გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - WISG მაკა რაზმაძის წინააღმდეგ
02.02.2018

განმცხადებელი : ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჭგუფი;
მოპასუხე : მაკა რაზმაძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

22 დეკემბერი 2017 წელი

საქმეზე N 167
ააიპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მაკა რაზმაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე:
გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: ააიპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“

მოპასუხე: მაკა რაზმაძე

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია “იბერიის“ ეთერში გადაცემა „პრიორიტეტში“ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი მაკა რაზმაძე. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემაში რესპონდენტმა დავით ახრახაძემ, თქვა შემდეგი ფრაზა: „ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ“. გადაცემის წამყვანის მაკა რაზმაძის მხრიდან რესპონდენტის ფრაზას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება.

საქმის განხილვის თავისებურება:

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ, ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. ქარტიის საბჭომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია მე-7 პრინციპი. დადგენილი ფაქტია, რომ პირდაპირ ეთერში რესპონდენტმა დავით ახრახაძემ გამოიყენა შემდეგი ფრაზა: „ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ“. თავად ეს ფრაზა დისკრიმინაციულია, ტერმინი „პიდარასტები“ გამოიყენება ჰომოფობიური ჩაგვრის მიზნით, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტ ადამიანების მიმართ. ამის პარალელურად წამყვანს, მაკა რაზმაძეს არ ჰქონდა არავითარი რეაქცია რესპონდენტის მიერ დისკრიმინაციული ტერმინის გამოყენებისას. არ გამიჯვნია და არ უჩვენებია აუდიტორიისათვის, რომ არ იზიარებს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო. როგორც საბჭო თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, მეშვიდე პრინციპი ჟურნალისტს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას - არა მხოლოდ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციული განცხადებების და ზოგადად დისკრიმინაციის წყარო, არამედ ყველა ღონე უნდა იხმაროს სხვა პირთა დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხოლო თუ განცხადება კეთდება პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტმა მაშინვე ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მაკა რაზმაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის მასალები