გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნიკა გურინი ანი კიკნაძის, ვასილ დაბრუნდაშვილის და ნოდარ მელაძის წინააღმდეგ
07.01.2018

განმცხადებელი : ნიკა გურინი;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება

08 დეკემბერი, 2017 წელი

საქმეებზე N 174, N 176, N 177 

ნიკა გურინი ანი კიკნაძის, ვასილ დაბრუნდაშვილის და ნოდარ მელაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თამუნა უჩიძე, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მამულაშვილი, თეა ზიბზიბაძე, ნინო ჯაფიაშვილი, გერონტი ყალიჩავა.

განმცხადებელი: ნიკა გურინი მოპასუხე: ანი კიკნაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი და ნოდარ მელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა ნიკა გურინმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი შემდეგ მასალებში:
  1. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის 2017 წლის 04 დეკემბრის 18:00 საათიან „კურიერში“ გასულ სიუჟეტში - პასუხისმგებელი პირი საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
  2. ტელეკომპანია „იმედის“ 2017 წლის 04 დეკემბრის 04 დეკემბრის 20:00 საათიან „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტში - პასუხისმგებელი პირი სიუჟეტის ავტორი ვასილ დაბრუნდაშვილი.
  3. ტელეკომპანია „ობიექტივის“ 2017 წლის 04 დეკემბრის 19:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში - პასუხისმგებელი პირი რედაქტორი ანი კიკნაძე. სამივე სადავო მასალა ეხებოდა ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვნის დაკავებას. პასუხისმგებელ ჟურნალისტებს საპასუხო პოზიციები არ წარმოუდგენიათ.

საქმის განხილვის თავისებურებანი:
  • გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით (სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, online ვიდეო და აუდიო ზარები“.
  • ვინაიდან ყველა სადავო სიუჟეტში ფაქტობრივი გარემოებები იყო ერთი და იგივე, მათ მიმართ მიღებული იქნა ერთი, შემაჯემებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, სადავო სიუჟეტები ეხებოდა ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვნის დაკავებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სამივე სადავო სიუჟეტში იდენტიფიცირებული იყო მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, კერძოდ „რუსთავი 2-ის“ და „ობიექტივის“ შემთხვევაში ნაჩვენები იყო მისი სახე, ხოლო „იმედის“ შემთხვევაში მართალია დაფარეს სახე, მაგრამ დაასახელეს სახელი და გვარი.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სამივე შემთხვევაში დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი, სადავო სიუჟეტებში არ იყო დაცული არასრულწლოვანის ინტერესები, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირი იყო ბრალდებული და არ იყო დამტკიცებული უშულოდ მან ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ასევე აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანის, როგორც შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიერ განხორციელებული ქმედებების გაშუქება, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და ჟურნალისტის მიერ ეთიკური ვალდებულებების დაცვას. ჟურნალისტს ასეთ შემთხვევაში ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ შეაფასოს მის მიერ არასრულწლოვანის იდენტიფიცირება, მით უფრო ნეგატიურ კონტექსტში, რამდენად ზიანის მომტანი იქნება მისთვის მომავალში და ხომ არ გამოიწვევს უარყოფით შედეგებს.

არასრულწლოვანის იდენტიფიცირებით, მით უმეტეს, რომ ჯერ არ არის დადგენილი ნამდვილად მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ცალსახაა, რომ იგი გახდა კიდევ უფრო მეტი აგრესიის და მომეტებული საფრთხის ობიექტი. ამასთან აღსანიშნავია, რომ თუ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდა, ის ნეგატიური შედეგები, რომელიც არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას მოჰყვა, გამოუსწორებელი იქნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქარტიის მიერ შემუშავებული „კრიმინალის გაშუქება – სახელმძღვანელო წესები“, რომლის 2.3 პუნქტის თანახმად „დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება“. მსგავსს მიდგომას იზიარებს ყველა საერთაშორისო წესი და რეგულაცია, რომელიც ეხება ეთიკური პრინციპების დაცვას არასრულწლოვანის გაშუქებასთან დაკავშირებით.

 სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნოდარ მელაძემ, ვასილ დაბრუნდაშვილმა და ანი კიკნაძემ დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი.