გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - რუსუდან ბოლქვაძე შოთა ფალავანდიშვილის წინააღმდეგ
01.02.2018

განმცხადებელი : რუსუდან ბოლქვაძე;
მოპასუხე : შოთა ფალავანდიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 6 პრინციპი;
გადაწყვეტილება

22 დეკემბერი, 2017 წელი

საქმეზე N 164
რუსუდან ბოლქვაძე შოთა ფალავანდიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: თამუნა უჩიძე, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი: რუსუდან ბოლქვაძე

მოპასუხე: შოთა ფალავანდიშვილი

აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა რუსუდან ბოლქვაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო გამოშვებაში, 2017 წლის 5 სექტემბერს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-4 და მე-6 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი. სიუჟეტი ეხებოდა თუმანიშვილის თეატრში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქეთი დოლიძის გათავისუფლებლებას, სიუჟეტი ასევე შეიცავდა ინტერვიუს განმცხადებელთან.

განცხადების განხილვას დაესწო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე შოთა ფალავანდიშვილი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. განმცხადებელი პირველ პრინცპს დარღვეულად მიიჩნევდა სიუჟეტში გაჟღერებული შემდეგი ფრაზის საფუძველზე: "თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობს [იგულისხმება „განმცხადებელი“]", რუსუდან ბოლქვაძემ მიუთითა, რომ იგი დაარსების დღიდან არ მოღვაწეობს თეატრში და დაარსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეურთდა დასს. საბჭო მიიჩნევს რომ აღნიშნულ შემთხვევაში ინფორმაცია არ იყო არსებითად არაზუსტი. ფრაზით „თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობს“ ჟურნალისტს უნდოდა ხაზი გაესვა რუსუდან ბოლქვაძის მჭიდრო კავშირს თეატრთან, დასთან, ისტორიასთან და განვითარებულ მოვლენებთან.

იმის გასათვალისწინებელი რომ: 1] თეატრი ფუნქციონირებს რამდენიმე ათწლეულის მანძილზე 2] რუსუდან ბოლქვაძე დაარსებიდან რამდენიმე წელში შეუერთდა თეატრს 3] ჟურნალისტი ცდილობდა ეჩვენებინა რუსუდან ბოლქვაძის და თეატრის მჭიდრო კავშირი, არსებითად არასწორი არ იყო იმის აღნიშვნა, რომ რუსუდან ბოლქვაძე "თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობს“.

ქარტიის მე-4 და მე-6 პრინციპებს განმცხადებელი დარღვეულად თვლიდა შემდეგი გარემოებების საფუძველზე: სადავო სიუჟეტში ისმოდა რუსუდან ბოლქვაძესთან სატელეფონო საუბარი, სადაც ის საუბრობდა როგორც თეატრში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე მის პირად უარყოფით დამოკიდებულებაზე ქეთი დოლიძის მიმართ. რუსუდან ბოლქვაძის თქმით, თავდაპირველად ჟურნალისტს უარი უთხრა ინტერვიუზე, რადგან არ სურდა, რომ მისი პოზიცია გასაჯაროებულიყო, თუმცა დათანხმდა ინფორმაციის კონფიდენციალურად მიწოდებაზე, რაზეც ჟურნალისტის დასტური მიიღო. განმცხადებელმა აღნიშნა რომ „[ჟურნალისტმა] გამომიწვია გულახდილ საუბარზე და არ გამაფრთხილა, რომ სატელეფონო საუბარს გამოიყენებდა სიუჟეტში“. შეთანხმების მიუხედავად რუსუდან ბოლქვაძის შეფასებები, პოზიცია და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გასაჯაროვდა და სატელეფონო საუბარი ეთერში გავიდა. აღნიშნულ შემთხვევაში საბჭო ვალდებული იყო შეეფასებინა, რუსუდან ბოლქვაძის პოზიციის უგულვებელყოფით დაირღვა მე-4 თუ მე-6 პრინციპი.

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

მე - 6 პრინციპი: „ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო“.

ფაქტია, რომ რუსუდან ბოლქვაძემ ინფომაცია ჟურნალისტს მიწოდა საკუთარი ნებით, მასზე არ მომხდარა ზეწოლა ან სხვა რაიმე არა კეთილისნდისიერი გზით ზემოქმედება ინფორმაციის მიღების გზით, შესაბამისად გამოირიცხება ქარტიის მე-4 პრინციპის დარღვევა. ამის საპირწონედ ცალსახაა რომ რუსუდან ბოლქვაძემ მიუთითა ჟურნალისტს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/შეფასებები არ უნდა გასაჯაროებულიყო, ანუ რუსუდან ბოლქვაძემ თავი აღიქვა კონფიდენციალურ წყაროდ და კონფიდენციალურობის დაცვა მოსთხოვა ჟურნალისტსაც. აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტმა არ დაიცვა წყაროს კონფიდენციალურობა და საჯარო გახადა მისი პოზიცია/შეფასებები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ დაირღვა ქარტიის მე-6 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. შოთა ფალავანდიშვილმა დაარღვია ქარტიის მე-6 პრინციპი.
  2. შოთა ფალავანდიშვილს არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი და მე-4 პრინციპი.