. მოპასუხე პირებად განისაზღვრნენ სიუჟეტის ავტორი დავით კაკულია, ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2 - ის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი - ნოდარ მელაძე.
საქმის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- “რუსთავი 2-ის” ეთერში, 06 ოქტომბერს, გადაცემა „კურიერში” გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა ფოთის მერობის კანდიდატ გოჩა კურდღელიას შეხვედრებს ამომრჩევლებთან, გამოყენებული იყო ინტერნეტგამოცემა TSpress-ის მიერ 19 სექტემბერს და 02 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეო კადრები ისე, რომ პირველწყარო მითითებული არ იყო .
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: პლაგიატი“. დადგენილია ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სადავო სიუჟეტში არ იყო მითითებული ვიდეო კადრების პირველწყარო. მოპასუხე ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ეს ფაქტი ტექნიკური საკითხით ახსნა, კერძოდ სოციალურ ქსელ FACEBOO- ში კომენტარის სახით აღნიშნა - „თქვენ ვებ გვერდზე [იგულისხმება ინტერნეტგამოცემა TSpress] ვიდეომასლის განთავსება ხდება ფორმატით 16/9 ჩვენი სამაუწყებლო ფორმატია 4/3 და შესაბამისად კონვერტაციის დროს მოიჭრა როგორც მარჯვენა ველი, იქ სადაც ლოგო იყო განთავსებული, ასევე მარცხენა მხარეც“.
საბჭო მიიჩნევს, რომ მსგავსი სახით ტექნიკური შეუთავსებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, რის საფუძველზეც მედია საშუალებამ შესაძლოა არ მიუთითოს გამოყენებული მასალის პირველწყარო. თუ ვერ ხერხდებოდა ვიდეოს განთავსება Tspress-ის ლოგოს გამოსახულებით, სიუჟეტის მიმდინარეობისას შესაძლებელი იყო ჟურნალისტს საკუთარ ტექსტში აღენიშნა, რომ მათ მიერ გამოყენებული და გავრცელებული ვიდეო კადრები ეკუთვნოდა ინტერნეტგამოცემა Tspress-ს ან ტიტრის სახით მითითებულიყო ინფორმაცია პირველწყაროს შესახებ. პლაგიატი აქტუალური პრობლემაა მედიაში, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევიან ვიდეო, აუდიო თუ ტექსტური მასალის მარტივად კოპირების ან/და ჩამოტვირთვის და გამოყენების საშუალებას, შესაბამისად ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პლაგიატის თავიდან აცილებას.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. დავით კაკულიამ და ნოდარ მელაძემ დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი პლაგიატის ნაწილში.
საქმის მასალები: