06.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს სხდომის ოქმი N2017-6
დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოხატული ნების საფუძველზე 2017 წლის 6 დეკემბერს შედგა წინამდებარე საბჭოს სხდომის ოქმი.
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, გერონტი ყალიჩავა, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი
- ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 175 ] მომართა ნიკა გურინმა.
- სადავო ჟურნალისტური პროდუქტი: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის 2017 წლის 04 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვება „მთავარში“ 21:08 წუთზე, ქეთევან კაცაძის ავტორობით გასული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვნის დაკავების ფაქტს. მასალაში იდენტიფიცირებული იყო ბრალდებული არასრულწლოვანი - ჩანდა მისი სახე.
- განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მე-2 მუხლში მითითებული გარემოების გამო დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი და ქარტიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები კრიმინალის გაშუქების შესახებ, რომელთა თანახმად [იგულისხმება ქარტიის მე-8 პრინციპთან დაკავშირებული პრაქტიკაც] ჟურნალისტმა უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებით და თავიდან აიცილოს დანაშაულში ბრალდებული მოზარდის იდენტიფიცირება.
- ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ „მაიდენტიფიცირებელი კადრი რეპორტაჟში მიზანმიმართულად არ გასულა, ხოლო შეცდომა დაუდევრობამ გამოიწვია. რედაქცია გრძნობს პასუხისმგებლობას და მაუწყებელი ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო. ინტერნეტ სივრციდან ამოღებულია გადაცემის ფბ ლაივი. წაშლილია მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებული ვიდეო. კადრების გაშუქებისას, ჟურნალისტმა დააღვია არასრულწლოვნის დაცვის პრინციპი“.
- წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლში მითითებული გარემოება დამაკმაყოფილებელია განმცხადებლისათვის. შესაბამისად, მხარეებს შორის შედგა და დამტკიცდა მედიაცია.