გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ბაჩო ნადირაძე გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ
03.02.2018

განმცხადებელი : ბაჩო ნადირაძე;
მოპასუხე : გიორგი გაბუნია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება

18 იანვარი, 2018 წელი

საქმეზე N 182

ბაჩო ნადირაძე გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, თამუნა უჩიძე, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: ბაჩო ნადირაძე.

მოპასუხე: გიორგი გაბუნია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბაჩო ნადირაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 24 დეკემბერს, გადაცემა კურიერი P.S. ში გაკეთებული განცხადებით, რომელიც ეხებოდა ქალაქ თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას, წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურება:
გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ,  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“ . განმცხადებელი ქარტიის მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა გიორგი გაბუნიას შემდეგ ტექსტში: „სამი წლის განმავლობაში სამი ხე დარგე და ისიც გახმა. დავით ნარმანია ისტორიაში რაიმე სახით საერთოდ თუ მოხვდება, ისიც მხოლოდ ახალგაზრდა აქტივისთვისთვის მიძახებული „ვირიშვილო მაიმუნოს“ დამსახურება იქნება“. განმცხადებლის შეფასებით დამცინავი საუბრით გიორგი გაბუნია ცდილობდა დისკრიმინაციის წახალისებას, მასალაში ჩანდა უარყოფითი დამოკიდებულება ჟურნალისტის მხრიდან, ცინიკური ირონიული ტექსტით.

ქარტიის საბჭო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია. თავის მხრივ ქარტიის მე-7 პრინციპი ეხება დისკრიმინაციას და არა დისკრედიტაციას. აღნიშნულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წამყვანის მხრიდან არის ირონიული ტონი და შესაძლებელია ეს დისკრედიტაციად შეფასდეს, მაგრამ იმისათვის, რომ დადგინდეს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევა, სახეზე უნდა იყოს დისკრიმინაცია, რაც გულისხმობს რაიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ნეგატიურ, დამამცირებელ დამოკიდებულებას. დისკრიმინაციად ასევე ჩაითვლება სტიგმატიზაცია ან სტიგმის გაძლიერება. შედარების მიზნით ქარტიის საბჭო მითითებას აკეთებს თავის გადაწყვეტილებაზე თბილისის მერი გიორგი გაბუნიას და მაია ლომიძის წინააღმდეგ, სადაც სწორედ გიორგი გაბუნიას მიმართ დადგინდა დისკრიმინაცია, კერძოდ მან წარმომავლობის ნიშნით, უარყოფითად წარმოაჩინა დავით ნარმანია - „ალბათ დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე.“ ამ შემთხვევაში დამამცირებელი დამოკიდებულება მიმართული იყო არა მხოლოდ დავით ნარმანიას, არამედ ზოგადად სოფლად მაცხოვრებელი პირების მიმართ. სწორედ დისკრიმინაციის/სტიგმის გამომწვევი ნიშანი ვერ მოიძებნა საბჭოს მიერ წინამდებარე განცხადების განხილვის დროს, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის მასალები: