გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გოჩა ჩხაიძე მაკა დეკანოსიძის წინააღმდეგ
12.12.2017

განმცხადებელი : გოჩა ჩხაიძე;
მოპასუხე : მაკა დეკანოსიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 165

2017 წელი

გოჩა ჩხაიძე მაკა დეკანოსიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, გერონტი ყალიჩავა, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, თეა ზიბზიბაძე, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: გოჩა ჩხაიძე

მოპასუხე: მაკა დეკანოსიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გოჩა ჩხაიძემ, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გაზეთ „ალიას“ 2017 წლის N 36 [4216] ნომერში [11 – 17 სექტემბერი] გამოქვეყნებულ სტატიაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სადავო სტატიის სათაური: „ისევ ღორობა და გაუმაძღრობა“, სტატიის ავტორი: მაკა დეკანოსიძე. სტატია ეხებოდა ირმა ნიორაძის მონაწილეობით 2017 წლის 09 აგვისტოს გამართულ კონცერტს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე, რომლის ორგანიზებაც სახელმწიფომ შეისყიდა შპს „ვივა კლასიკასიგან“, განმცხადებელი აღნიშნული კომპანიის დირექტორია.

საქმის განხილვის თავისებურება

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით (სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, online ვიდეო და აუდიო ზარები“.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ლი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სტატიაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და გადაუმოწმებელია, რის შედეგადაც ირღვევა ქარტიის პირველი პრინციპი. კერძოდ სტატიაში მტკიცებით ფორმაში აღნიშნულია, რომ კონცერტის ჩატარებით „ისევე როგორც არა ერთ შემთხვევაში ამჯერადაც კანონი დაირღვა“. ასევე მტკიცებით ფორმაში მითითებულია, რომ „კორუფციის და გაფლანგვის დამადასტურებელი დოკუმენტები „ალიას“ საზოგადოებრივმა მოძრაობა „შეაჩერე კორუფციამ“ მიაწოდა“. განმცხადებელი ასევე აპელირებდა, რომ კონცერტის ორგანიზატორმა, შპს „ვივა კლასიკამ“ არა თუ რამე სარგებელი მიიღო კონცერტის ორგანიზებით, არამედ საკუთარის სახსრები დახარჯა, კერძოდ კომპანიამ სახელმწიფოსაგან მიიღო 115 000 ევროს ექვივალენტი ლარი, ხოლო კონცერტის ორგანიზებისათვის შპს „ვივა კლასიკამ“ გაიღო მეტი - 129 835 ევრო.

რა თქმა უნდა, საბჭოს არ შეუძლია გადაამოწმოს თუ რეალურად რამდენი დაიხარჯა კონცერტის ორგანიზებისათვის, მაგრამ თავის მხრივ საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში მითითებული ინფორმაცია და ფაქტები გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელია. სტატიაში აღნიშნულია რომ შპს „ვივა კლასიკას“ მიერ კონცერტის ორგანიზებით დაირღვა კანონი და ადგილი ჰქონდა კორუფციას, ამასთან მითითებული არ არის თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა კანონდარღვევა ან კორუფცია. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებები საკმაოდ მძიმეა, სტატია არ შეიცავს არც „ბლექ სი არენის“ და არც „ვივა კლასიკას“ წარმომადგენლის კომენტარებს და განმარტებებს, მეტიც, არც ჟურნალისტის მცდელობა ჩანს, რომ მან ყველა ღონე იხმარა ზუსტი და ყველა მხარის პოზიციის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისათვის. მაგალითისათვის ასევე შეიძლება მოვიყვანოთ ნაწყვეტი რესპონდენტის ინფორმაციიდან, რომ: „ეს 115 000 არ იკმარეს და თავის ახლობელ კომპანიებს სარესტორნო ხარჯებისათვის მისცეს კიდევ 21 000 კიდევ დამატებით“. აღნიშნული გარემოებაც არ გადამოწმებულა ჟურნალისტის მიერ, ვისი ახლობელი კომპანიები იგულისხმება ან რა საფუძვლით ხდება 21 000 ზე აპელირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს მიიჩნევს, რომ სადავო სტატიაში მითითებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელია, შესაბამისად ადგილი აქვს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მაკა დეკანოსიძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.